რით უნდა განსხვავდებოდნენ ქრისტიანები სხვებისგან? (ქრისტიანული ოჯახი)

0 156

კითხვაზე თუ რით უნდა განსხვავდებოდნენ ქრისტიანები სხვებისგან უნდა ვუპასუხოთ შემდეგნაირად: სიყვარულით, იმიტომ, რომ სიყვარული ღმერთის არსია, ქრისტიანები კი ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც მასთან ახლო ურთიერთობები აქვთ.

სიყვარული არა მხოლოდ უნდა არსებობდეს მორწმუნე ცოლ–ქმარს შორის,  არამედ გამუდმებით უნდა იზრდებოდეს და ავსებდეს მათი ცხოვრების ყოველ მომენტს.

ასეთი ურთიერთობების სულიერ არსზე და აგრეთვე მისიაზე, რომელიც ღმერთმა ოჯახს დააკისრა,  საუბრობს ეკლესია “პურის სახლის” ხუცესი ალექსანდრე შევჩენკო.

– ხუცესო ალექსანდრე, საერთოდ  რისთვისაა საჭირო ოჯახი?

–ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთი არასოდეს  აკეთებს რამეს მოუფიქრებლად. ის გამუდმებით მიზნიდან და ამა თუ იმ მოქმედების აუცილებლობიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს ჩემი ბიჭუნა აკეთებს რამეს პლასტელინიდან და შემდეგ უყურებს და ვარაუდობს რას შეიძლება ჩამოჰგავდეს მისი შემოქმედება და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ღმერთი არასოდეს არ იქცევა ასე. მას არ შეუქმნია ადამი იმაზე მკაფიო წარმოდგენის გარეშე, თუ რა მოუვიდოდა მას, რა იქნებოდა მისი საზრუნავი. ღმერთს გააჩნდა ადამის ცხოვრებაზე დეტალური გეგმა, ისევე როგორც გააჩნია თითოეული ჩვენგანისათვის დღეს.

ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, არის შეთავსება (შეხამება)ორი საწყისისა – ქალურისა და მამაკაცურისა, ორი ხასიათისა, რომელიც პოულობენ ერთმანეთს სიყვარულის საფუძველზე – არა უბრალოდ სიმპატიისა, არამედ ძლიერი გრძნობებისეული ლტოლვით ერთმანეთისაკენ. ოჯახის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიიღონ და გადასცენ ერთმანეთს ღმერთისმიერი სიყვარული. მარტოობაში ადამიანს არ სძალუძს ამის გაკეთება, მას აუცილებლად სჭირდება ობიექტი, რომელზეც შეძლებს თავისი გრძნობების გადმოღვრას. ქმრისთვის ასეთი ობიექტი ცოლია, რომელზეც მას შეუძლია იზრუნოს, ცოლისთვის ეს შვილებია, მისი განძი, ღვთიური სიყვარულის ნაყოფი, არა მშვინვიერი და ხორციელი, არამედ ღვთიური. ღვთის ჩანაფიქრი ოჯახზე სრულყოფილია: ოჯახის ყოველი წევრი ამოქმედებულია ურთიერთგაცვლის პროცესში, ყოველი მათგანი ნეტარი და ბედნიერია, იმიტომ, რომ ჩართულია ამ სულიერ პროცესში.

მაგრამ ედემის ბაღში ყოფნისას ადამი არაფრის უკმარისობას არ განიცდიდა და ღებულობდა ღვთის სიყვარულს. რას გულისხმობდა უფალი, როდესაც თქვა მასზე: „არაა კარგი ადამიანის მარტოობა?“.

–ღმერთმა ქმნიდა  ადამს, როგორც ნიჭიერი ოსტატი და ამ პროცესისგან სიამოვნებას ღებულობდა. ღმერთმა ის მიწის მტვრისგან შექმნა,  ნესტოებს შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა და დასვა ის ედემის ბაღში, რომელიც თავად გააშენა მისთვის. როგორც ახალშობილს ხვდებიან სახლში, სადაც ყველაფერი მზადაა მისთვის, საწოლიც, თეთრეულიც, სიჩუმეცაა, ისე ღმერთი ზრუნავდა ადამზე. უფალი მოხიბლული იყო თავისი ქმნილებით. ადამი ღვთიური ენერგიით იკვებებოდა, რადგან ის ღვთის სიყვარულის ერთადერთი ობიექტი იყო და ისიც უხვად ღებულობდა ამ ღვთაებრივ  სიყვარულს. და აქ მას პრობლემა შეექმნა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა უფალმა ადამის გულში წუხილი (მოწყენილობა)  და მიხვდა, რომ ის კარგად არ გრძნობდა თავს.

საქმე კი იმაშია, რომ რამდენადაც მეტად უყვართ ადამიანი, მით უფრო მეტად უნდა მას რომ თავადაც უყვარდეს. ადამიანს არ შეუძლია იყოს სიყვარულის პირველწყარო, მას შეუძლია მხოლოდ სანაცვლოდ უპასუხოს ღმერთის სიყვარულს. თავად ადამიანში სიყვარული არ არის, ის როგორც წყლის გამტარი არხია: თუ წყაროდან უშვებენ წყალს, მაშ არხშიც არის წყალი, თუ კი არ უშვებენ – წყალი არც არის. ადამი ღებულობდა ბევრ სიყვარულს, ის პასუხობდა ღმერთს სიყვარულითვე , მაგრამ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თავისი სიყვარულის ობიექტი. ქალის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ მამაკაცს ჰქონდა ბევრი სიყვარული, რომელიც უნდა გაცემულიყო. თავდაპირველად ქალი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღოს სიყვარული, გათხოვილი ქალის ყველაზე პირველი დანიშნულება სიყვარულის მიღებაა. ქალი სწორედ ამისთვისაა შექმნილი.

რით განსხვავდება ღვთის ადამიანისადმი სიყვარული ადამიანის ადამიანისადმი სიყვარულისგან?

–იერემიას წიგნში წინასწარმეტყველი ამბობს: „საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით“ (იერ.31:3).  რა ემართება ადმიანს, როდესაც ღმერთისგანა სეთი სიტყვები ესმის? ის პოულობს შინაგან დარწმუნებას იმაში, რომ ეს სიყვარული არასოდეს, არანაირ გარემოებებში, მისი არანაირი დაცემის შემთხვევაში არ შეწყდება. ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია იყოს უკუგდებული და გარიყული. ამას მოელოდა დაკარგული ძე როდესაც ბრუნდებოდა მამასთან სახლში, იმ იმედით რომ შეძლებდა მასთან რაიმე სახის სამუშაოს მიღებას.  მაგრამ როდესაც მამამისი გამოვარდა შვილის შესახვედრად, შვილი გაოცებული იყო. და ადამიანი გულში ასე ამბობს: „ამიერიდან არასოდეს მოიქცევი ასე, მე არ ვუღალატებ ამ სიყვარულს“.

სიყვარულში არ შეიძლება იყოს პირობები. სიყვარული ცალმხრივი მოძრაობაა. სიყვარული არ ელის საპასუხო გრძნობას. სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე იქნება თუ არა ორმხრივი გრძნობები. ადამიანური სიყვარული კი მხოლოდ ორმხრივ გრძნობებზეა დამოკიდებული. ეს სიყვარულიც კი არ არის, ეს უფრო სამართლიანობის თამაშს წააგავს: „გაეცი“ „მიიღე“–სთვის. ადამიანები აწონასწორებენ სასწორს. ეს არ არის სიყვარული. ღმერთი ხომ ბოროტი ადამიანებისადმიც კეთილია, ეს კი არაპრაქტიკულია, არარეალისტური, არალოგიკური. ღმერთმა თავისი სიყვარული ჩვენდამი დაამტკიცა იმით, რომ მოკვდა ჩვენთვის, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით. ეს კი პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ ელოდა ჩვენგან საპასუხოდ რამეს, მას უყვარდა ადამიანი მაშინაც, როდესაც ის მის ხორც ფლეთდა. მას მაინც უყვარდა ადამიანი. ადამიანს თავისთავად ეს არ ძალუძს.

