როკ-ნ-როლის ლეგენდა, კარლოს სანტანა სუიციდის 7 მცდელობის შემდეგ: „სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთს უნდა ვუმადლოდე.”

0 91

როკ-ნ-როლის ლეგენდა, კარლოს სანტანა, გვიმხელს, თუ როგორ იხსნა იგი იესო ქრისტემ თვითმკვლელობის შვიდი მცდელობის შემდეგ. „სულში გამეფებული წყვდიადი უნდა გაიარო იმისათვის, რომ დღის კაშკაშა შუქზე გახვიდე“, – აღნიშნა 69 წლის მუსიკოსმა.

თვითმკვლელობაზე ფიქრი სანტანამ მაშინ დაიწყო, როცა მეუღლემ, დებორამ, 34 წლის თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა. ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ თვითმკვლელობა შვიდჯერ სცადა და თქვა, რომ სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთს უნდა უმადლოდეს.

სანტანა დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ გამუდმებით ესმოდა შინაგანი ხმა, რომელიც შთააგონებდა, რომ მისი ცხოვრება უბადრუკი და უაზრო იყო, მაგრამ უფალ იესო ქრისტეს ხმამ მისცა მას სიცოცხლის იმედი და მოუტნა სიხარული, რომლის პოვნაც მან მუსიკაში ვერ შეძლო.

გარდა ოჯახის დანგრევით გამოწვეული წუხილისა, კარლოს სანტანას ბავშვობიდან გამოყოლილი ტვირთი არ აძლევდა მოსვენებას. ის ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ იზრდებოდა უფუნქციო ოჯახში. მამამ მიატოვა. 10 წლის ასაკში კი მეგობრის მამა რამდენიმეჯერ ეცადა ძალადობას და სიჩუმის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

პედოფილის საქციელი ბიჭში დანაშაულის გრძნობასა და შიშს იწვევდა. დიდი ხანი დასჭირდა კარლოს სანტანას იმისათვის, რომ ეპატიებინა მოძალადესთვის. ღვთის მადლის დახმარებით, მან ერთხელ და სამუდამოდ მოიშორა წარსულის ტვირთი. მუსიკოსმა გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრება ღმერთის ხელშია და თავად არ განაგებს მას.

უმამობამ, პედოფილის ძალადობამ და ოჯახის დანგრევამ კარლოსი მიახვედრა, რომ მხოლოდ ღვთის მადლია ის, რის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია გადარჩეს. კარლოს სანტანა არის მექსიკელ-ამერიკელი მუსიკოსი, რომელიც ათი გრემის მფლობელია და ჟურნალ Rolling Stones-ის სიაში მეთხუთმეტეა მსოფლიოს ას უდიდეს გიტარისტს შორის.

წყარო

 

 

ჩატვირთვა...