„სახარების რწმენის ეკლესიის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

0 417

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების დისკრიმინაციულად ცნობას ითხოვდა. მთავრობის გადაწყვეტილება შეეხებოდა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის, – (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია) საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელის უფლება დამცველების თქმით, ამ სარჩელით ნაჩვენები იყო ის, რომ დადგენილება ითვალისწინებს ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას და არ ხდებოდა რეალური ზიანის ოდენობის მასშტაბური განსაზღვრა, ან რაიმე ობიექტური, სამართლიანი, განჭვრეტადი კრიტერიუმების გათვალისწინება.  „გარდა ამისა, ის შეიცავს  რელიგიური ორგანიზაციების  ავტონომიურობაში სახელმწიფოს ჩარევის საფრთხეს“.

საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

„ეს საქმე სამწუხაროდ ასე დასრულდა,“-გვეუბნება ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ ბეგაძე. მისი განმარტებით, ეს შედეგი გამოიწვია იმან, რომ სასამართლომ დაუშვა დამატებითი კითხვა პროცესზე.

„რადგან თქვენ ითხოვთ, რომ არაკონსტიტუციურად ვცნოთ მთავრობის დადგენილება,  ამით თქვენ უშვებთ, რომ სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ვერ მიიღონ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება, – ამბობდა სასამართლო. „სახარების რწმენის ეკლესიას“  კი ჰქონდა მკაცრი განმარტება, რომ ისინი არ ითხოვდნენ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს წართმეოდათ კომპენსაციის ანაზღაურების უფლება,“-ამბობს მარიამ ბეგაძე.

მისი განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დისკრიმინაციულად ცნობდა მთავრობის დადგენილებას, ყველა შემთხვევაში მოხდებოდა ამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ზიანის ანაზღაურების შეწყვეტა.

„საკონსტიტუციო საამართლო არ არის პოზიტიური და ის ვერ გადაწყვეტდა, სხვა რელიგიური ორგანიზაციების ამ სიაში დამატების საკითხს. მას მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, იყო თუ არა მთავრობის დადგენილება დისკრიმინაციული.

 

გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეები ძალიან მყარად ითხოვდნენ, რომ სხვას არ წართმეოდა ზიანის ანაზღაურების უფლება, სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ნორმის არა მთლიანად გასაჩივრება, არამედ მხოლოდ იმ შინაარსის გასაჩივრება, რომელიც მათ არ ამატებდა სიაში. სამწუხაროდ, პროცესზე ეს ვერ გავითვალისწინეთ,“-ამბობს ბეგაძე.

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციას უკვე შეუქმნა მოლოდინი, რომ ისინი მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაციას, შესაძლებელია ამ დადგენილების შეჩერების გამო, სასამართლოს მათაც მიმართონ.

„სამართლებრივად ცოტა რთული და ჩახლართული პროცესია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სარჩელი თავიდან შევიტანოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ მოვახდინოთ რაიმეს დაკონკრეტება.

ჩვენ ველოდებით ლუთერული ეკლესიის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ზიანი მიიღო საბჭოთა რეჟიმისგან და ამის შემდეგ ხელმეორედ მივმართავთ სასამართლოს,“-გვეუბნება ბეგაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის დადგენილებას დისკრიმინაციულად ცნობს, საქართველოს მთავრობა ორი არჩევანის წინაშე დადგენა, ან შეუწყვიტოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც კომპენსაციის გადახდა, ან სიაში დაამატოს მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციებიც.

საბჭოთა რეჟიმის დროს ისევე, როგორც სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, „სახარების რწმენისა“ და ლუთერულმა ეკლესიამაც დევნა განიცადეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომები, ზეპირი მოსმენით,  2015 წლის 11 მარტსა და 2016 წლის პირველ თებერვალს გაიმართა.

ავტორი: ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი
წყარო: netgazeti.ge
ჩატვირთვა...