უნიკალური აღმოჩენა იშხანში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

იშხანში, მთავარ ტაძარში, ახლახან ახალი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხს “კვლევის ცენტრის” წევრმა ლევან წიქარიშვილმა მიაკვლია. სამარხი შელესილია და მის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით (სინგურით) შესრულებულია ჯვრები და წარწერები. დასმულია თარიღიც – “ქორონიკონსა სკთ”, ანუ 1009 წელი. ექსპედიციის წევრების მოსაზრებით, სამარხი ძალზე მნიშვნელოვან პირს ეკუთვნოდა.

ლევან წიქარიშვილის თქმით სამარხი განთავსებულია საკმაოდ ვიწრო და ცუდად განათებულ სათავსოში, როგორც ექსპედიციის წევრი იხსენებს, განსაკუთრებით ემოციური იყო ფანრის ჩანათების მომენტი, როდესაც მან გააცნობიერა რომ საქმე მნიშვნელოვან აღმოჩენასთან ჰქონდა. სამლოცველო ნახევარწრიული აფსიდით, მცირე საკურთხევლით სრულდება , სამარხის ოთხივე კედლებზე კი ჯვრები და წარწერებია განთავსებული. სამარხი ტაძრის მნიშვნელოვან ნაწილშია მოქცეული , რაც მიუთითებს, რომ მასში მაღალჩინოსანი უნდა იყოს დასვენებული, სავარაუდოდ მეფე ან გავლენიანი ეპისკოპოსი.

გამოითქვა პირველი ვარაუდიც იმასთან დაკავშირებით თუ ვინ უნდა იყოს აღნიშნულ სამარხში დაკრძალული. იქიდან გამომდინარე, რომ 1008 წელს ბაგრატ III-ის მამა გურგენ მეფე გარდაიცვალა ისტორიკოსი ბუბა კუდავა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სამარხი გურგენ მეფეს ეკუთვნის.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი წლებია ახორციელებს ექსპედიციებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. 2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ იშხნის რესტავრაციის პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. ამ პროცესში გამოვლინდა არაერთი საინტერესო სიახლე. მათ შორის სულ რამდენიმე დღის წინ ეზოში მიმდინარე სამუშაოებისას გამოჩნდა კიდევ ერთი მცირე ეკლესიის ფრაგმენტები,ასევე სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, ქვევრების ფრაგმენტები და სხვ.

წყარო

ჩატვირთვა...