რას ემსახურება სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიამ რელიგიურ ორგანიზაციებს მიმართა და მათ სასულიერო პირების სია, მათი პირადობის მოწმობების ასლები, საკონტაქტო მონაცემები, სასულიერო ხარისხი და ამჟამინდელი მსახურების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. სააგენტომ რელიგიურ გაერთიანებებს ასევე მოსთხოვა მათი საკულტო ნაგებობების სრული სიის გადაცემაც. საკითხი, თავისი სათუთობიდან გამომდინარე, მალევე გახდა საყოველთაო განსჯის საგანი. თავად სააგენტოში განმარტავენ, რომ ინფორმაცია „რელიგიური რუკის” შექმნისთვის არის საჭირო, თუმცა კონკრეტულად რაში სჭირდება პერსონალური ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ პროექტს, კვლავ კითხვად რჩება.

აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს და ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში, არ აქვს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების და დამუშავების უფლებამოსილება.

ამ მოთხოვნას სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. მათ მიმართვაში ნათქვამი იყო: „იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები დაკავშირებულია პირთა რელიგიურ მრწამსთან, დაცულია საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“; წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია ამავე კანონის მე-6 მუხლით.”

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მოთხოვნას „გირჩის” წევრების მიერ დაარსებულ ახალი რელიგიური ორგანიზაციის საკითხს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ მათ ამ ნაბიჯს რელიგიური გაერთიანებების კონტროლის გაძლიერება მოჰყვება.

„ჩვენ არასდროს გაგვიგზავნია პერსონალური ინფორმაცია. საქმე ის არ არის, თითქოს რამე გვქონდეს დასამალი. ყველა შენობა–ნაგებობა არის გაფორმებული ეკლესიის სახელზე და ეს ინფორმაცია სახელმწიფოსათვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ღვთისმსახურებს და მათი პირადობის ნომრების გაცემას, ეს არის მათი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ამბავი და, მგონია, არ არის ნორმალური მოვლენა. ვფიქრობთ, რომ არაფერსაც არ გავუგზავნით, კანონი ამას არ გვავალდებულებს,” – განაცხადა მან.

 

ჩატვირთვა...