ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

0 137

სულ ცოტა 42 ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს, 15 ნოემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ალინდაოში. თავდასხმა კათოლიკურ ეკლესიაზე მოხდა. 

ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი მღვდელიც. არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღწევს, დაღუპულთა უმრავლესობა დევნილი იყო და ეკლესიას აფარებდა თავს.  

ეკლესიის გვერდით მდებარე სახლები გაძარცვეს და დაწვეს. 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალადობა 2012 წლის დეკემბრიდან  გახშირდა, მას შემდეგ, რაც აჯანყებულმა მუსლიმანურმა ჯგუფებმა ალიანსი შექმნეს „სელეკას“ სახელით და ძალაუფლება აიღეს ხელში. 

“სელეკას” თავდასხმების საპასუხოდ, ალინდაოს მცხოვრებლების ნაწილმა ჩამოაყალიბა თავდაცვითი ჯგუფები, რომელსაც „ანტიბალაკა“ უწოდეს.  ზოგიერთმა დაჯგუფებამ, რომელიც ქრისტიანებისგან შედგებოდა, თავდასხმები დაიწყო მუსლიმანებზე და ამგვარად, კონფლიქტმა რელიგიური სახე მიიღო. 

ქვეყანაში ბევრი კათოლიკური ეკლესია უზრუნველყოფს თავშესაფარს როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმანი დევნილებისთვის.  2017 წლის მაისში, “ანტიბალაკას”  წევრებმა 100-ზე მეტი მუსლიმანი მოკლეს, სანამ გაეროს სამშვიდობო ძალებმა შეძლეს ჩარევა. მას შემდეგ 1600-მდე დევნილი მუსლიმანი ცხოვრობდა ქალაქ სენტ-ლუისის სემინარიაში,  2000-მა მუსლიმანმა კი თავშესაფარი ითხოვა წმინდა პეტრეს ტაძარში, ბანგასოვში.  

ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში 2015-2016 წლებში ჩატარდა საერთო არჩევნები და ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში,  მაგრამ ბოევიკთა ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმებს, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე მილიონი ადამიანი კი დევნილი  გახდა. გაეროს მონაცემებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებთა ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. 

წყარო

თარგმანი: თეონა მენაბდიშვილი

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...