დაიწყე იესოსთან ერთად – ინტერვიუ ხუცეს არტურ სიმონიანთან

0 39

თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში, 2011 წლის 11-12 ნოემბერს, გაიმართა ახალგაზრდული ქრისტიანული კონფერენცია სახელად “Start with Jesus” (დაიწყე იესოსთან ერთად). კონფერენციამ გააერთიანა ქრისტიანი ახალგაზრდები კავკასიის მასშტაბით. ჩამოსული იყვნენ სტუმრები, როგორც სომხეთიდან ასევე აზერბაიჯანიდან. კონფერნციის მიზანი იყო ახალგაზრდების გაერთიანება, შთაგონება და გაძლიერება სულიერად, რათა უფრო მეტი სიხარულით და ძალისხმევით ემსახურონ უფალს. კონფერენციის პირველ დღეს, ახალგაზრდებმა, რუსთაველის გამზირზე ფლეშ-მობი გამართეს, რის შემდეგაც მაყურებელს და გამვლელ საზოგადოებას დაურიგეს ლამაზი ფლაერები წარწერით Jesus loves you(იესოს უყვარხარ).  Jesus.ge_ს ადმინისტრაციამ მოვახერხეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით სომხეთის “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის ხუცესს, არტურ სიმონიანს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. 

 

მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ურთიერთობისთვის და სითბოსთვის რაც ჩვენს ეკლესიებს შორის არის. ყოველთვის დროული და ნაყოფიერია თქვენი სტუმრობა ჩვენს ეკლესიაში. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო შემდეგი კითხვით. საიდან დაიბადა იდეა, რომ ჩატარებულიყო მსგავსი მასშტაბის კონფერენცია და  რა ნაყოფებს ელოდებით მისგან ?

 

ცოტახნის წინ თბილისში ჩატარდა მწყემსების დიდი მსახურება. ამ შეხვედრებზე სულიწმინდა ძლიერად მოქმედებდა, სწორედ  ქადაგების დროს  მივიღე სულიწმინდისგან  ხედვა, რომ საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ახალგაზრდული კონფერენცია. ჩვენთან ყოველ წელს ვატარებთ ახალგაზრდულ კონფერენციებს და   ყოველთვის  ჩამოდიან საქართველოდან ახალგაზრდები და მეც  ვიფიქრე: რატომ არ  უნდა  ჩამოვიდნენ ამჯერად სომხეთიდან ახალგაზრდები საქართველოში. ამაზე ფიქრისას ისიც გამახსენდა, რომ არასდროს ჩატარებულა დიდი ახალგაზრდული ქრისტიანული კონფერენცია საქართველოში  და მივხვდი, რომ  ეს იყო ღმერთის ნება. შემდეგ  ვუთხარი საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსს, ოლეგ ხუბაშვილს და “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის ეპისკოპოს, მამუკა ჯებისაშვილს, რაზეც ისინი დიდი სიხარულით დამთანხმდნენ.  ჩვენ წინასწარ არ დაგვიგეგმავს და არ ვიცოდით რომ კონფერენცია ასეთ ისტორიულ დღეს დაემთხვეოდა, 11.11.11. შემდეგ კი ჩვენ დავიწყეთ  სერიოზული მზადება  კონფერენციისთვის.

 

არის თუ არა დაგეგმილი მსგავსი ღონისძიებების ჩატარება საქართველოში ახლო მომავალში ?

 

საერთოდ ჩვენთან ასეა, როცა რაღაცას ვიწყებთ ის არასოდეს მთავრდება. ღმერთს არ სურს ამის გაჩერება, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაჩეროთ ეს. იცით, ღმერთმა დაიწყო დასაბამიდანვე მოქმედება და არ გაჩერებულა, ის დღემდე აგრძელებს მოქმედებას. ამიტომაც ჩვენ დავგეგმეთ  გავაკეთოთ ერთობლივი საზაფხულო ბანაკი, სადაც ერთად ვიმუშავებთ, ვიქადაგებთ და განვადიდებთ უფალს.

