არტურ სიმონიანი: ჩვენ არ ვქადაგებთ “წარმატების სახარებას”

0 484

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ დაარსდა 1983 წლის 24 მაისს შვედეთში (ქ. უპსალა). მისი ფუძემდებელია ამავე ქვეყნის მკვიდრი, ულფ ეკმანი (Ulf Ekman). თავდაპირველად ეკლესიას მხოლოდ ოცი წევრი ჰყავდა, მაგრამ, დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით უამრავი მიმდევარი ჰყავს მრავალ ქვეყანაში: ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიის ქვეყნებში, თურქეთში, ავღანეთში, ისრაელში, აშშ-ში, სინგაპურში, ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ.

„სიცოცხლის სიტყვის” ღვთისმსახურება თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა ტრადიციულ პროტესტანტულ ეკლესიათა ღვთისმსახურებისგან. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს მხოლოდ ნათლობის, ზიარებისა და ქორწინების საიდუმლოებებს. ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას, არ კრძალავს ინტერკონფესიურ ქორწინებებს. ღვთისმსახურება შედგება ლოცვა-გალობების, წმ. წერილის კითხვა განმარტებისა და ქადაგებისაგან.

“სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიათა სწავლებაზე საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ჩვენ გადავწყვიტეთ მათ შორის ერთერთზე კონკრეტულად კი სწავლება “წარმატების სახარებაზე” (იხილეთ ლინკი) სომხეთის “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის პასტორს არტურ სიმონიანს გავსაუბრებოდით:

1. მოგესალმებით პასტორო არტურ, როგორც იცით ქრისტიანულ სამყაროში ძალიან ბევრი სტერეოტიპია და ჩემი პირველი კითხვაც სწორედ ამას ეხება. საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა” ქადაგებს წარმატების სახარებას, მინდა განგვიმარტოთ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და ქადაგებთ თუ არა წარმატების სახარებას?

– ეს უბრალოდ შექმნილი მითია “სიცოცხლის სიტყვის” შესახებ, ჩვენ არ ვქადაგებთ “წარმატების სახარებას.” მხოლოდ უგუნური ადამიანი იტყვის ამას, როცა მოისმენენ ქადაგებას, რომ „ღმერთი გაკურთხებს და შენ იქნები მდიდარი“, მაშინვე ისვრიან ფრაზებს, რომ ეს ეკლესია ქადაგებს წარმატების სახარებას. მე ვიცი ეკლესიები ამერიკაში, სადაც იქადაგება წარმატების სახარება, ეს ადრე ძალიან ძლიერი მოძრაობა იყო და ეხლა შედარებით შესუსტდა. მათ ჰქონდათ სწავლება, რომ თუ შენ ხარ 40 წლის და არ ხარ მილიონერი, ესეიგი ცოდვაში ხარ, ან თუ შენ მოინანიებ და მაშინვე მდიდარი არ ხდები, ესეიგი ცოდვილი ხარ. ხალხიც სწორედ ამ სწავლების მიხედვით მოქმედებდა და მონანიების საშუალებით ცდილობდა გამხდარიყო მდიდარი, ისინი თვლიდნენ, რომ თუ ცოდვებისგან განიწმინდებოდნენ ღმერთი აკურთხებდა მათ ბიზნესს და გამდიდრდებოდნენ. ბიზნესი რომ აყვავდეს სხვათაშორის ტვინია საჭირო (იცინის), სიწმინდე ბიზნესის აყვავებასთან არანაირ კავშირში არაა. თუმცა, რა თქმა უნდა სიწმინდე ხსნის კარებებს, რომ ღმერთის სულმა იმოქმედოს შენს ცხოვრებაში. “სიცოცხლის სიტყვაზე” მე ასე ვერ ვიტყოდი, “სიცოცხლის სიტყვას” მე მისიონერულ მოძრაობას უფრო დავარქმევდი. ჩვენ რომ წარმატების სახარებას ვქადაგებდეთ, მაშინ საქართველოში, თბილისში, ჩვენი ეკლესია იქნებოდა ქალაქის ცენტრში, ძვირადღირებულ ლამაზ შენობაში, თითოეულ წევრს მერსედესი და ფერარი ეყოლებოდა და მხოლოდ მდიდარი ხალხი ივლიდა ამ ეკლესიაში, მაგრამ ეს ასე არ არის.

2. საიდან წარმოიშვა ეს იარლიყი, რომ ყველა ქარიზმატული ეკლესია ქადაგებს წარმატების სახარებას? იყო წარმატებული – ეს ხომ ცოდვა არაა?

– ამას ყველა ქარიზმატი რა თქმა უნდა არ ქადაგებს. ამის გასაგებად, მოდით პირველ რიგში გავიხსენოთ თუ საიდან წამოვიდა ის მოსაზრება, რომ ქრისტიანი უნდა იყოს ღარიბი. ადამიანი რომ უნდა იყოს ღარიბი ეს ნეოპლატონიზმია, ეს მოსაზრება მოდის პლატონის ფილოსოფიიდან. ასევე კათოლიციზმში წარმოიშვა იდეა, რომ ადამიანი გამართლებულიყო სიღარიბით – ამის გასამართლებლად იყენებდნენ იესოს სიტყვებს, როდესაც მან მარკოზის 10:23-ში თქვა “რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“. მოციქულებსაც გაუკვირდათ ვინღა უნდა გადარჩენილიყო, ისინიც ხომ წარმატებულები იყვნენ? იესომ თქვა, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ამ სიტყვებით მან ის იგულისხმა რომ სიმდიდრეზე დაიმედებული ადამიანისთვის არის ძნელი სასუფეველში შესვლა, რადგან ადამიანი მუდამ ღმერთზე უნდა იყოს დაიმედებული. სიმდიდრე ეს უბრალოდ საშუალებაა, რომ ემსახურო ღმერთს. მაგალითად თუ შენ გაქვს დანა, ამ დანით შეგიძლია პური დაჭრა და შეგიძლია ადამიანიც მოკლა, ასევეა ფულიც-შეგიძლია სახარების გასავრცელებლად გამოიყენო და ხალხს დაეხმარო, და შეგიძლია კაზინოში დახარჯო. ეს ყველაფერი შენს გულზეა დამოკიდებული, თუ როგორი გული გაქვს. ძალიან ბევრი ტრადიციული ეკლესია მინახავს, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ეკლესიაში იქადაგებოდეს სიტყვა შესაწირავზე, მაგრამ მათ ეკლესიაში უფრო მეტი ფულია ვიდრე ჩვენთან- სადაც იქადაგება სიტყვა შესაწირავზე. მათ კარგი შენობები აქვთ, მათ კარგი მანქანები ყავთ, არ აგროვებენ შესაწირავს მაგრამ აქვთ. მე უცნაურად არ მეჩვენება როცა აგროვებენ ფულს და აქვთ, მაგრამ როცა არ აგროვებენ ფულს და ისე აქვთ- შენობები, მანქანები და ა.შ -ეს უკვე უცნაურია. ეს იმას ნიშნავს რომ მაინც ვიღაც აგროვებს “ამერიკაში” ფულს და შემდეგ უგზავნის მათ, ზეციდან ხომ არ ცვივა ეს ფული? ერთხელ ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე ვნახე მთელი გადაცემა, რომელიც ესე აკრიტიკებდა ქარიზმატულ ეკლესიებს, დიდ მსახურებს, როგორიცაა ბონკე და ა.შ, შემდეგ ვიკითხე რა ღირს ამ არხზე გადაცემის გაკეთება და თანხა იყო – 1,5 მილიონი დოლარი. ჩნდება კითხვა, საიდან ეს ფული?

3. როგორი რეპუტაცია აქვს “სიცოცხლის სიტყვას” თქვენს ქვეყანაში, სომხეთში?

– საინტერესო კითხვაა, გააჩნია ვის ვკითხავთ – ჩვეულებრივ ხალხში ძალიან კარგი რეპუტაცია გვაქვს და სომხეთის ეკლესიებს შორის ჩვენი ეკლესია ერთადერთია სადაც ისინი სიმშვიდეს პოულობენ, უმრავლესობისთვის – ნეიტრალური ზონა, ჟურნალისტებისთვის- საშინელი სექტა, ზოგიერთი მღვდლისთვის- ასევე საშინელი სექტა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს.

4. რა არის სომხეთის “სიცოცხლის სიტყვის” მთავარი ამოცანა?

– მისია და ხალხის გადარჩენა. ჩვენი მთავარი ამოცანაა იესო ქრისტეს ბოლო დავალება, გავავრცელოთ და ვუქადაგოთ სახარება მთელ ერს. ჩვენი მისია ისაა, რომ ხალხი ჯოჯოხეთში არ წავიდეს. ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოხდება, 11 სექტემბერს ხალხი მივიდა სამუშაოდ ოფისში, გააჩერა მანქანა და არ იცოდა რომ ბოლოჯერ აკეთებდა ამას, ზოგი ყავას სვამდა და არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ფინჯანი ყავა იყო, სამსახურში უეცრად შენობას თვითმფრინავი შეეჯახა და ასობით ადამიანი დაიღუპა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ასეთი რამ და ამიტომ ისინი, ნებისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ ზეცაში წასასვლელად.

ჩატვირთვა...