საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდის განცხადება, მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე.

0 331

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის სინოდის პასუხი თბილისის რეგიონის
ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მიერ 19 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე.

ეკლესიას გვეამაყება, რომ ასეთ მცირემაშტაბიან თემში გვყავს ისეთი დიდი სწავლული,
როგორიც ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილია. მისი პატივისცემის გამო მაქსიმალურად
ვიკავებდით თავს საჯარო გამოხმაურებისგან, მაგრამ მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ
მაუწყებელზე მან ბრალი დასდო ჩვენს ეკლესიას ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე
ადამიანთა მიმართ სიძულვილსა და შიშში, სინოდი იძულებული გახდა საჯაროდ ეპასუხა.

ამ მიმართვით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

1. ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია მოწამის სისხლზე, მან გამოიარა კომუნისტური პერიოდის რეპრესიები, ღირსეულად გადაიტანა 90-იანი წლების რელიგიური ექსტრემიზმი და თუ ჰომოსექსუალური პრაქტიკა ღმერთისთვის მოსაწონი იქნებოდა, ის თავდასხმების შიშით უკან არ დაიხევდა.

2. ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და მისი თეოლოგიური გამართლება აბსოლუტურად მიუღებელია. ქორწინება ეს არის, არა რომელიმე ერის ადათი და ტრადიცია, არამედ სამყაროს შემოქმედი ღმერთის მიერ შექმნილი ინსტიტუტი. საღვთო წერილის მიხედვით, ქორწინება ეს არის კაცსა და ქალს შორის კავშირი და ჰომოსექსუალური პრაქტიკის ყველა ფორმა დაფუძნებული, გნებავთ მონოგამიურ ურთიერთობაზე თუ სექსუალურ აღვირახსნილობაზე, სრულ შეუსაბამისობაშია ბიბლიურ სწავლებასთან.

3. ეპისკოპოს მალხაზის მიერ იმის განცხადება, რომ იესოს არაფერი უთქვამს ჰომოსექსუალობის შესახებ, ამით თითქოსდა უფალი თავისუფალ სივრცეს ტოვებს ჰომოსექსუალური პრაქტიკისთვის.

მათეს სახარებაში იესო ცხადად საუბრობს ქორწინებაზე: ,,ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად (მათე 19:4-5)“. იესოს ეს შეხედულება ავტომატურად გამორიცხავს ქორწინების ყველა სხვა ფორმას, მათ შორის სიყვარულზე და ერთგულებაზე დაფუძნებულ ერთსქესიანთა მონოგამიურ ურთიერთობას.

4. ჩვენს მიერ ჰომოსექსუალური პრაქტიკის ცოდვად შეფასება არ უნდა იყოს აღქმული ამ ადამიანების სიძულვილად. როცა იესო ცოდვაში ამხელს ადამიანებს ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას სძულს ისინი. იესოს სძულს ცოდვა და არა ცოდვილი. მხილებას ადამიანი მიჰყავს სინანულამდე, სინანულს გადარჩენამდე. სწორედ ეს არის ქრისტესმიერი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა.

ეკლესია მოწოდებულია იქადაგოს ღმერთის უპირობო მიტევებაზე და სიყვარულზე და ამავდროულად ისაუბროს იესოს მიმდევრების ვალდებულებებზე. იესომ მრუშ დედაკაცს მიუტევა, მაგრამ იქვე გააყოლა ვალდებულება ,,ამიერიდან აღარ შესცოდო“ (იოანე 8:11).

სინოდის ზოგადი განაცხადი

1. ღმერთმა ადამიანს ყველაზე ფასდაუდებელი ნიჭი უბოძა თავისუფალი არჩევანის სახით და არავის აქვს უფლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. პიროვნული არჩევანი თავისუფალი არჩევანის სივრცეა და თუ ვინმე ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას გამოავლენს მათი დაცვა სახელმწიფომ და შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყოს.

2. ეკლესია თავის მხრივ გამოხატავს სრულ მზადყოფნას იდგეს დაჩაგრულისა და დამცირებულის გვერდით მიუხედავად მათი ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური კუთვნილებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ადამიანი, რომელიც იდევნება მისი განსხვავებულობის გამო ნუგეშცემული უნდა იყოს ეკლესიაში. ეკლესია ეს არის ადგილი, რომლის კარიც ღიაა განურჩევლად ყველასთვის.

3. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის სრულ ევროპულ ინტეგრაციას და სრულიად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია იმ პოლიტიკური ძალების პროპაგანდა, რომლებიც ახდენენ დასავლური ღირებულებების იდენტიფიცირებას ჰომოსექსუალობის თემასთან.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდი
ჩატვირთვა...