არტურ სიმონიანი თავისი ქალიშვილის შესახებ: „ჩვენ გავიარეთ მწუხარების ველი“

0 550

პროგრამა „რწმენის სახლის“ ფარგლებში, სომხეთის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის მწყემსმა, არტურ სიმონიანმა, ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, პირველად მისცა ინტერვიუ. მაქსიმ მაქსიმოვთან საუბარში იგი ყვება, თუ როგორ გადაიტანეს ეს ტრაგედია, რის გავლა მოუწიათ, როგორ იბრძოდნენ და როგორ ამხნევებდა მათ უფალი.

ბევრის ცხოვრებაში არ ხდება მსგავსი მოვლენა, ერთ მხარეს ნაღველი და ტკივილია, მეორე მხარეს – იმედი, მესამე მხარეს კი გულგატეხილობა და იმედგაცრუება. ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში უყურადღებოდ ვერ ჩაივლის მწუხარების თემა, ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე თვალი დავხუჭოთ და ვთქვათ: „ყველაფერი კარგად არის.“ თვით იესომ თქვა, რომ ჩვენ მოგვიწევს დამწუხრება.

თანამედროვე ქრისტიანობა საუბრობს აყვავებასა და კეთილდღეობაზე, ძალასა და წარმატებაზე; იმაზე, რომ შენ ყოველთვის გამარჯვება გექნება ცხოვრებაში, მაგრამ ჯვარს ორი მხარე აქვს. ცარიელ მხარეს შენი რწმენა და იმედია, ხოლო მეორე მხარეს – ჯვარცმული ქრისტე. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მხარეს უყურო, ჩვენ ორივეს უნდა ვუცქერდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში არის ბედნიერება, ვფიქრობ, უგუნური უნდა იყო, რომ თქვა: „მე სრულფასოვნად ბედნიერი ადამიანი ვარ!“ ასეთი ბედნიერებისათვის შენ ბრმა უნდა იყო ადამიანის ტკივილის მიმართ, ტანჯვის, წუხილის მიმართ. რა თქმა უნდა, არის ბედნიერების მომენტები, მაგრამ ამ გრძნობას სრულყოფილად უფალთან მივიღებთ. ხოლო სანამ მიწაზე ვართ, ვიღაც ვიღაცას ან რაღაცას კარგავს.

შემიძლია ვთქვა, რომ მწუხარება, რაღაც დოზით, ღმერთის ბოძებულია. თუ მწუხარებაში დარჩები, ის შენ გაგსრესს, მაგრამ თუ მასზე დადგები – გაფრინდები. არ არის კარგი, დაივიწყო წუხილი და თავი მოგქონდეს, თითქოს ის არც არსებობს; უკეთესია აღიარო, რომ ის არსებობს შენს ცხოვრებაში. ამის შემდეგ შენ გეხსნება ახალი მზერა, ჩნდება ახალი შეხედულება, როდესაც შენ ცხოვრებას სიხარულის პრიზმიდან უყურებ, მაშინ ის სულ სხვა სახეს იძენს. როცა მწუხარების სათვალეებიდან იყურები, შენ აბსოლუტურად სხვანაირად ხედავ. რატომ ამბობს წერილი, რომ უკეთესია მწუხარების სახლში ყოფნა, ვიდრე სიხარულის სახლში; იმიტომ, რომ იქ თვალი აგეხილება.

რაც შეეხება ნუგეშს, ხალხი ხშირად მეკითხება: “როგორ გვანუგეშებს უფალი?“ წერილი ამბობს, რომ რახელს არ სურდა ნუგეში. მას შეეძლო, მაგრამ არ უნდოდა. ვფიქრობ, რომ მოვინდომო ნუგეშისცემა, ღმერთი აუცილებლად მანუგეშებს, ვგრძნობ ამას. მაგრამ საკითხი ის არის, სურს კი ადამიანს? ჯერ ისევ ვიხსენებ ჩემს ქალიშვილს. რა თქმა უნდა, არის ნუგეშისცემა, რომ ის ცათა სასუფეველშია და მე ვნახავ მას, მაგრამ ამ წუხილის მეშვეობით, ახლა შემიძლია დავინახო ხალხის ტკივილი. ეს ძალიან კარგია მწყემსური მსახურებისათვის. მე არ მინდა დავიკარგო და აქეთ-იქით ვიყურო, მე მინდა ვხედავდე ტკივილს. ამ მდომარეობაში შესაძლებელია წერო წიგნები, ქადაგებები, ლექსები. რაღა თქმა უნდა, თუ მსურს, უფალი მანუგეშებს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შესაძლოა მალე ჩემს ცხოვრებაში ახალი სეზონი დაიწყოს და გაზაფხული დადგეს, მაგრამ ჯერ ისევ ძალზე ცივი ზამთარია. დარწმუნებული ვარ, რომ უფალი ამ დროსაც ლაპარაკობს ჩემთან.

