საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი 20 წლისაა

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი 3 დეკემბერს 20 წლის ხდება. იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზაცია მიღებას სასტუმრო „გოლდენ პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, 18:00 საათზე გამართავს.

„მობრძანდით და დაპატიჟეთ მეგობრები. ეს იქნება სქსკ-ს ისტორიის, ჩვენი ისტორიის და ღმერთის საქმეების გახსენების ზეიმი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სქსკ არ არის ოფისის კედლები, არც გენერალური მდივანი, თანამშრომლები ან სათათბირო. სქსკ ხარ შენ და ჩვენ, ყველა ერთად. სწორედ ამიტომ, გთხოვთ ჩაინიშნოთ ეს თარიღი და გელით მთელი გულით!” – ნათქვამია ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი არის არასამთავრობო, არაკომერციული, სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის მისიაა ქრისტიანული ცხოვრების პრინციპების დანერგვა სტუდენტებს შორის. სქსკ-ს მიზნად ისახავს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში დაფუძნებას და თავისი ჩართულობით სტუდენტების დახმარებას პროფესიული განვითარებისა და ქრისტიანული ფასეულობების შეთავსებაში.

სქსკ ხშირად მართავს სხვადასხვა სემინარებს ახალგაზრდებისთვის, ასევე ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და ამზადებს ლიდერებს. ორგანიზაცია ამჟამად მოღვაწეობს საქართველოს სამ საუნივერსიტეტო ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და გორში.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ მოღვაწეობა საქართველოში 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც, რამდენიმე სტუდენტის ინიციატივით, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოყალიბდა. მათ მისიონერთა ხუთკაციანი ჯგუფი ეხმარებოდა IFEს-იდან (International Fellowship of Evangelical Students), თუმცა საქართველოში არსებული სამოქალაქო ომის პირობებში ორგანიზაციის საბოლოო ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, გერმანელმა მისიონერმა წყვილმა, ვერნერ და დითლინდ ბადერშნაიდერებმა, შეძლო საქართველოში ქრისტიან სტუდენტთა კავშირის შექმნა.

jesus.ge-ს გუნდი ულოცავს სქსკ-ს 20 წლის იუბილეს.

ჩატვირთვა...