სამხრეთ კორეელი ხუცესი სთხოვს ხალხს, რომ არასასურველი ჩვილები დატოვონ ამ კონტეინერებში

0 236

სამწუხაროდ, დღემდე უამრავია ჩვილების მიტოვების ფაქტი, ჩვილებისა, რომლებსაც გარდაუვალი სიკვდილი ელით. ამ სამხრეთ კორეელ ხუცესს და მის მეუღლეს მრავალი მიტოვებული ბავშვი უნახავთ სეულის ქუჩებში, რამაც უბიძგა მათ „სიცოცხლის ფანჯრის“ შექმნისკენ. ხუცესი ლი ჯონგ-რაკი ბევრი საშინელების მომსწრე გახდა სამხრეთ კორეის დედაქალაქის ქუჩებში. ის ხედავდა, როგორ ტოვებდნენ ჩვილებს და როგორ სწირავდნენ მათ სასიკვდილოდ.

რამდენიმე წლის წინ, ზამთრის ერთ დღეს, ხუცესმა ახალშობილი იპოვა თავისი სახლის ზღურბლთან. ლი ჩონ-რაკი და მისი მეუღლე ხედავდნენ სხვა, ასეთივე უმწეო ჩვილების რთულ მდგომარეობას, რომლებსაც ამ ჩვილივით არ გაუმართლათ. შემდეგ ცოლ-ქმარმა იფიქრა, რომ ნაწილობრივ მაინც მოეგვარებინა ეს პრობლემა. მათ შექმნეს „სიცოცხლის ფანჯარა“, პატარა სამედიცინო ‘ბოქსი’, სადაც მშობლებს შეეძლოთ თავიანთი არასასურველი ბავშვების დატოვება იმ იმედით, რომ მათზე სხვები იზრუნებდნენ.

„ჩვენ უამრავი მიტოვებული ახალშობილი გვინახავს ქალაქის ქუჩებში. აი, ამიტომაც გადავწყვიტეთ „სიცოცხლის ფანჯრის“ შექმნა“, – თქვა ხუცესმა ლი ჯონგ-რაკმა ფილმის „The Drop Box“ პრემიერაზე.

„ნამდვილად არ ველოდი, რომ ამდენი ბავშვი გამოჩნდებოდა“, – ამბობს ის. 2010 წელს გამოჩნდა პირველი ბავშვი, რომელსაც ასობით ბავშვი მოჰყვა. 2009 წლიდან მოყოლებული 2016 წლამდე „სიცოცხლის ფანჯარამ“ ათასზე მეტი ბავშვი მიიღო.

„ერთმა დედამ მითხრა, რომ ის საწამლავით აპირებდა თავის მოკვლას, რასაც მისი შვილის სიცოცხლეც შეეწირებოდა. მე ვუთხარი მას: ‘ნუ გააკეთებ ამას. მოდით ჩვენთან თქვენს შვილთან ერთად.’“

ხუცესმა ლი ჯონგ-რაკმა იცის ადამიანის სიცოცხლის ფასი. „არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ბავშვების სიცოცხლე არაფრად ღირს. ღმერთმა ისინი აქ განსაზღვრული მიზნით გამოგზავნა“, – ამბობს ხუცესი.

„ადამიანები ამტკიცებენ, თითქოს მე რაღაც უარყოფით ატმოსფეროს ვქმნი მშობლებისთვის, რომლებსაც არ სურთ შვილების გაზრდა. ამბობენ, რომ ეს ყოველივე ისე გამოიყურება, თითქოს ადვილია ბავშვების მიტოვება. მათ თავადაც არ ესმით, რას ლაპარაკობენ“, – ამბობს ხუცესი ლი.

ბავშვთა სახლს ჰქვია „ჯუსარანი“, რაც „ღვთიურ სიყვარულს“ ნიშნავს. სამხრეთ კორეის ხელისუფლებას ჯერ არ განუსაზღვრავს კანონი ამასთან დაკავშირებით. სოციალური მუშაკები ამ კამპანიას არც იწონებენ და არც კრძალავენ.

2012 წლიდან სამხრეთ კორეის შვილად აყვანის სააგენტო ვალდებული იყო მიეღო მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ ჰააგის კონცეფციის პრინციპების თანახმად. შედეგად, 2013 წელს თავშესაფარში მოხვდა 224 მიტოვებული ბავშვი. შემდეგ ეს რიცხვი შემცირდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „სიცოცხლის ფანჯარაში“ ყოველწლიურად, დაახლოებით, ორას ბავშვს ტოვებენ.

წყარო           

ჩატვირთვა...