ჩემი მეუღლე, ლუსინე, დილიდან საღამომდე იკვლევს ზეციურ ცხოვრებას. რა გველოდება ჩვენ სიკვდილის შემდეგ, რა მოგველის სასუფეველში – ის ამ ყველაფერს ეძიება, კითხულობს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გამოვთიშულვართ ამას.

შეუძლებელია ისაუბრო, რომ ამ სამყაროში მხოლოდ აყვავება და კეთილდღეობაა. ამის გარანტია არასოდეს იარსებებს. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანი მიდის ავტომობილის საყიდლად და მას სამწლიან გარანტიას აძლევენ. თუ რამე გაფუჭდება, ფირმა იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული ვადით, ხოლო შემდეგ უკვე არანაირი გარანტია და დარწმუნება არ არსებობს. ახლა ჩვენ გვსურს, მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ცხოვრების შემდეგ…

ავადმყოფობა ეშმაკისგანაა. მე ვამბობდი ამას და ახლაც განვაგრძობ იმავეს მტკიცებას. ჩვენ ვებრძოდით საშინელ ავადმყოფობას – ლეიკემიას. როდესაც ვლოცულობდი და ვამბობდი: “უფალო, სადმე მუსლიმანურ ქვეყანაში, ტერორისტების მიერ მაინც მომკვდარიყო ჩემი გოგონა, რწმენის გულისთვის.” ამ დროს ღმერთმა მიპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს ტერორიზმი იქნებოდა ეს თუ ავადმყოფობა – ორივე ჩემი მტერია.“ ავადმყოფობა ეშმაკისგანაა, მაგრამ უფალი დაგვიხსნის ჩვენ. ძალიან ბევრი განცდა მქონდა, ერთ ჯერზე შეუძლებელია ეს მოვყვე, მაგრამ ერთხელ, როდესაც ვლოცულობდი და ვამბობდი: „უფალო, რატომ მოვიდა ეს ჩვენს ცხოვრებაში, ბიბლია ხომ ლაპარაკობს, რომ ბოროტება ვერ მიუახლოვდება შენს სახლს.“ უცბად, გარკვევით და ნათლად მოვისმინე, როგორ მითხრა სულიწმიდამ: „და რა არის ბოროტება?“ მაშინ მე გავიგე, რომ ბოროტების მიწიერი გაგება განსხვავდება ზეციურისგან. ჩვენ მას მარადიულობის ჭრილში უნდა ვხედავდეთ. წერილი ამბობს: “გეშინოდეთ არა იმისა, ვისაც სხეულის დაღუპვა შეუძლია, არამედ იმის, ვისაც სულის დაღუპვაც ძალუძს.”

როდესაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვიყავი, ვხედავდი, რომ ყველა ლოცულობდა. თუ რამე უბედურება მოხდებოდა, მაშინ ყოველი მათგანი სასუფეველში მოხვდებოდა. ამ დროს, ქალაქის მეორე მხარეს, ადამიანი ზის სახლში, ტელევიზორს უყურებს, მისი შვილი კი ქუჩაში კოკაინს მოიხმარს. როდესაც ჰკითხავ, სად არის მისი შვილი, ის გიპასუხებს: „სადღაც დაბოდიალობს“. მას არ ესმის, რომ ბოროტებამ დაისადგურა მის სახლში. ყოველი ადამიანი ეჯახება ბოროტებას, ყველას ცხოვრებაში ხდება საშინელი მოვლენები, მაგრამ საკითხი იმაში მდგომარეობს, ეს დროებითია, თუ საქმე მარადიულ სიცოცხლეს ეხება, ჩვენ ნამდვილად გვსურს დავეხმაროთ ხალხს, რათა დაბრუნდნენ ღმერთთან და არ დაკარგონ თავიანთი სული, არამედ შეიძინონ ის უფალ იესო ქრისტესთვის.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ ბევრს ვლოცულობდით და გვქონდა ძლიერი განცდები. იცით, მე ხანდახან, ინტერნეტში ვხედავ ასეთ სტატიებს: “ხუთი მიზეზი, რატომაც არ ინკურნებიან ადამიანები”… ჩემთვის ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვებია; როცა ვნახულობ ამ პუნქტებს, ვხედავ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, მეტსაც კი, მარამ განკურნება არ მოდიოდა. ჩვენი სწავლება ამბობს, რომ თუ არის ავადმყოფობა, მაშინ განკურნება უნდა მივიღოთ. მე მწამს, რომ ღმერთი კურნავს, მაგრამ ყველა ქრისტიანი ჯანმრთელი არ არის. ასე მოხდა ჩემს ოჯახშიც. ჩვენ ყველაფერი გამოვცადეთ. მე დავითვალე, რამდენ დროს ვატარებდით ლოცვაში და თხოვნაში, რომ მომხდარიყო სასწაული: ეს იყო ათას საათზე მეტი ორი წლის განმავლობაში. იმას არ ვთვლით, რამდენი ეკლესია, მსახური და ნაცნობი ლოცულობდა ჩვენზე. მაგრამ დგება დრო, როცა უნდა გააცნობიერო, სად მთავრდება რწმენა და სად იწყება უფლის ნება.

