„ახალი კონსტიტუციის პროექტით რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება დამოუკიდებლად აღარ არსებობს და ის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების დათქმით იზღუდება,” – ინფორმაცის ტელეკომპანია ტაბულა ავრცელებს.
პროექტის მე-8 მუხლი:
“რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან”.
ჩანაწერში გამქრალია მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის ფორმულირება “სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას” – რომელიც აზუსტებდა რწმენის თავისუფლების აბსოლუტურობას. აღმსარებლობის თავისუფლების ჩანაწერის შეკვეცის მიუხედავად, უცვლელი დარჩა მუხლის შემდგომი ფორმულირება: “ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან”.
საკონსტიტუციო კომისიამ, 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციას არ მიუღია. პარტიებმა კომისია სხვადასხვა დროს, პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება.