„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი, ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ,“ — განაცხადა ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რასაც ბუნებრივია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საკითხი ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, როგორიც არის რელიგია.
გადაწყვეტილების მიმღებთა აზრით, ეს ნაბიჯი მიმართულია სკოლებში ძალადობის პრევენციისკენ, თუმცა საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა პირიქითაც მოხდეს და რელიგიის ცალკე საგნად შემოღებამ ამ თემის სკოლებში წამოწევა და განსხვავებული მრწამსის ბავშვებს შორის დავა, დაპირისპირება და დისკრიმინაცია გამოიწვიოს.
„ტრადიციულ რელიგიებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას, არამედ იმ არასწორი დამოკიდებულების აღმოფხვრას, რომელიც დღეს მსოფლიოში გვხვდება, თუნდაც ისლამის რადიკალური მიმართულებების თვალსაზრისით.“ – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
რელიგიების ისტორიის არჩევით საგნად სკოლებში შეტანის საკითხზე მსჯელობამ საპატრიარქოში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზეც გადაინაცვლა, რომელსაც განათლების სამინისტროს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა ინიციატივა, რომ რელიგიის გაკვეთილები სკოლებში სპეციალურად გადამზადებულმა სასულიერო პირებმა ჩაატარონ. თუმცა, განსხვავებული პოზიციები აქვს პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელს. მისი აზრით, მოსწავლეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის კონსულტაციები შესაბამის სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლურ, ისე ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან უნდა გაიარონ, მაგრამ სკოლაში სწავლების პროცესში უნდა იყოს ჩართული შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი.
ჯერჯერობით გაურკვეველია რა ფორმით ან ვინ ასწავლის ბავშვებს რელიგიის ისტორიას, ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება.
„რელიგიის გაკვეთილები არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა ეხებოდა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიისა და კულტურის შემოტანას. ამ მიმართულებით ჯერ აქტიური სამუშაოები არ დაწყებულა. ეს იყო იდეა, რომელიც განიხილება“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
P.S. იმედს ვიტოვებ, რომ განათლების სამინისტროში იდეას იდეის დონეზე არ განიხილავენ და იფიქრებენ იმ რისკებზც, რომლებიც ჩვენს ბავშვებს ელით საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით იმ ძალადობრივი ფონის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა სკოლებში. მოზღვავებული აგრესია მოზარდებში საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მიგვითითებს და ნაცვლად იმისა განათლების სამინისტრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად კომპლექსურ გამოსავალს ეძებდეს, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე გადაიტანა ყურადღება, რაც იმედია უფრო მეტად „მგრძნობიარე” შედეგებს არ მოიტანს საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრებისთვის – ბავშვებისთვის.