მთავარია მდგომარეობიდან დროულად გამოხვიდე – არც ადრე, არც გვიან, და ცხოვრება თვითონ განგისაზღვრავთ ამას. მე მინდა დავიწყო ახალი მსახურება მწუხარებაგადატანილი ხალხისათვის. ხანდახან დამწუხრებული ხალხი მოდის ეკლესიაში და არ არის ნუგეში მათთვის. ეკლესიაში ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ლამაზია, ხალხი ლაპარაკობს იმაზე, თუ ვინ როგორ დაისვენა, ასეთი ადამიანები კი დადარდიანებულნი რჩებიან, ეს მათ არ ეხმარებათ. მე მსურს, დავეხმარო ხალხს ამის გადატანაში, უბრალოდ გადატანაში. ადრე მესმოდა მათი, მაგრამ ახლა ვიცი, რასაც გრძნობენ.

10, 15 და ხანდახან 20 საათი დღეში ფეხზე მდგომს მეძინა. ერთხელ ლოცვის დროს ჩამეძინა და ვნახე სიზმარი. ვნახე მატარებელი, ძალზე ლამაზი, კეთილმოწყობილი. მასში ქრისტიანები ისხდნენ, მე და ჩემი ოჯახიც იქ ვიყავით. ფანჯრებზე ლამაზი ბარხატის ფარდები ეკიდა, ვაგონ-რესტორანიც მუშაობდა, ყველანი მიირთმევდნენ და ურთიერთობდნენ. უცბად მომინდა მენახა, რა ხდებოდა გარეთ. მე გადავწიე ფარდა და დავინახე უდაბნო, ქარიშხალი. ციოდა და ამ უდაბნოში ხალხი დადიოდა. ცუდად გავხდი, უცბად დავხურე ფარდა და ვიფიქრე: „უფალო, რა საშიშია იქ მოხვედრა.“ უცბად მატარებელი გაჩერდა და გარედან ხალხი ამოვიდა ვაგონში, ზოგნი მატარებლიდან ჩავიდნენ. როცა მატარებელი ჩერდებოდა, ვიღაც ჩადიოდა, რომ გაევლო უდაბნო. საინტერესოა, რასაც ყველა ფიქრობდა: „ნეტავ მე არ ჩავიდე.“ და შემდეგ ჯერზე, როდესაც მატარებელი გაჩერდა, უცბად დავინახე, როგორ დაიძრა ის ჩვენ გარეშე და უდაბნოში დავრჩით. მე დავიწყე მათი დამშვიდება და ვეუბნებოდი: „მთავარია, არ დავნებდეთ და ეს უდაბნო ბოლომდე გავიაროთ. იქ სხვა გაჩერებაა, სადაც მატარებელი გაჩერდება და ჩვენ ისევ გავყვებით მას.“

ყველა თავის უდაბნოს გადის, მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე იქ, არ დაეცე, ადგე და წინსვლა გააგრძელო. ეს უნდა გადაიტანო, მოითმინო. უდაბნოში ყველაზე დიდი ომი რწმენისა და მოთმინებისთვისაა.
როდესაც გამოვფხიზლდი, ყველაფერი მეუღლეს მოვუყევი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდოდა დანებება, მაგრამ ამ მომენტიდან დავიწყე ტირილი, ქვითინი. ვიცოდი, რომ მომიწევდა დამშვიდობება. ეს ძალიან, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ლოცვის შემდეგ უფალს ვუთხარი: „დაე, იყოს ნება შენი.“ ამას ვეუბნებოდი და ამავდროულად ვთხოვდი, რომ ის ცოცხალი დაეტოვებინა, მაგრამ ასე გადაწყდა.

ვფიქრობ, არ უნდა იყო ეგოისტი. ახლა ამას მეუღლეს ვეუბნები იმიტომ, რომ მას ძალიან უმძიმს. ჩვენი ადამიანური ბუნება გვეუბნება, რომ უკეთესია ადამიანი ახლოს იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა კარგად არის ის სასუფეველში. ახლა ჩვენ ცა ძალიან მოგვიახლოვდა. თუ ადრე მატერიას რამე მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა უკვე ვეღარაფერი გვიჭერს. ჩვენთვის უფრო გასაგები გახდა ბიბლიის კონკრეტული ადგილები. როცა პავლე ამბობს, რომ ჩემთვის უკეთესია წავიდე, მაგრამ თქვენთვის სასარგებლოა ჩემი დარჩენაო. დღეს ჩემთვის კარგია დავრჩე, მხოლოდ ეკლესიისა და მსახურებისათვის. ჩვენ, ალბათ, ცეცხლით მოვინათლეთ, ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ.

ჩემთვის გასაგები გახდა წერილის ის ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ რახელს არ სურდა ნუგეში. ანუ, უფალი ნუგეშს სცემდა მას, მაგრამ მას არ უნდოდა ეს. ვფიქრობ, აქ არის რაღაც აზრი ჩადებული.
პირველ რიგში, ეს ოჯახს ეხება. შენ არ შეგიძლია, ნუგეში მიიღო მარტომ და თქვა: „ალელუია, ყველაფერი კარგად არის!“ თუ მეუღლე ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, მე როგორ გამოვიდე. ვფიქრობ, ნუგეშისცემისთვის მთელი ოჯახის თანხმობაა საჭირო. არსებობს ნუგეშის დონეები: პირველი – ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ ის სასუფეველშია. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ იტანს ხალხი ამ ყველაფერს, თუ ეს ნუგეში არ აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ მას ვნახავთ და ამით შვება მივიღეთ. მეორე – ეს არის მოგონებები. ჩვენ გვენატრება და ვიწყებთ გახსენებას. ეს ღმერთმა ჩადო ჩვენში, რომ ჩვენ გავიხსენოთ და ამას ვერაფერს მოუხერხებ. ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე, როგორი ბრძენი და ჭკვიანი იყო ის. როდესაც ანა გარდაიცვალა, ხალხი მოდიოდა; მათ სურდათ ჩვენთან ყოფნა, მაგრამ მე მსურდა მარტო დავრჩენილიყავი და მეტირა. ცრემლები ყველაზე კარგი დამამშვიდებელია, ისინი საუბრობენ, ეს ლოცვის თავისებური მხარეცაა. არ უნდა მოგვერიდოს ცრემლების, ეს წუხილია და ეს ნორმალურია. მწუხარების გარეშე ადამიანი ეგოისტი ხდება, ის ჩვენი მასწავლებელია, ის გვიხელს თვალებს. როდესაც ჩვენ მწუხარების ველს გავდივართ, უფრო ვღრმავდებით, უფრო ღრმად ვთხრით. მე არ მინახავს მწუხარებაგადატანილი ადამიანი, რომელმაც ღმერთი მიატოვა. ის როგორც ღუზა, “გვიჭერს” ღმერთში.

ახლა ვლოცულობთ, რომ ერთგულნი დავრჩეთ, ჩვენ ვითხოვთ სულის ნიჭებს. გამალებით ვითხოვ, რომ სულიერი ნიჭები ეკლესიის ყველა წევრში მოქმედებდეს. ადამიანი ნიჭით უნდა იყოს და ნიჭში უნდა მსახურობდეს. მე ვნახე, როგორ საჭიროებს სამყარო ნიჭებს. მე ვიყავი გერმანიის, საბერძნეთის, სომხეთის საავადმყოფოებში და ვნახე, როგორ სჭირდებათ ადამიანებს სასწაული. ექიმები შეზღუდულნი არიან, მაგრამ როდესაც ღმერთი მოქმედებს, შეუძლებელი არაფერია.

და ბოლოს, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი ეს დრო მხარს გვიჭერდა. ვინც ლოცულობდა, ფინანსებით გვეხმარებოდა და უბრალოდ გვერდით გვედგა, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და გაკურთხებთ.

წყარო

თარგმანი: ბაჩუკი დოდაშვილი

რედაქტირება: თეონა მენაბდიშვილი

ჩატვირთვა...