 

 თქვენ დაინტერესებული ხართ ახალგაზრდული მსახურებებით და აქტიურად ხართ ჩართული მასში. დღესდღეობით ყველგან, და მათ შორის ეკლესიებშიც, ყველა  წარმატებაზე საუბრობს, და ყველას სურს გახდეს წარმატებული ადამიანი. აქედან გამომდინარე მაინტერესებს, თქვენი აზრით რაზე უნდა გააკეთოს დღევანდელმა ახალგაზრდამ აქცენტი, ან რა პრიორიტეტები უნდა ქონდეს მას, იმისთვის, რომ გახდეს წარმატებული ?

 

ძალიან საინტერესო კითხვაა. იცით, ვიდრე წარმატებას მიაღწევდე ჯერ საჭიროა იცოდე რას ნიშნავს თვითონ წარმატება. ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს რეალურად რას ნიშნავს წარმატება. ხშირად ადამიანებს წარმატება ფული ჰგონიათ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არ მიმაჩნია სწორად მდგომარეობად, ახალგაზრდა ადამიანის მილიონერობა. მან პირველ რიგში უნდა დაისახოს მიზანი, რატომ სურს მას ეს? და ამის შემდეგ ნელ ნელა უნდა მიუახლოვდეს მიზანს. ადვილად არაფერი არ ეძლევა ადამიანს, ამისათვის არსებობს საფეხურები. რადგან ახალგაზრდებზე ვლაპარაკობთ, აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი: „ადამიანი 20 წლამდე აჩვენებს თავის სხეულს და იკვეხნის სხეულით, მაგრამ, 20 წლის შემდეგ ადამიანი უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ან თვითონ უნდა გამოყავდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობიდან. 20-40 წლამდე ადამიანმა უნდა აჩვენოს მისი შრომისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობის შემდეგ, 40-60 წლამდე ადამიანმა უნდა აჩვენოს თავისი გონება და სიბრძნე,  ხოლო 60-80 წლამდე  უნდა აჩვენებდეს საკუთარ გამოცდილება სხვებს. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება რომ ადამიანები ამ ოთხივე დროის მონაკვეთში სხეულის დემონსტრირებაში ცხოვრობენ, იმიტომ რომ მათ ვერ  გაუგიათ რას ნიშნავს  წარმატება. მე ვფიქრობ, თუ ადამიანი 40 წლამდე შრომისმოყვარე იქნება, მას ყველაფერი ექნება საკმარისად. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ 20 წლის ასაკში ადამიანი უნდა იყოს მილიონერი. როდესაც ახალგაზრდას მემკვიდრეობით სიმდიდრე რჩება, ჩვენ გვიჩნდება სურვილი ვოყოთ მის ადგილას,  ამით კი ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს. ვმადლობ ღმერთს იმისთვის, რომ მან კიბეებზე ამიყვანა, და არ მომცა საშუალება თვითმფრინავით გაფრენილიყავი. მან ამიყვანა საფეხურებით, იყო პირველი საფეხური, მეორე, მესამე, იყო სიძნელეებიც, გავიარე შიმშილი და სიცივე. უფალი მეხმარებოდა საფეხურებზე ასვილსას. დღევანდელ დღეს კი, მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო და ვაგრძელებ ასვლას. არიან ადამიანები რომლებიც თვითმფრინავით გაფრინდნენ და პარაშუტით დაეშვნენ, მაგრამ  როდესაც კიბეებით ადიხარ  შენ ეცნობი ყველა საფეხურს,  ჩამოვარდნის შემთხვევაში კი, ისიც იცი რას ჩაეჭიდო და როგორ განაგრძო კვლავ ასვლა.

 

რომელი საკითხი მიგაჩნიათ პრიორიტეტად ქრისტიანის ცხოვრებაში ?

 

არ მიმაჩნია რომ პრიორიტეტები უნდა იცვლებოდეს.  კლასიკური პრიორიტეტი  არის ის პრიორიტეტი, რომელიც ჰქონდა იესოს, პავლე მოციქულს და პეტრეს,  ანუ ლტოლვვა ზეცისაკენ. ჩვენი ხედვა არის ზეცაში მოხვედრა, ხოლო პრიორიტეტი ღმერთთან ურთიერთობის არდაკარგვაა, როგორც ეს ადამსა და ევას მოუვიდათ. ზეცა ყველაზე  მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ამის შემდეგ უკვე მოდის აქსესუარები, –  არავის აწყენინო, გიყვარდეს მშობლები, პატივისცე ცხებულებს, იყავი  ეკლესიის ნაწილი, აამაღლე და დაიცავი ეკლესია, ეს ყველაფერი ჩემთვის არის შემდგომი პრიორიტეტები. გადარჩენა ეს არის დასაწყისი ქრისტიანული ცხოვრებისა, იესომ გვიხსნა  მაგრამ გვიხსნა არა იმისთვის რომ  უბრალოდ გადარჩენილები ვყოფილიყავით არამედ იმისთვის, რომ  მას ვემსგავსოთ. ანუ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, პირველი:  გადარჩენის მიღება,  ხოლო მეორე:  მივბაძოთ და მივემსგავსოთ ქრისტეს.

 

წლების წინ, პოსტ საბჭოთა ქვეყნების ეკლესიებში არ იყო არანაირი კომფორტი. ბიბლია ძალიან მცირე რაოდენობით იყო, მორწმუნეები კი ნესტიან და ცივ სარდაფებში იკრიბებოდნენ. იმ პერიოდში არ არსებობდა არავითარი ქრისტიანული ლიტერატურა . დღეს კი, ყველაფერი შეიცვალა, ეკლესიაში სრული კომფორტია, ნესტი და სიცივე სითბომ შეცვალა, წარსული წლებისგან განსხვავებით, დღეს  დიდი რაოდენობით იბეჭდება ბიბლია  და ქრსტიანული ლიტერტურა. რა როლს თამაშობს კომფორტი ქრისტიანის და ზოგადად ეკლესიის ცხოვრებაში და ახდენს თუ არა რაიმე ზეგავლენას მასზე.

 

კათოლიკურ  ეკლესიაში  არ მახსოვს ზუსტად რომელ წელს, რომის პაპმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ”ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისე, როგორც პეტრე და იოანე, და მათსავით ვერ ვიტყვით, “არ გვაქვს არც ოქრო, არც ვერცხლი”, ვინაიდან გვაქვს ოქროც, ვერცხლიც და დიდი ეკლესიებიც”. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ეკლესიის ერთ-ერთი მამა  წამოდგა  და თქვა:” კი მართალია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ ავადმყოფს, იესო ქრისტეს სახელით ადექი და გაიარე.”  ეს ყოველთვის ასე იყო, შეიძენდი ერთს დაკარგავდი მეორეს.  სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის შეთავსება და დაბალანსება, ამიტომ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ  ეკლესიების ხუცესები. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ახალი ისტორია. ასე გამოიყურება ქრისტიანული ისტორია, – კომფორტი ან სულიერება, სიღარიბე და სულიერება ან სიმდიდრე და არასულიერება. ამიტომ ჩვენ გვინდა განვკურნოთ ეს სიტუაცია, ეს ტენდენცია  და გადავშალოთ ისტორიის ახალი გვერდი.  მაგალითად ავიღოთ სიმდიდრე,  თუ ადამიანი სიმდიდრეს  მეათე ადგილზე დააყენებს, ხოლო  ქრისტეს კი პირველ ადგილს დაუთმობს, მაშინ  ამ მხრივ მას პრობლემა არ ექნება. სიმდიდრე ვერ შეუშლის ადამიანს ხელს, რომ იცხოვროს წმინდა და სულიერი ცხოვრებით. ჩვენ მწყემსებმა  და ეკლესიის წევრებმაც  უნდა  შევინარჩუნოთ სიწმინდე ჩვენს ეკლესიებში. გვაქვს ლამაზი ეკლესიის შენობები, კომფორტი, რომელიც გვეხმარება მსახურებების და კონფერენციების ჩატარებაში, მაგრამ, ასეთმა მდგომარეობამ არ უნდა მოგვადუნოს და დაგვავიწყოს ჩვენი ლოცა და სულიერი ცხოვრება.

 

თქვენ დღეს ქადაგებაში ახსენეთ თანამედროვეობა. როგორს ხედავთ თქვენ  21 – ე საუკუნის ქრისტიანს და  როგორი უნდა იყოს ის? ამახინჯებს თუ არა თანამედროვეობა  ღმერთის სიტყვას?

