ჰიუ ჯეკმანი ახალ ფილმში პავლე მოციქულის როლს ითამაშებს

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი, ითამაშებს კინო სტუდია WarnerBros-ის ახალ ფილმში, რომელიც ეძღვნება პავლე მოციქულის ცხოვრებას.

ჯეკმანი ბენ აფლეკთან და მეთ დეიმონთან ერთად შეითავსებს აგრეთვე პროდიუსერის ფუნქციებს. დეიმონი და აფლეკი, როგორც ცნობილია, კურირებას გაუწევენ პროექტს მათ ერთობლივ სტუდიაში – PearlStreet. გადაღებების დაწყებისა და ფილმის გამოშვების თარიღი ჯერ არ ზუსტდება.

WarnerBros-ის მომავალი კინოლენტის სიუჟეტის დეტალებიც არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ფილმს საფუძვლად დაედება პავლე მოციქულის ცხოვრება. პავლე (იგივე სავლე) ყმაწვილობაში ქრისტიანებს ძლიერ დევნიდა, თუმცა, ერთხელ, დამასკოში მიმავალ გზაზე, მას უფალი გამოეცხადა, რის შემდეგაც პავლემ ირწმუნა და მთელი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. ის არ იყო 12 მოციქულთაგანი, მაგრამ სწორედ მას ეკუთვნის ახალი აღთქმის უდიდესი ნაწილი, 27 წიგნიდან 14 წიგნის ავტორია. პავლე მოციქული ითვლებოდა წარმართების მოციქულად, მან დააარსა მრავალი ეკლესია ევროპასა და აზიაში. ის სიკვდილით დასაჯეს რომში იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს.

ჰიუ ჯეკმანის მამა ღრმად მორწმუნე ქრისტიანი გახლავთ, მან მოინანია ცნობილი მახარობლის, ბილი გრემის, ქადაგების მოსმენისას. თავად მსახიობი კი ქრისტიანი არ გახლავთ. ის არის პრაქტიკული ფილოსოფიის სკოლის მიმდევარი და თვლის, რომ ქრისტიანობა ამ სკოლასთან შედარებით უფრო შეზღუდულია.

არც ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი გამოირჩევიან რელიგიურობით. ფილმ ‘დოგმას’ შემდეგ, სადაც მათ დაცემული ანგელოზების როლები შეასრულეს, მათ მორწმუნეებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დავამატებთ, რომ ბიბლიური თემატიკა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჰოლივუდში. წინა წელს დიდ ეკრანებზე გამოვიდა ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ზედიზედ ორი ფილმი: „ნოე“ და „გამოსვლა: ღმერთები და მეფეები“.

ჩატვირთვა...