სიყვარულის პრობლემა ის კი არ არის, რომ შენ ვინმეს უყვარდე. სიყვარულის პრობლემა ის არის, რომ შენ არ გყავს სიყვარულის ობიექტი.  შენ აუცილებლად გჭირდება, რომ ეს სიყვარული გააზიარო, რადგან შენ, როგორც სიყვარული, კვდები. სიყვარული არსებობს მანამ, სანამ არის ვიღაც, ვისაც შეგიძლია მისცე ეს სიყვარული. როდესაც ადამიანს უნდა, რომ ის უყვარდეს ვინმეს, ეს უკვე ეგოიზმის პრობლემაა.  სიყვარულის პრობლემა კი არის ის, როდესაც ადამიანი ეძებს სიყვარულის ობიექტს, მას, ვისაც შესძლებს მისცეს გრძნობათა სიჭარბე. ასეთი პრობლემის წინაშე დადგა ღმერთი და იპოვა გამოსავალი ადამიანის შექმნით.

ჩვეულებრივ, ითვლება, რომ სიყვარული უნდა იყოს ორმხრივი და ისმენ ხოლმე საუბრებს იმის შესახებ თუ ვის უფრო მეტად უყვარს წყვილში, ქალს თუ მამაკაცს. რამდენად შეესაბამება ასეთი მიდგომა წმინდა წერილს და საერთოდ როგორია ცოლის როლი ქრისტიანულ ოჯახში?

–რამდენადაც არ უნდა უყვარდეს გათხოვილ ქალს თავისი მეუღლე, რამდენადაც არ უნდა იზრუნოს მასზე და აამოს ის, ქმარი მაინც არ იქნება ბოლომდე კმაყოფილი. რადგან, არა მამაკაცია შექმნილი ქალისთვის, არამედ ქალი – მამაკაცისთვის: ეს უფლის გამოცხადებაა. ცოლი შექმნილია ქმრისთვის, რომ ქმარს შეეძლოს მისი სიყვარული. უბრალოდ ფსიქოლოგიურადაც კი ასეა, რომ ქალს უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს სიყვარულში და ალერსში. ქალი ისე არის ღმერთის მიერ შექმნილი, რომ მამაკაცი უნდა აძლევდეს მას სიყვარულს.  მამაკაცმა კი თავისი სიყვარული არა ცოლისგან, არამედ ძირითადად ღმერთისგან უნდა მიიღოს: „ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი“(1 კორ.11:3).

მამაკაცს შეუძლია იპოვოს სრული კმაყოფილება მხოლოდ ღვთის სიყვარულშიც, ცოლმა როგორაც არ უნდა ეცადოს, ის თავადაც კი ვერ გაიგებს რა აკლია მას. თუ მამაკაცი არ მიდის ღმერთთან და არ აქვს მასთან ცოცხალი ურთიერთობები წმინდა წერილის კვლევაში, ლოცვებში და მარხვაში, მას არაფერი აქვს ცოლს რომ მოუტანოს, ის ცარიელია, მას არ ძალუძს ნამდვილი სიყვარული. ის ყველანაირ საშუალებებს გამოძებნის იმისათვის, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს ოჯახის გარეთ, ოღონდაც მას არ ეხებოდნენ. მაგრამ როდესაც მამაკაცს ეს ურთიერთობები აქვს, ღმერთი აძლევს მას თავის სიყვარულს და მამაკაცი უბრალოდ ფეთქავს შიგნიდან. მამაკაცს შეუძლია სიყვარულის აღება მხოლოდ ღმერთისგან, მას არ ძალუძს სიყვარული ცოლისგან აიღოს – ეს ცოლია მისი სიყვარულის ანარეკლი. ქალს შეუძლია მისცეს მამაკაცს მხოლოდ საპასუხო სიყვარული, მას არ შეუძლია მისცეს მამაკაცს იმაზე მეტი, ვიდრე მიიღო.

