პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გადადო ასია ბიბის საჩივრის საბოლოო მოსმენა

0 124

გუშინ, 13 ოქტომბერს დადასტურდა, რომ პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გადადო ხუთი შვილის დედის, ქრისტიანი ქალბატონის ასია ბიბის საჩივრის საბოლოო მოსმენა, რომელსაც სიკვდილი ემუქრება თავისი ქრისტიანული რწმენისათვის.

კანონისა და სამართლის ამერიკული ცენტრის საერთაშორისო ფილიალის კანონისა და სამართლის ევროპული ცენტრის პაკისტანის ოფისის წარმომადგენლები სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ 13 ოქტომბერს დილით. ისინი იუწყებიან:

დღეს სასამართლომ არ განიხილა ასია ბიბის საქმე. ერთ-ერთი მოსამართლე იქბალ ჰამიდ-ურ-რეჰმანი საქმეს ჩამოაშორეს, რადგან ის გახლდათ ისლამაბადის უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე, როცა სასამართლომ დამნაშავედ სცნო მუმთაზ ქადრი, პენჯაბის გუბერნატორის სულემან ტაზერის მკვლელი. ორივე საქმე ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან პენჯაბის გუბერნატორი მოკლეს იმის გამო, რომ ასია ბიბის უჭერდა მხარს.

სასამართლო დარბაზი სავსე იყო ასია ბიბის მხარდამჭერებითა და მოწინააღმდეგეებით, ხოლო პაკისტანისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები სასამართლოს გარეთ იმყოფებოდნენ.

პირველად ასიას საქმე უნდა განხილულიყო, თუმცა მთავარმა მოსამართლემ უარი თქვა საქმის მოსმენაზე იმ მიზეზით, რომ მოსამართლე იქბალ ჰამიდ-ურ-რეჰმანი ისლამაბადის უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე იყო მაშინ, როცა სასამართლომ სასიკვდილო სასჯელი გამოუტანა მუმთაზ ქადრის და დასძინა, რომ ეს საქმისადმი მიკერძოებულ მიდგომას გამოიწვევდა.

ასია ბიბის საქმე გაეგზავნება პაკისტანის მთავარ მოსამართლეს, რათა მან პაკისტანის უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეს მიანდოს ამ საქმის განხილვა. თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ასია ბიბის დამცველმა საიფ-ულ-მალუკმა მედიას განუცხადა, რომ ახალი ამბების გამოშვებაში მოისმინა ლაალ ჰაჯიდის (ისლამაბადის წითელი მეჩეთის) ფანატიკოსი მუსლიმების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ასია ბიბის მხარდამჭერებიც ღვთისგმობაში დამნაშავეებად იქნებოდნენ მიჩნეულნი. ადვოკატმა პაკისტანის მთავრობას მოსთხოვა გაეთვალისწინებინა ეს მუქარა და მისთვის დაცვა დაენიშნა.

ჩატვირთვა...