მერაბ გაფრინდაშვილი – ქორწინება არა ერთი რომელიმე ერის ტრადიცია, არამედ ღმერთის მიერ დადგენილი ინსტიტუტია

0 459

ქორწინება არა ერთი რომელიმე ერის ტრადიცია და ადათი, არამედ თვით სამყაროს შემოქმედი ღმერთის მიერ დადგენილი ინსტიტუტია, – განაცხადა საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„წმინდა წერილი პირველივე ფურცლებიდან გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა. მან ისინი დედაკაცად და მამაკაცად შექმნა. ამიტომ, მიატოვებს კაცი თავის დედას და მამას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი ერთ ხორცად იქნებიან“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, მართალია, რომ იესოს ჰომოსექსუალობის შესახებ არაფერი უთქვამს ისევე, როგორც არაფერი უთქვამს ინცესტის, პედოფილიის, ზოოფილიისა და ნეკროფილიის შესახებ, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ცოდვა იყო.

„იესო იმ საზოგადოებას ესაუბრებოდა, რომლისთვისაც სჯული უცხო არ იყო. სჯული ადამიანებს მამაკაცის მამაკაცთან დაწოლას უკრძალავდა. ეს იყო ცოდვა, რაც ყველას კარგად ესმოდა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პავლე მოციქული წარმართებს, იმ ადამიანებს ესაუბრებოდა, რომლებმაც რჯული არ იცოდნენ. ამიტომ, მას ცოდვების ძალიან ფართო ჩამონათვალი ჰქონდა, რომლებიც მისთვის მიუღებელი იყო და ამ ჩამონათვალში ერთ–ერთი ცოდვა მამათმავლობა იყო.

როგორც საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, მამათმავლობა ერთადერთი და ყველაზე საშინელი ცოდვა არ არის.

„ჩვენ, ადამიანებს ცოდვები გვაქვს და თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის მეც, ამ ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლა გვიწევს, მაგრამ იესომ ქორწინების შესახებ თქვა ის, რაც ღმერთმა სამყაროს გარიჟრაჟზე დაადგინა–დააკანონა. გაიმეორა მაშინ, როცა ფარისევლებმა ქორწინებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს. იესომ დაადასტურა ის, რაც მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან ერთად მანამდე დადგენილი ჰქონდა და თქვა, რომ ქორწინება ეს არის ერთ ქალსა და კაცს შორის კავშირი“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა გადაცემაში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილისის რეგიონის ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ 19 იანვარს გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაზე საპასუხო განცხადებები გააკეთა.

ამასთან, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდმა მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე ვრცელი განცხადებაც გაავრცელა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჩატვირთვა...