9 წლის ბიჭუნამ უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფარი გახსნა

0 67

9 წლის ბიჭუნამ ფილიპინების კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქიდან, გახსნა ძაღლთა თავშესაფარი. კენს ძალიან უყვარს ცხოველები და ყოველთვის ძლიერ ებრალებოდა უსახლკარო ძაღლები, რომლებიც მის უბანში მრავლად არიან.

როდესაც ის დაახლოებით 7 წლის იყო, მან დაიწყო ძაღლების გამოკვება, რომლებიც მის სახლთან და სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ. ის აგროვებდა ფულს, რომლებსაც მშობლები ყოველდღიურად აძლევდნენ, იმისათვის, რომ ეყიდა რაც შეიძლება მეტი საკვები  ქუჩების ოთხფეხა ბინადრებისთვის.

„ყოველთვის ვოცნებობდი, გამეხსნა ცხოველების თავშესაფარი, – ყვება კენი. – მაგრამ ჩემი მამა მეუბნებოდა, რომ ამაზე ძალიან დიდი დრო, ძალა და ფული  წავიდოდა. ის მიმტკიცებდა, რომ მხოლოდ უფროსებს შეეძლოთ დახმარება. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო“.

ერთხელ მეგობრებმა სურათი გადაუღეს კენს და გამოაქვეყნეს ინტერნეტში ფოტო, რომელზეც ასახული იყო მომენტი, როდესაც კენი კვებავდა მის „ქვეშევრდომებს“.

ფოტოსურათმა და ბიჭის ოცნების მოკლე აღწერამ სწრაფად მოიარა მთელი მსოფლიო. კენს წერდნენ და სთავაზობდნენ დახმარებას ამერიკიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან.

მზრუნველობას მოკლებული ძაღლები კენს უფრო და უფრო ემატებოდა. ბიჭი ძაღლებისთვის საკვებს და წამლებს ყიდულობდა, ბანდა მათ და საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმე ვეტერინართანაც წაიყვანა.

ადამიანებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან დაიწყეს კენის ანგარიშზე თანხების გადმორიცხვა და მალე მამამ შესთავაზა კენს მათი საშინაო ავტოფარეხი ძაღლების თავშესაფრად გადაეკეთებინათ. იქ კენს მიყავს ისეთი ძაღლები, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ დახმარება – არც თუ ისე ჯანმრთელებს და სუსტებს.

კენი თითოეულ ძაღლზე, რომელზეც ზრუნავს, წერს თავის ბლოგში (http://www.happyanimalsclub.org/) – ფოტოსურათებითა და ვიდეო-ფაილებით: ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია თვალყური ადევნოს იმას, თუ რაში ხარჯავს ფულს კენი.

გეგმებში პატარა ბიჭს თავშესაფრის გაფართოება აქვს. მას იმედი აქვს, რომ იპოვის სპონსორს, რომელიც დაეხმარება მას უფრო დიდი ფართის შენობის დაქირავებაში ან ვინმე თავშესაფრისთვის თავის ტერიტორიას შემოსთავაზებს. კენისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ქალაქში კიდევ ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია და ბიჭუნა გრძნობს თავის პასუხისმგებლობას მათ წინაშე.

პატარა კენის საქციელი ნამდვილი მაგალითია ჩვენთვის, რათა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ყოველ ცოცხალ არსებას. თუკი პატარა ბავშვმა, თავისი მცირე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლო ასეთი რამ და ესოდენ ეხმარება ძაღლებს, რამდენად მეტია ჩვენი შესაძლებლობები, რათა დავეხმაროთ ჩვენს ქალაქში, სოფლებში, ქვეყანაში ასობით ათას გაჭირვებულ ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. შესანიშნავია, რომ ასეთი გულისხმიერი ბავშვი ეხმარება უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებს, მაგრამ ძალიან ბევრი პატარა თავად საჭიროებს დახმარებას. მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წილი სიკეთის გაკეთება და დახმარების გაწევა სხვა ადამიანთათვის, რადგან ყოველთვის მოიძებნება ის, ვისაც ჩვენზე მეტი საჭიროება აქვს და ვისაც შეგვიძლია გავუწოდოთ დახმარების ხელი.

ჩატვირთვა...