თანამედროვე იონა ჩაძირული გემის შიგნით

0 113

გემის მზარეული, ჰარისონ ოკენე, ოცდაათ მეტრზე ჩაძირულ გემში სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში ებრძოდა სიცოცხლეს და ღმერთს სასწაულს სთხოვდა.

ეს მოხდა 2013 წლის მაისის ბოლოს, მაგრამ ვიდეო და დაზუსტებული მონაცემები არცთუ დიდი ხნის წინ მივიღეთ.

ჰარისონმა ზღვის ფსკერზე 72 საათი გაატარა, ზუსტად იმდენი, რამდენიც იონამ ვეშაპის მუცელში – სამი დღე. სიბნელეში მას ესმოდა რაღაც უცნაური ხმა, ეს იყო მისი გუნდის დაღუპული წევრების სხეულები, რომელთაც თევზები ჭამდნენ. ის გონებაში ფსალმუნს კითხულობდა და ღმერთს სასწაულის მოხდენას ევედრებოდა.

როგორ მოხდა ყოველივე                                                                                                                                      

ატლანტის ოკეანეში, ნიგერიის ნაპირიდან 30 კმ-ის დაშორებით, დილის ექვსის ნახევარზე საბუქსირო გემის, „ჯექსონ-4“-ის ღამის ეკიპაჟმა, რომელიც ძლიერ შტორმს ებრძოდა, გამოიყვანა ტანკერი ნავთობის პლატფორმიდან. ჰარისონი, როგორც ყოველთვის, ადრე ადგა. ამ მომენტში ძლიერი ტალღა შეეჯახა „ჯექსონ-4“-ს და ერთი მოძრაობით ააყირავა. გემმა, 12-კაციანი შემადგენლობით, ჩაძირვა დაიწყო.

თავდაპირველად, მცირე ნაკადმა თანდათან იმის მიხედვით იმატა, როგორც კი გემმა წყლის სიღრმეში ჩაძირვა იწყო. უცებ წყალმა მთელი ძალით დაარტყა და კორიდორისკენ წავიდა, თან მიჰქონდა ყველაფერი: ადამიანები და ყოველივე, რაც იქ იყო. ჰარისონი შიშით უყურებდა, თუ როგორ მოკვდა მისი სამი მეგობარი, რომლებიც მის წინ მიდიოდნენ. თავად მზარეული მოვარდნილმა წყალმა საპირფარეშოში შეაგდო.

წყალი ნელ-ნელა ემატებოდა და ავსებდა ვიწრო ოთახს. სუნთქვა ძალიან გაჭირდა. „მე ვიყავი წყალში, სრულ სიბნელეში და ვხვდებოდი, რომ ეს იყო ჩემი დასასრული. მე ვფიქრობდი, რომ წყლით გაივსებოდა ოთახი და დავიხრჩობოდი, მაგრამ ეს არ მოხდა“, – ამბობს ჰარისონი ინტერვიუში. მზარეულმა არ იცოდა, რომ რაღაც დაუჯერებელი ხდებოდა, გემი დაეკიდა ბუქსირის ტროსს და ზღვის სიღრმეში 30 მეტრზე გაჩერდა. წყლის ქვეშ ჰარისონს იმდენი დღის გატარება მოუწია, რამდენიც იონას –  ვეშაპის მუცელში.

„ჩემ გარშემო სიბნელე და ხმაური იყო“, – იხსენებს ჰარისონი; როდესაც ვიღლებოდი, მე ვუხმობდი ღმერთს და ველოდი ღვთიურ დახმარებას.  ორი დღე-ღამის შემდეგ სიცივისა და შიმშილისგან დეჰიდრირებულ და უჰაერობისგან მომაკვდავ მზარეულს გემის ძრავის ხმაური მოესმა. „მე ვტიროდი და ვუხმობდი იესოს, რომ დავეხსენი ამ საშინელებისგან, მე მთელი ძალით ვლოცულობდი. ძალიან მციოდა, თითქმის ვიყინებოდი. ვლოცულობდი, სადმე სინათლე მაინც დამენახა. მე ვიყავი მშიერი, მაგრამ უფრო მეტად წყალი მწყუროდა, მარილიანი წყლის გამო ენაზე გამონაყარი გამიჩნდა. ძალიან, ძალიან ციოდა და ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მე გარდაცვლილ სხეულებს ვგრძნობდი ჩემ გვერდით.“

ჰარისონს გაახსენდა ყველაფერი თავისი ცხოვრების შესახებ, ახსენდებოდა დედა, მეგობრები, ცოლი. ერთი დღის შემდეგ მათი ქორწინების ხუთი წლისთავი უნდა აღენიშნათ. ყოველ საღამოს ჰარისონს მეუღლე ბიბლიის მუხლებს უგზავნიდა, რომ ღამე წაეკითხა ისინი. ერთი დღით ადრე ის კითხულობდა ფსალმუნებს 54-დან  92-მდე. ჰარისონს გაახსენდა ფსალმუნები და დაიწყო მათი გამეორება და უფალს სთხოვდა შველას. „მე ვილოცე თითქმის 100-ჯერ“, – ისხენებს ის. მაშინ, როდესაც ვიღლებოდი, მხოლოდ სახელით მოვუხმობდი და ვიმედოვნებდი ღვთიურ შველას.

ჰარისონი გემის განცალკევებულ ნაწილში იმყოფებოდა და ხმის მიხედვთ, მყვინთავები მისგან ძალიან შორს მუშაობდნენ. მისთვის რომ მიეგნოთ, ჰარისონი ჭიქის ძირს ურტყამდა, რათა როგორმე ხმა მიეწვდინა მათთვის, მაგრამ მისი არ ესმოდათ. ცოტა ხნის შემდეგ მუშაობა შეწყდა. მყვინთავები საბუქსირო გემის მფლობელმა კომპანიამ დაიქირავა, რათა მიცვალებულები მოეძებნათ. ოფიციალურად ეკიპაჟის 12 წევრი ითვლებოდა დაკარგულად.

ჰარისონმა არ იცოდა, რა დრო იყო გასული, მაგრამ მას კვლავ მოესმა ხმაური, შემდეგ წყლის მოძრაობა იგრძნო და დაინახა მყვინთავების ფარანი. როცა მყვინთავმა ჰარისონს ჩაუარა, მან ვერ გადაწყვიტა, დაეტოვებინა თუ არა თავშესაფარი. შიშობდა, რომ მოულოდნელობისგან მყვინთავს დანა არ დაერტყა, მაგრამ ის მაინც შეეხო მყვინთავის მხარს. მყვინთავი შეკრთა, ჰარისონმა გაცურა, მას ხელები მაღლა ეჭირა და მყვინთავის კამერის წინ იქნევდა იმ იმედით, რომ მაღლა დაინახავდნენ. მაშინდელი განცდები დღესაც ემჩნევა, როდესაც ამ მომენტს იხსენებს.

რა არის?

შენ იპოვე ერთი, არა?

აქ რაღაც ცოცხალია.

ის ცოცხალია, ის ცოცხალია! მყვინთავს და ჰარისონს ერთმანეთის ხელი ეჭირათ.

„არ ვიცოდი, რა უნდა გამკეთებინა“, – ყვება ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. თავდაპირველად, ჩვენ არანაირად არ გვეგონა, რომ ვინმე ამდენ ხანს გაძლებდა წყლის ქვეშ და გადარჩებოდა.ზევით როდესაც გავიგეთ, რომ არის გადარჩენილი, ამან მთლიანდ შეცვალა მთელი გეგმა და დაიწყო ოპერაცია გადარჩენილებისთვის. ეს იყო  ძალიან აღმაფრთოვანებელი. არცთუ ხშირად მოისმენ ასეთ ისტორიებს.

ეს ფენომენალური შემთხვევაა!

„გაძლო ასეთ სიღრმეში, ამდენ ხანს, ეს ფენომენალური შემთხვევაა“, – ფიქრობს მყვინთავთა ასოციაციის კონსულტატი. მოყვარულ მყვინთავთა დონეზე ასეთ სიღრმეში დასაშვებია მხოლოდ 20 წუთი. პოლ მაგდონალდმა, მყვინთავთა გემის ოფიცერმა, მომხდარს სამაშველო ოპერაციის ექსტრაორდინალური მოვლენა უწოდა. „თუ როგორ არ გაივსო ეს „ჯიბე“ წყლით, მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. მე ვიტყოდი, რომ ამ კაცს ვიღაც თვალს ადევნებს“. – ფიქრობს პოლი. მთელი ამ დროის განმავლობაში ჰარისონი წელამდე ცივ წყალში იყო და სიცივისგან არ მომკვდარა. თვითონ მზარეულმა ზუსტად იცის, რომ წყლის მატება სასწაულმა შეაჩერა. „მე არ ვიცი, კონკრეტულად რამ შეუშალა ხელი ოთახის წყლით ავსებას, მაგრამ მე ვუხმობდი ღმერთს და მან ეს გააკეთა, ეს იყო სასწაული. მე მიხსნა ღმერთმა“, – ამბობს ჰარისონი.

წყარო

თარგმანი: თეონა კობაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...