„ხსნის არმია“ საქართველოში მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

0 100

2018 წლის 20 ოქტომბერი საიუბილეოა საქართველოს „ხსნის არმიისთვის“. 25 წლის წინ, 1993 წელს საქართველოში დაარსდა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, „ხსნის არმია“ და ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ოთხ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ლაგოდეხი) დამკვიდრდა, სადაც 8 მოქმედი ეკლესია მდებარეობს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს 14:30-ზე პუშკინის სკვერში ჩატარდება საევანგელიზაციო მსახურება, ხოლო 17 საათზე სასტუმრო „რედისონში“ საიუბილეო მსახურება გაიმართება.

„ხსნის არმია“ საქართველოში მოღვაწეობს ორი მიმართულებით: „ღმერთს გული“ – რაც მოიცავს საეკლესიო ცხოვრებას და „კაცს ხელი“ – სოციალურ მსახურებას. მათი ლოზუნგია „რწმენა მოქმედებაში.“ იგი მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ პიროვნებას.

„ხსნის არმია“ წარმოადგენს ქრისტიანულ ეკლესიას და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა სამხედრო ჩაცმულობის სტილით და წოდებით. დღეისათვის იმყოფება მსოფლიოს 130 ქვეყანაში, და ჰყავს 2,0 მილიონზე მეტი მიმდევარი. „ხსნის არმია“ დაფუძნდა 1865 წელს ლონდონში, ყოფილი მქადაგებელი მეთოდისტის, უილიამ ბუთის მიერ. უილიამ ბუთი და მისი მეუღლე ქეთრინი, ცდილობდნენ გაჭირვებულები ეხსნათ შიმშილისა და გასაჭირისაგან და დახმარებოდნენ მათ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

 

P.S. ქრისტიანული არხი ულოცავს „ხსნის არმიას” 25 წლის იუბილეს და უსურვებს წინსვლას იმ საქმიანობაში, რასაც ადამიანების გულებამდე ღვთის სიყვარულის მიტანა და მათი ჭირისა თუ ლხინის გაზიარება ჰქვია.

ჩატვირთვა...