 

ამჟამად ვწერ  წიგნს სახელწოდებით „ბოლო დროის ქრისტიანი“, რომელსაც მალე დავამთავრებ. წიგნის პირველივე გვერდი სწორედ ამ საკითხს ეთმობა. ბოლო დროის ქრისტიანი არაფრით არ უნდა განსხვავდებოდეს პირველი ქრისტიანისგან. მათ  თავიანთი სიძნელეები ქონდათ, ჩვენ  ჩვენი გვაქვს. რა თქმა უნდა თანამედროვე ქრისტიანი არის გარკვეული წნეხის  ქვეშ, რადგან ის მუდმივად შემოტევებშია. მე  ჩემს ახალგაზრდობაში არ მქონდა ინტერნეტი და არც ამდენი სატელევიზიო არხი არსებობდა, დღეს კი ახალგაზრდობა პირდაპირ გარშემორტყმულია ამ ყველაფრით. ჩვენს ახალგაზრდობაში სიძვის ცოდვით რომ შეგეცოდა, უნდა გეფიქრა და გცოდნოდა, თუ როგორ ჩაგედინა ეს. ანუ არც ისე ადვილი იყო ამ ცოდვით შეცოდება. ხოლო დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია ჩართოს კომპიუტერი და შესცოდოს. ამიტომ  მოვუწოდებ ძველ თაობას, რომ დადგეს მყარად  და დაიცვას ახალი თაობა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე.  ისინი ძალიან კარგები და ჭკვიანები არიან,  მათ ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ, ამიტომ მოვუწოდებ ძველ თაობას, რომ იყვნენ როგორც მტკიცე კედელი ახალგაზრდების ცხოვრებაში და ილოცონ მათთვის.

 

დღეს მსოფლიოში წყენა და უპატიებლობაა მოდებული,  შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მას დამონებული ყავს ადაიანები. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება  არ ვაპტიოთ,  ვინაიდან ჩვენ თვითონ გვეპატია ძალიან ბევრი იესოს ქრისტეს მეშვეობით.  მაინტერესებს თუ გქონიათ უპატიებლობის პერიოდი და ამან რა ნაყოფები მოუტანა თქვენს მსახურებას? 

 

სამწუხაროდ ყოფილა და თან  ბევრჯერ. იყო მომენტები, გამოვსულვარ პლატფორმაზე საქადაგებლად  და სულიწმინდის თანდასწრება არ ყოფილა, ამ დროს ღმერთი ვერ  მოქმედებდა,   მაგრამ როდესაც ვდგავდი ნაბიჯს და ვპატიობდი,  უფლის თანდასწრება ისევ მოქმედებას იწყებდა  ჩემში. უპატიებლობა არის, როდესაც ღმერთს კარს უკეტავ  შენს ცხოვრებაში. იცით  რა არის დღეეს გლობალური პრობლემა? პრობლემის ძირი იმაში კი არ მდგომარეობს, აპატიებ თუ არა, არამედ იმაშია, თუ რას აკეთებ შენ ამისთის ? ებრძვი საკუთარ თავს და საკუთარ სიამაყეს იმისთვის რომ აპატიო ? ანუ რამდენად ბრძოლობ შენ ამისთვის. დღეს მსოფლიო სეკულარულია და უარს ამბობს ღმერთზე, ჩვენ კი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამ დროს  მებადება კითხვა, კი მაგრამ რისთვის ან რატომ უნდა იყვნენ ისინი მპატიებლები თუ ღმერთს არ იცნობენ, ბიბლიას არ კითხულობენ და არ აქვთ ღვთისმოშურნეობა ? ფუნდამენტი არის ის, რომ  მე მინდა ვპატიებდე, იმიტომ რომ ღმერთია ასეთი. მას სურს ეს და თუ ღმერთს მოვაშორებთ აზრი არა აქვს აპატიებ თუ არა. მოტივი ქრება ავტომატურად. როდესაც ადამიანი ღმერთშია  შეიძლებ უცებ ვერ პატიობდეს, მაგრამ მას აქვს  ბრძოლა, იგი ბრძოლობს რათა აპატიოს, მას ტკივა, მაგრამ საბოლოოდ იმარჯვებს. უპატიებლობა აფერხებს და წყვეტს ჩვენს კავშირს უფალთან. დაწერილია, რომ უნდა გიყვარდეს შენი მტერი, ანუ  არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან ბევრ ცუდს გვიკეთებენ და ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილან და არიან  ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრჯერ მატკინეს გული, მაგრამ  მე ისინი მიყვარს,შევძელი გამემარჯვა საკუთარ თავზე რათა შემეყვარა  ისინი, თუმცაღა მე მათ პატივს არ ვცემ, ანუ მე შემიძლია არ ვცე პატივი იმიტომ, რომ არ ვცემ პატივს მათ საქმეებს, მაგრამ როგორც პიროვნებას მე ისინი მიყვარს და ვპატიობ. თუ უფალი ცხოვრობს შენში ადრე თუ გვიან მაინც აპატიებ.  წინააღმდეგ შემთხვევაში შენ წააგებ და დამარცხდები ამ ომში.

