„ეს ჩემი ბავშვია!“- შვილად აყვანის ისტორია

0 156

პატარა მიშას, თავის ახალ ოჯახთან ერთად, ახალ წელს ნამდვილი სასწაული გადახდა თავს.

თავდაპირველად, ზღაპარი იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა პატარა მამონტმა თავისათვის დედაც, მამაც და ძმაც, შეთხზეს მაგნიტოგორსკის (რუსეთი) თოჯინების თეატრის, „ბურატინოს“ მსახიობმა და რეჟისორმა ალექსანდრამ და სერგეი იაგოდკინებმა. ავტორებმა მათსავე ზღაპრულ გმირში, რომელიც მთელი სცენარი გრძელ და საშიშ მოგზაურობაშია, აღმოაჩინეს თავიანთი პატარა „მამონტი“ – ვაჟიშვილი მიშა, რომელმაც ზღაპრის გმირის მსგავსად, იპოვა არა მარტო მშობლები, არამედ ორი უფროსი ძმაც. სპექტაკლი კი მას შემდეგ ანშლაგით მიდის თეატრში.
ახლა, სერგეის და ალექსანდრას ოჯახში სამი ბავშვია. უფროსები, ღვიძლი შვილები, გიორგი და დიმიტრი 14 და 7 წლისები არიან, მიშა კი მხოლოდ 2 წლის და 7 თვისაა და ის ხვდება ამ ახალ 2016 წელს ისე, როგორც ხვდება მას ყველა ჩვეულებრივი ბავშვი, მშობლებთან და ძმებთან ერთად სახლში, მეგობრებთან – საბავშვო ბაღში და კიდევ, თოჯინების ნამდვილ თეატრში, სადაც მამიკო და დედიკო მუშაობენ. ალექსანდრამ გვიამბო, როგორ იპოვა მეუღლესთან ერთად თავისი უმცროსი ვაჟი.

ბავშვის აყვანის სურვილზე

,,ეს სურვილი გამიჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მე-2 კლასში. მახსოვს, ჩვენი ოჯახი ახალ მიკრორაიონში გადავიდა საცხოვრებლად, ინფრასტრუქტურა იქ ჯერ არ იყო დიდად განვითარებული, ამიტომ ჩვეულებრივი სკოლის ნაცვლად, დროებით სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი, სადაც დედაჩემი მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ, ამ სკოლაში დავინახე, როგორ ცხოვრობდნენ ობოლი ბავშვები.

არდადეგებზე ყველა მოსწავლე წავიდა საზაფხულო ბანაკში და მე მახსოვს, როგორ მომაბარეს 7 წლის გოგონა, ამ ინტერნატის აღსაზრდელი. ის უბრალოდ მომიყვანეს და მითხრეს: „მას შენ მიხედავ“. ერთიანად ვკანკალებდი, ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. უცებ, გოგონამ მომკიდა ხელი, შემომხედა თვალებში და მაშინ ჩემთვის მტკიცედ გადავწყვიტე, როდესაც გავიზრდებოდი ავიყვანდი შვილს ოჯახში.

გავიდა წლები, გავიზარდე და მაშინ ჯერ კიდევ ჩემს მომავალ მეუღლეს მოვუყევი ჩემი ბავშვობის დროინდელი გადაწყვეტილების შესახებ. მან მომისმინა და მაშინვე დამთანხმდა. რა თქმა უნდა, ქორწილისთვის ჩვენ არ დაგვიგეგმავს ზუსტი თარიღი ბავშვის შვილად აყვანისა, მაგრამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა.

ფიქრი იმის შესახებ, რომ უკვე „დროა“ თავისთავად მოვიდა. მეუღლესთან ერთად თოჯინების თეტრში ვმუშაობთ, ის რეჟისორია, მე – მსახიობი. ჩვენ ერთად პიესა დავწერეთ პატარა მამონტის შესახებ, რომელიც ეძებს თავის ოჯახს. ძიებაში კი მას ყველა ეხმარება. რა თქმა უნდა, ამ ზღაპარში ბედნიერი დასასრულია. დიდებიც და ბავშვებიც სიამოვნებით მოდიან სპექტაკლზე, მთავარ გმირთან ერთად განიცდიან, ტირიან და იცინიან. სპექტაკლი არა მხოლოდ უბრალო მაყურებელმა შეაფასა, არამედ ჭირვეულმა კრიტიკოსებმაც. ჩელიაბინსკის ოლქის პროფესიონალური თეატრების ფესტივალზე „სცენა 2015“ სპექტაკლი „ოჯახი პატარა მამონტისთვის“ აღიარებულ იქნა ბავშვებისთვის საუკეთესო სპექტაკლად. ჩვენ კი ამ დროისთვის ვემზადებოდით ჩვენი საკუთარი პატარა მამონტის საძიებლად.

იმის შესახებ, თუ როგორ ვეძებდით გოგონას და ვიპოვეთ ბიჭი

,,ვიდრე ჩვენი ვაჟი გველოდებოდა, ჩვენ მას ვეძებდით, თუმცა, მართალია, თავდაპირველად, ჩვენ ვფიქრობდით გოგონაზე და არა ბიჭზე. დავდიოდით ობოლ ბავშვთა ცენტრებში. სხვათაშორის, როდესაც იქ მისულ მომავალ დედებს გვკითხეს როგორი ბავშვის აყვანა გვსურდა, ყველა მომავალმა დედამ ერთხმად თქვა, რომ სურდათ ქერა გოგონა ცისფერი თვალებით. უბრალოდ განსახვავება ის იყო, რომ ზოგს სულ პატარას აყვანა სურდა, ზოგიერთს კი – ცოტა მოზრდილების. ბიჭებზე სიტყვაც კი არ დაძრულა. ფსიქოლოგებმა ყველას ყურადღებით მოგვისმინეს და რიგი ტესტირებებისა და გასაუბრებების ჩატარების შემდეგ, მე და ჩემს ქმარს გვირჩიეს ბიჭის აყვანა. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და დავთანხმდით მათ აზრს.

შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ დოკუმენტების შეგროვება. პარალელურად ვამზადებდით ჩვენს ბავშვებს ახალი ძმის გამოჩენისთვის. ბიჭები შვილად აყვანის იდეას აღტაცებით შეხვდნენ, შეგვპირდნენ, რომ აყვანილ ძმას ყველაფერს გაუყოფდნენ და ეყვარებოდათ ის, როგორც ღვიძლი ძმა და უნდა ვთქვა, რომ მათ თავიანთი დანაპირები პირნათლად შეასრულეს.

ასე დავიწყეთ 2 წლიდან 5 წლამდე ბიჭის ძებნა. უფრო პატარა ასაკზე ვერ გავრისკეთ, რადგან გრაფიკი არანორმირებული გვაქვს, ხოლო, როდესაც „ნაძვის ხის კამპანია“ იწყება, დედა საერთოდ ქრება სახლიდან. ბებიები სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, ასე რომ დახმარებას არსაიდან არ ველოდებოდით.

ძიება მარტივი არ აღმოჩნდა. ბაზაში ძალიან ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ ერთის აყვანა სერიოზული დაავადებების გარეშე, რომელსაც გამოკვლევები და სტაციონარული მკურნალობა შეიძლება დასჭირვებოდა. რეგიონალურ ოპერატორებთან ზარებს არანაირი შედეგი არ მოჰქონდათ: ჩემს მიერ არჩეულ ბავშვებს ან და-ძმა ჰყავდა, ან ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობასაც, ჩვენ, თეატრში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც არ გვაქვს საშუალება ხშირი და გრძელვადიანი საავადმყოფო ფურცლები ავიღოთ, ვერ გავუმკლავდებოდით. მე უკვე თითქმის იმედი დამეკარგა, როდესაც ერთ-ერთ ვიდეორგოლში დავინახე მიშა და გავშრი. „ეს ჩემი ბავშვია!“ – გავიფიქრე და ჩემთვის უკვე სულერთი იყო რამდენად სერიოზული დიაგნოზი ჰქონდა, რამდენი და და ძმა ჰყავდა, მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ის ჩემი იყო.

ქმრის რეაქცია მიშაზე არ იყო ისეთი, როგორიც ჩემი. ეს გასაგებიც იყო: ბიჭი იმ დროისთის წლის და შვიდი თვის იყო, ჩვენ კი ასეთი პატარა ასაკის ბავშვის აყვანას არ ვგეგმავდით და რაც მთავარია, ბავშვი საერთოდ არ გავდა ჩვენს ქერა და ცისფერთვალება შვილებს. ჯერ კიდევ ძიების პროცესის დასაწყისში გადავწყვიტეთ, რომ ვიპოვიდით ისეთ ბავშვს, რომელიც ემსგავსებოდა გარეგნულად ჩვენს ბიჭებს, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი გამოკითხვები და ალმაცერი გამოხედვები, რასაც ბავშვის ტრავმირება შეეძლო. მიშა კი უბრალოდ კი არ ჰგავდა ჩვენს ბიჭებს, კომპიუტერის ეკრანიდან ჩემს ქმარს შავთვალება, შავთმიანი და მუქ კანიანი ტაჯიკი უყურებდა. ასე რომ, გავაგრძელე ძიება, მაგრამ გული არ წყვეტდა იმ შავთვალება ბავშვზე ფიქრს.ახალ წელს, მახსოვს, ჩავიფიქრე სურვილი, როგორც ეს ხდება ხოლმე. მაშინ უკვე ვფიქრობდი, რომ მესამედ გავხდებოდი დედა. ამის ახსნა რთულია, მაგრამ შეგრძნებები ზუსტად ასეთია. თეატრში უკვე გასული იყო საახალწლო კამპანია და დღესასწაულებიც დასრულებული იყო. „წავალ, ვნახავ, იქნებ გავიგო, რომ ჩვენი არ არის და იქნებ დავმშვიდდე“, – ვუთხარი ქმარს. მან კი მიპასუხა: „ერთად წავიდეთ!“ იმავე საღამოს ბილეთები ვიყიდეთ, მე მეგობარს დავურეკე და ვთხოვე მიეხედა ჩვენი შვილებისთვის ორი დღე-ღამის განმავლობაში, რაც სახლში არ ვიქნებოდით. დილით დავრეკე იმ ქალაქის მზრუნველობის ორგანოში, სადაც მიშა იმყოფებოდა და შევუთანხმდი მათ ჩვენი ჩამოსვლის თაობაზე. საღამოს ჩავჯექით ელმავალში, შემდეგ გადავჯექით მატარებელში და მომდევნო დღის დილას ვიყავით უკვე ადგილზე.

პირველი შეხვედრის შესახებ

ობოლ ბავშვთა მზრუნველობის ცენტრის თანამშრომლები, როგორც შეეძლოთ, ცდილობდნენ გადაგვეფიქრებინა მიშას შვილად აყვანა და ამის მიზეზად მის მკვეთრად გამოხატულ ნაციონალობას ასახელებდნენ. დიახ, ნაციონალური კუთვნილების გამომხატველი გარეგნული მახასიათებლები ხშირად აშინებს ხალხს, რომელთაც სურთ ბავშვის ოჯახში მიღება. და რა გამოდის ბოლოს? ისინი წლობით ეძებენ ცისფერთვალება, ქერა ბავშვს, ხოლო პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები ისევ და ისევ უცდიან მამებსა და დედებს ბავშვთა სახლის კედლებს მიღმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეესაბამებიან უმრევლესობის წარმოდგენას ოცნების ბავშვის შესახებ. რეგიონალურმა ოპერატორმა დაიწყო სხვა ბავშვების სურათების ჩვენება, მაგრამ მე და ჩემმა ქმარმა ვუთხარით: „იმაზე მოგვეცით მიმართულება, ვისთვისაც ჩამოვედით!” .მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელმა აიჩეჩა მხრები,საქაღალდე ბავშვების ფოტოებით ხელში გამოგვიწერა მიმართვა იმ ბიჭზე, რომელიც ჩვენ გვინდოდა. გამოვტაცეთ ქაღალდი ხელებიდან და ტყვიასავით გამოვარდით დაწესებულებიდან. ჩვენ უნდა მოგვესწრო ბავშვის სახლში მანამ, სანამ ბავშვებს შეიყვანდნენ დასაძინებლად. ბავშვის სახლამდე გზა უსასრულოდ გრძელი გვეჩვენებოდა, არავისთვის საჭირო ბავშვები ამ ქალაქში გადაწყვიტეს გარეუბანში დაესახლებინათ. ტაქსის მძღოლმა არ იცოდა, სად მდებარეობდა ეს სახლი და როგორ უნდა მივსულიყავით იქამდე. მე უკვე აღარ მჯეროდა, რომ ოდესმე ვნახავდი ბავშვს, როდესაც, უეცრად, მანქანამ გააჩერა.

და აი, ის მოიყვანეს ძილის წინ – ატირებული, აბურძგვნილი, შავთვალება ბიჭუნა. გამოხედვა მკაცრი ჰქონდა, ეცვა დიდი, მუხლებთან აწეული რეიტუზი, მაისურიც დიდი ზომის ეცვა, გრძელი სახელოებით. მე ხან მას ვუყურებდი, ხან ქმარს. ქმარმა კი ისე, რომ არ გამოუხედავს თქვა: „სად მოვაწეროთ ხელი? თანახმა ვართ!“. მიშა, თითქმის, ეგრევე წაიყვანეს. ექიმი დიდ ხანს ყვებოდა დიაგნოზებსა და ნაციონალობაზე, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ჩვენთვის, მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა: ჩაგვეკრა გულში მიშა და აღარსად აღარ გაგვეშვა.
ჩვენ გვითხრეს, რომ შეგვეძლო ძილის შემდეგ მოვსულიყავით და გვენახულა ბავშვი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივედით. მე ხელებში ავიყვანე მიშა და დავიწყე მასთან თამაში. ვხედავდი ძალით ცდილობდა ღიმილის ჩახშობას თავის თავში, ცდილობდა დარჩენილიყო აღუშფოთებელი, ვფიქრობდი ემოციებს ფარავდა, ან არ შეეძლო მათი გამოხატვა. მამიკომ პიანინოზე დაუკრა მასთან ერთად, მაგრამ ბავშვი თითქოს გაყინული იყო. პრინციპში, ის ასეთი იყო სულ, ვიდრე სახლში დავბრუნდით. სახლშიც რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ გვენდობოდა, გვამოწმებდა.

ცვლილებებზე

მიშას პირველი ღიმილი სპეციალურად ,,დაღრეჭილ” ღიმილს გავდა. ის ხედავდა, როგორ იღიმებოდნენ ადამიანები მის ირგვლივ და ცდილობდა ამის გამეორებას, მაგრამ კუნთები არ ემორჩილებოდა და ეს ყველაფერი მოუხერხებლად გამოსდიოდა.

ეტაპობრივად, ბავშვი სწავლობდა გაღიმებას, კოცნას, ჩახუტებას. შემდეგ ის მიეჩვია ალერსსაც. მაგრამ იყო მომენტები, როდესაც მართლაც შიშის თავზარი გვცემდა – ბავშვი იჯდა მუხლებზე დაჩოქილი და ირხეოდა საწოლში. ეს იმიტომ, რომ მას და სხვა ბავშვებს ბავშვთა სახლში არავინ არასდროს არ ურწევდა. მაგრამ ერთია იცოდე ამის შესახებ და სულ სხვაა საკუთარი თვალით იხილო ეს შემაძრწუნებელი სანახაობა. როდესაც ხვდები, როგორ საშინლად და მარტოსულად გრძნობენ თავს ეს სრულიად უდანაშაულო ბავშვები ბავშვთა სახლებში, გული იგლიჯება შუაზე! ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, რატომ ავიყვანეთ ბავშვი, მე ვიცი, რა ვთქვა. დიახ, მე შემიძლია ბავშვის გაჩენა, მე ხომ ორი ბავშვი გავაჩინე და მე უკვე აღარ მჭირდება არც თავისთვის და არც სხვისთვის იმის დამტკიცება, რომ ქალი ვარ. მაგრამ მე შემიძლია ბავშვის შვილად აყვანა იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანი ვიყო და ეს სულ სხვა შეგრძნებაა.

რაც შეეხება ჩემს უფროს შვილებს, ამ მოვლენის შემდეგ ისინიც შეიცვალნენ. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ამიერიდან ბავშვებისთვის ყველაფერს სამად გავყოფდით, კამფეტებსაც, რაღაც სათამაშოებსაც და სიყვარულსაც. უფროსი, რა თქმა უნდა, თავიდანვე მხარში ამოგვიდგა და ახლაც გვეხმარება. შუათანას კი რეაქცია ჰქონდა. ის, უცებ, გადაიქცა ჭირვეულ ბავშვად, რომელიც სულ ფერებას და ყურადღებას ითხოვს. ხან ატირდებოდა უეცრად, ხან მოგვთხოვდა მის ხელში აყვანას. მაგრამ სადღაც ორ თვეში ყველაფერმა გაუარა.

გასულ აგვისტოს მიშა საბავშვო ბაღში წავიდა. აქამდე ის უბრალოდ არ მშორდებოდა ხელებიდან. ბაღი კარგი გვაქვს, იქ ჩემი შუათანა შვილი დადიოდა და შესანიშნავი თანამშრომლები არიან, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ისტორიას. შვილად აყვანას საიდუმლოდ არ ვინახავთ, ყველამ იცის, რომ აყვანილი შვილი გვყვას, ამის დამალვა რთულიც კი იქნებოდა.

თუმცა, ბოლო დროს, ბევრი ჩვენი ნაცნობი ამჩნევს, რომ მიშა ჩვენ გვემსგავსება. შეიძლება ჩვენც ვემსგავსებით მას, ვინ იცის? მან ძალიან შეგვცვალა, გაგვხადა უფრო კეთილები, მომთმენები, ჩვენ ნაკლებად მომთხოვნი გავხდით ცხოვრებისადმი, ჩვენ ხომ ერთად ვართ და ეს უკვე ბედნიერებაა! და კიდევ, იმის შემდეგ, რაც მიშა მოვიდა ჩვენს სახლში, ყველაფერი ყირაზეა ჩვენთან: ხან კედლებს ხატავს, ხან სათამაშოებს აბნევს მთელ სახლში, ხან მთელ კარადას ატრიალებს – ეს მაგარია და სახალისო! საერთოდ, მიშას გამოჩენით, ჩვენ მეტს ვიცინით, მიშაც ედნიერია. მას ძალიან უყვარს სიცილი და უყვარს, როდესაც აქეთ ამხიარულებს სხვებს. ყოველ ღამე, ძილის წინ მე ვეუბნები მას: „მადლობა, რომ ჩვენ აგვირჩიე”.

რჩევები მომავალ მშვილებლებს

  1. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს ძალებში 100%-ით, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ შეძლებთ სხვისი შვილის შეყვარებას, როგორც ღვიძლი შვილისას, არ იჩქაროთ შვილად აყვანა. სჯობს ასეთ ბავშვებს როგორმე სხვაგვარად, თქვენთვის უფრო მისაღები საშუალებით, დაეხმაროთ.
  2. ვთვლი, რომ მითი იმის შესახებ, რომ ბავშვებს გენების მეშვეობით გადაეცემათ ალკოჰოლისა ან კრიმინალისადმი მიდრეკილება, ცალსახად მითია. ჩემი თაობა, უმეტეს წილად, შედგება ისეთი ბავშვებისაგან, რომელთა მშობლებიც ალკოჰოლიკები იყვნენ, მაგრამ ვიღაც წავიდა მშობლების კვალდაკვალ, ვიღაც – არა.
  3. თუ მაინც გადაწყვიტეთ ბავშვის შვილად აყვანა, მთავარია, გულით აირჩიოთ. ეძებეთ მანამ, სანამ არ გაიგებთ, არ იგრძნობთ, რომ ეს თქვენი ბავშვია. უბრალოდ არაა, რომ ნაშვილებ ბავშვებს გულით გაჩენილ ბავშვებს ეძახიან. სხვაგვარად არც შეიძლება.
  4. აუცილებლად, მოიმარაგეთ მოთმინება. მოთმინება უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ღვიძლი შვილების აღზრდისას, დაახლოებით 20-ჯერ მეტი და არასდროს არ ელოდოთ მადლიერებას აყვანილი ბავშვისგან! მას არა აქვს თქვენი ვალი. ეს თქვენი არჩევანი და თქვენი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ თქვენ აგებთ მასზე პასუხს.
  5. ნუ შეგეშინდებათ რჩევისთვის მიმართოთ ფსიქოლოგს. თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ პროფესიონალურ რჩევებს, არამედ საჭირო მორალურ მხარდაჭერასაც. იყო მომენტი, როდესაც მეშინოდა, ზედმეტად არ შემყვარებოდა ან პირიქით, არ დამეკლო მისთვის სიყვარული. ფსიქოლოგმა დამარწმუნა, რომ არ უნდა იყოს არანაირი ეჭვი, თავიდანვე უნდა მოეპყრო ბავშვს ყველაფერში ისე, როგორც ღვიძლ შვილს.
  6. არ უნდა გეშინოდეთ მსგავსების არ ქონის. ბავშვი, რომელიც თქვენ გგავთ, მაინც არ გავს არავის – ის პიროვნებაა.
ჩატვირთვა...