ჯეიმს ფოლკნერი: ფილმის გადაღების დროს სულიწმიდით აღვსილი ვიყავი

0 538

მსახიობი ჯეიმს ფოლკნერი, რომლის მიერ შესრულებული როლი ფილმში „სამეფო კარის თამაშები“, ყველაზე ცნობილია, ამბობს, რომ იგი აღვსილ იქნა სულიწმიდით მოციქულ პავლეს როლის შესრულებისას ფილმში „პავლე, ქრისტეს მოციქული.“

კინოკომპანია „Affirm films“-ის მიერ გადაღებული აღნიშნული ფილმის პრემიერა, რომელშიც ჯეიმს ფოლკნერი და ჯეიმს კევიზელი მონაწილეობენ, აღდგომის დღესასწაულზე შედგა. 2018 წელს კი იგი 10 ყველაზე ძვირადღირებული ფილმის რიცხვში შევიდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისათვის. მე ვიცნობ მრავალ ადამიანს, ვინც პავლეს ცხოვრებას შეისწავლიდა. მათ სამაგისტრო ხარისხები აქვთ მოპოვებული ამ საკითხში და დიდად მოხარული ვარ, რომ კათოლიკე ისტორიკოსებმა ჩემი ვერსია მოიწონეს.“ – აცხადებს ფოლკნერი „Christian Post“-თან საუბრის დროს.

70 წლის ბრიტანელი მსახიობი საუბრობს, თუ რაოდენ დიდი განსხვავება დაინახა ქრისტიანულ ფილმზე მუშაობისას, არარელიგიურ ფილმებთან შედარებით.

„მე ვიყავი კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ლოს-ანჯელესში ფილმისთვის ‘სამეფო კარის თამაშები’, რომელიც სრულიად განსხვავებული ჟანრისაა, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკას განეკუთვნება. მასში არის ძალადობის ძალიან ბევრი სცენა. ამ სახის ფილმებისგან განსხვავებით, ქრისტიანული ფილმები ყურადღებას ამახვილებენ ადამიანთა პიროვნულ ღირსებებზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

მსახიობი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მისთვის რელიგიური ჟანრის ფილმში მონაწილეობა უცნაურად ჟღერდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სცენარს გაეცნო, იგრძნო, რომ მისი ნაწილი უნდა გამხდარიყო.

„თითქოს სამოგზაუროდ წამიყვანა, – ამბობს ფოლკნერი, – ჩემი მეუღლე გაოცებული იყო იმ ცვლილებების შემხედველი, რაც ჩემში ხდებოდა, ის ყოველთვის ამბობდა: ‘ყოველთვის რომ ასეთი იყო, როგორიც ახლა ხარ, ეს ხომ შეუდარებელი იქნება, შენ მართული ხარ სრულიად განსხვავებული სულით.’“

ფოლკნერი აღნიშნავს, რომ ის იყო სულიწმიდით აღვსილი, რადგან სწორედ მან განაპირობა მისი რწმენის გაძლიერება, რაც მანამდე არ ჰქონდა.

„მე ძალიან ბევრი შეკითხვა გამიჩნდა საკუთარ თავთან. ამ როლის შესრულების შემდეგ სამყაროს და გარშემომყოფ ადამიანებს სხვა თვალით დავუწყე ყურება.“ – აღნიშნა მან.

წინა ინტერვიუში ჯეიმს კევიზელმა დაამატა, რომ მან მოუწონა ფოლკნერს, რომ ჯეიმსმა მთლიანად გაითავისა პავლეს როლი. მოგვიანებით ფოლკნერმა ინტერვიუში განაცხადა: „მე არ ვასრულებდი პავლეს როლს, პავლე ასრულებდა თავის როლს ჩემი მეშვეობით. მე შეიძლება ვიყო ცუდი თვისებების მქონე ადამიანი, მაგრამ კარგად მახსოვს, რა მავსებდა, როდესაც ვიმყოფებოდი გადასაღებ მოედანზე. შეუდარებელია, რომ, როგორც უბრალო ადამიანს, შემიძლია მსგავსი განცდების გაზიარება და მიტანა სხვა ადამიანებამდე.“

ფილმში გაცოცხლებულ იქნა ტარსუსელი სავლეს ისტორია, კაცისა, რომელიც ქრისტიანებს სდევნიდა და რომელიც შემდეგ ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურა გახდა. ეს ყოველივე კი დამასკოს გზაზე, იესოს გამოცხადების შემდეგ მოხდა.

ფილმში „პავლე, ქრისტეს მოციქული“, ლუკას როლს ასრულებს მსახიობი ჯეიმს კევიზელი („ქრისტეს ვნებანი“), ხოლო პავლეს როლს – ჯეიმს ფოლკნერი („სამეფო კარის თამაშები“). ფილმში ასევე მონაწილეობენ ოლივერ მარტინესი („ლოს-ანჯელესის სპეცნაზი“), ჯონ ლინჩი („საიდუმლო ბაღი“) და ჯოან უელი („ჩვენი ერა: ბიბლიის გაგრძელება“).

დიდი რისკის ფასად ლუკა ცდილობს, მოინახულოს პავლე, რომელიც იმყოფება რომის საპყრობილეში, იმპერატორ ნერონის მმართველობის პერიოდში. მანამ, სანამ პავლეს სიკვდილით დასჯიან, ლუკა იღებს გადაწყვეტილებას სხვა წიგნის დაწერის შესახებ, წიგნისა, რომელიც დეტალურად აღწერს „გზის“ დასაწყისს და დაბადებას იმისას, რაც შემდგომში ქრისტიანული ეკლესიის სახელით გახდება ცნობილი.

თარგმანი: ვიკა ბაიდენკო

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...