ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული გოგონა: „მზად ვიყავით თავის მოსაკლავად”

იეონმი პარკი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დაიბადა და გაიზარდა, ფიქრობდა, რომ მისი სამშობლო საუკეთესო იყო მსოფლიოში. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა დედამისმა მას თავისი თანამშრომლის დის წერილი წაუკითხა.

წერილში ეწერა: „მაშინ, როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ჩვენი ოჯახის ხუთი წევრი უკვე აღარ იქნება ცოცხალი, რადგან ბოლო სამი კვირის განმავლობაში არაფერი გვიჭამია. იატაკზე ვწევართ ერთად და ისე ვართ დასუსტებულნი, რომ სიკვდილს ველოდებით.“

„პირველად მაშინ გავიგე, რომ ჩემს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები იტანჯებოდნენ“, ამბობს გოგონა.

2007 წელს, როცა გოგონა 14 წლის იყო, ის და მისი ოჯახი ჩინეთში გაიქცნენ ჩრდილოეთ კორეიდან. პარკი ამბობდა, რომ ის და დედამისი ფეხით გადავიდნენ გაყინულ მდინარეზე ჩინეთში მოსახვედრად.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია პარკის გამოსვლა 2014 წელს გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ სამიტზე: https://www.youtube.com/watch?v=ufhKWfPSQOw

სიტყვით გამოსვლისას პარკი საუბრობს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე: „ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, სადაც  ადამიანებს სიკვდილით სჯიან უნებართვო საერთაშორისო სატელეფონო ზარის გამო.“

„9 წლის რომ ვიყავი, ვნახე, როგორ დასაჯეს სიკვდილით ჩემი მეგობრის დედა. მისი დანაშაული ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმის ყურება იყო“, ამბობს პარკი.

იეონმის მამა ჩინეთში ჩასვლის შემდეგ გარდაიცვალა. „მე დავმარხე ის, ღამით, სამ საათზე. სულ რაღაც 14 წლის ვიყავი მაშინ. ტირილიც კი არ შემეძლო, მეშინოდა, ისევ ჩრდილოეთ კორეაში არ დავებრუნებინე ვინმეს“, ტირილით ამბობს გოგონა სიტყვით გამოსვლისას.

ჩინეთში გოგონა და დედამისი ადამიანებით მოვაჭრეების ხელში მოხვდნენ. იეონმი მომსწრე გახდა იმისა, როგორ გააუპატიურა დედამისი ჩინელმა ადამიანებით მოვაჭრემ. დედამ თავისი გაუპატიურების უფლება მისცა მას იმისათვის, რომ თავისი გოგონა დაეცვა.

შემდეგ მონღოლეთში გაიქცა დედა-შვილი. იეონმი ამბობს, რომ ის და დედამისი დანებით იყვნენ შეირაღებულნი და ყოველთვის მზად იყვნენ თავის მოსაკლავად იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაიჭერდა და ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნებას დაუპირებდა მათ.

„ჩვენ ადამიანურად ცხოვრება გვინდოდა. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს დაჩაგვრას და შევიწროებას მხოლოდ იმის გამო, რომ ის ამა თუ იმ ქვეყანაში დაიბადა“, ამბობს იგი.

2015 წელს იეონმი პარკმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „სიცოცხლისათვის: ჩრდილოეთ კორეელი გოგონას მოგზაურობა თავისუფლებისკენ“ (In Order to Live: A North Korean Girl’s Jouney to Freedom).

ამჟამად იეონმი კოლუმბიის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობს.

წყარო: http://www1.cbn.com

ჩატვირთვა...