ქალისთვის უფალმა განსაზღვრა  სიყვარულის განსაკუთრებული ობიექტი და ეს მისი შვილებია. შვილები ქალის ხსნაა.  თუნდაც ქალი ცხოვრობდეს სახლში, სადაც გარემოცულია სიყვარულით და ზრუნვით, ადრე თუ გვიან ის იგრძნობს იგივეს, რაც იგრძნო ადამმა: მოჭარბებული გრძნობების გაზიარების შეუძლებლობა. ამ მომენტიდან მას ჭირდება სიყვარულის პირადი ობიექტი. რაც უფრო მეტი სიყვარულია ოჯახში, მით უფრო მეტად ქალს სურს შვილების გაჩენა. რაც უფრო მეტად სავსეა ქალი ქმრის სიყვარულით, მით უფრო ძლიერ მოილტვიან გრძნობები რომ ამოხეთქონ გარეთ. ამიტომაც, როდესაც ღმერთმა პირველი ოჯახი შექმნა, უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა“ (დაბად.1:28).  არა ბიოლოგიური გაგებით, არამედ აავსეთ სიყვარულით, ურთიერთობებით.

თქვენი აზრით, როგორია ოჯახზე და ოჯახურ ფასეულობებზე  ბიბლიური შეხედულებების განადგურების შედეგები?

–იქ, სადაც არ არის გაგება სულიერი ურთიერთქმედების პროცესისა, რომ „ღმერთს უყვარს ქმარი, ქმარს უყვარს ცოლი, ცოლი აჩენს მისგან შვილებს სიყვარულში და სიყვარულის მეშვეობით“, იქ არც არის ოჯახი და შესაბამისად, არც საზოგადოება. ოჯახი ქმნის საზოგადოებას, როგორც ბავშვი არის ქალში, ქალი – მამაკაცში, მამაკაცი – ღმერთში, ისე საზოგადოება – ოჯახში. თუ ცოლ–ქმარს შორის არ იქნება კარგი ურთიერთობები – არ იქნება შობადობაც.

და როგორია ახლა დემოგრაფიული სიტუაცია რუსეთში? ერთ წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს მილიონით, ეს ოფიციალური მონაცემებია. ქალებს არ სურთ შვილების გაჩენა, იმიტომ, რომ ისინი არ უყვართ, ისინი ვერ ღებულობენ სიყვარულს. ისინი გრძნობენ, რომ მამაკაცები მათ იყენებენ,  ეჭვი ეპარებათ პარტნიორის საიმედოობაში.

თუ ოჯახში არ არის ეტიკეტი, არ არის წესრიგი, არ არის ღვთისმოსაობა – ეს ყველაფერი არ იქნება არც საზოგადოებაში. თუ ოჯახში ძალადობაა, ის იქნება საზოგადოებაშიც. ოჯახი მიკროსახელმწიფოა. ყველაზე პირველი სამეფო, სადაც ქმარი და ცოლი მეფობს, ეს მათი სახლია, მათი ოჯახი, მათი შვილები. საზოგადოება ოჯახის საშოშია. როგორიც იქნება ოჯახი, ისეთივე იქნება საზოგადოებაც. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ავაშენოთ ჩვენი ოჯახები მტკიცე საფუძველზე, მაგრამ ვინ რას აირჩევს ამას თითოეული თავად წყვეტს.

(თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე)

ჩატვირთვა...