 

ჩვენი საიტი აპირებს ჟურნალის გამოცემას, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღ მედიასაშუალებების შექმნაში. გვსურს რომ რამე რჩევა მოგვცეთ, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ღმერთი თქვენს მეშვეობით და გიყენებთ ადამიანთა აღსაშენებლად.

 

ამინ!  მოდით ავიღოთ ქართული ანბანის 33 ასო, და თითოეულს ჯარისკაცის წოდება მივცეთ.  თქვენ გყავთ 33 ჯარისკაცი  და თუ სწორი  მიმართულებით დავაყენებთ ამ ჯარს, ისინი ყველგან გაიმარჯვებენ. ეხლა კი რას აკეთებენ ცოდვილები? ისინი იღებენ ამ 33 ასოს და ქმნიან სხვა და სხვა ბინძურ, ეროტიულ  ჟურნალებს და აი ამ ჯარისკაცებს იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის. თქვენ კი ამ ჟურნალის გამოშვებით  ჯარისკაცებს აყენებთ სწორ გზაზე და აძლევთ სწორ მიმართულებას. მე ვურჩევდი  ჟურნალის მკითხველებს იყვნენ არა მარტო მკითხველები არამედ დაეხმარონ  ჟურნალს, რათა შემდეგ გამოცემაში ერთი ჟურნალით მეტი მაინც  იყოს დაბეჭდილი  იმიტომ რომ შესაძლებელია იგი ვინმე ქვეყნიერი ადამიანის ხელშიც მოხვდეს და უფალი შეეხოს მის გულს. უბრალოდ მოდით მიანიჭეთ აქვე ამ 33 ასოს, ჯარისკაცის წოდება.  დასასრულს ერთსაც დავამატებ,  რაკი ეს თქვენი პირველი გამოცემა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ,  ზოგმა იცის ეს ზოგმა შეიძლება არც იცოდეს.  მეკითხებიან რატომ ჩადიხართ ასე ხშირად თბილისში და რატომ გიყვართ ასე ეს მხარე? საქმე იმაშია რომ მე ბავშვობა თბილისში მაქვს გატარებული, მამაჩემი ავლაბრელია იგი სუფთად ლაპარაკობს ქართულად. ასევე ბებია და პაპაც  საქართველოდან იყვნენ. ჩემი ნათესავები დღემდე აქ ცხოვრობენ  ასე რომ მე რაღაც მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ბავშვობიდან ხშირად  მიწევდა ჩამოსვლა  ბევრი ქართველი მეგობრები მყავდა და მყავს დღემდე. ამიტომაც ამ ერმა თავისი ენით, სამზარეულოთი და ყველაფრით, მომხიბლა. ერთადერთი რასაც ვნანობ ის არის რომ არ ვიცი ქართული. ამრიგად აკურთხოს ღმერთმა საქართელო. მე მჯერა და მწამს რომ საქართველოში იქნება დიდი  გამოღვიძება. კარგ საქმის კეთებას შეუდექით და დღეს თუ არ დაიწყებთ ამის კეთებას ხვალე შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს, ასე რომ ყოველთვის ყველაფერი ერთი დღით ადრე უნდა დაიწყოთ.  უფალმა გაკურთხოთ.

 

P.S. დასასრულს აქვე გვინდა შემოგთავაზოთ ვიდეო ფლეშ-მობის ეპიზოდებიდან.

ჩატვირთვა...