ACN: მსოფლიოში 327 მილიონი ქრისტიანი განიცდის დევნას

0 133

327 მილიონი ქრისტიანი განიცდის დევნასა და რელიგიური ნიშნით შევიწროებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ორგანიზაცია ACN-ის (“Aid to the Church in Need”) კვლევის შედეგები 2018 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, რომელიც ორი წლის განმავლობაში, 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე ტარდებოდა, ნათქვამია, რომ ქრისტიანები კვლავ რჩებიან იმ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებად, რომელიც ყველაზე მეტად იდევნება მსოფლიოში.

კვლევაში ნათქვამია, რომ კაცობრიობის 61% ცხოვრობს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც რელიგიის თავისუფლებას პატივს არ სცემენ. მსოფლიოში ყოველი მეექვსე ქრისტიანი ცხოვრობს ისეთ სახელმწიფოში, სადაც მისი რწმენის საჯაროდ გამოხატვა შესაძლოა დევნისა და დისკრიმინაციის მიზეზი გახდეს, ხოლო ყოველი მეშვიდე კი ისეთ ქვეყნებში, სადაც აღმსარებლობის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ ან მოგკლან.

რელიგიის თავისუფლების კუთხით სერიოზული დარღვევები მსოფლიოს 38 ქვეყანაში გამოიკვეთა. აქედან 17 ქვეყანაში არსებობს რელიგიის თავისუფლების დარღვევები, ხოლო 21 ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების პირდაპირი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უმცირესობათა წარმომადგენლების მკვლელობა.

ზემოაღნიშნული კვლევის მიხედვით, 22 ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების შელახვის მიზეზი რადიკალური ისლამიზმია, დანარჩენ ქვეყნებში კი, როგორიცაა – ჩინეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი, ყირგიზეთი და მიანმარი – სახელმწიფო ავტორიტარიზმი და ექსტრემალური ნაციონალიზმი.

წყარო

ჩატვირთვა...