ჩინეთის ერთადერთი ლეგალური ბიბლიის საგამომცემლო კომპანია აღნიშნავს 150 მლნ ბიბლიის გამოცემას

მიუხედავად მთავრობის წინააღმდეგობისა, ქრისტიანობა მაინც იზრდება ჩინეთში, სადაც ქვეყნის ერთადერთმა ლეგალურმა ბიბლიის საგამომცემლო კომპანიამ იზეიმა ის ფაქტი, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში 150 მლნ ბიბლია დაიბეჭდა.

აზიის ახალი ამბების (Asia News) ცნობით, 8 ნოემბერს, ქალაქ ნანჯინგში არსებული ემიტის ბეჭდვითმა კომპანიამ (Amity Printing Co.), რომელიც ბიბლიის გამოცემის ერთადერთი ავტორიზებული კომპანიაა ჩინეთში, 30 წლისთავი აღნიშნა. კომპანიამ, რომელმაც ბიბლიები ასზე მეტ ენაზე გამოსცა და სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში გაავრცელა, განაცხადა, რომ დაბეჭდილ ბიბლიათა რიცხვმა 150 მლნ ეგზემპლარს მიაღწია 1988 წლიდან მოყოლებული.

„მადლიერნი ვართ, რადგან ქრისტეს სხეულს ვეკუთვნით, რამეთუ ღმერთმა გაგვაერთიანა ერთ დიდ ოჯახად
იმისათვის, რომ თავისი სიყვარული და საქმე გაეზიარებინა ჩვენთვის“, – ამბობს კომპანია თავის განცხადებაში. „ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ბიბლიის გამოცემის მსახურებაში და ერთად ვავრცელებთ ქრისტეს სახარებას მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ იმ სასწაულისა, რომელიც უფალმა მოიმოქმედა ჩვენთვის“.

ემიტის ბეჭდვითი კომპანია, რომელიც 1988 წელს დაარსდა, გახლავთ ემიტის ფონდისა და ბიბლიის გაერთიანებულ საზოგადოებათა მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო. ის არის ქრისტიანული ლიტერატურის უდიდესი ბეჭდვითი ორგანო ოფიციალურად ათეისტურ ქვეყანაში, სადაც რელიგიის თავისუფლება მკაცრად კონტროლდება.

1980-იან წლებში ბევრ ქრისტიანს არ ჰქონდა ბიბლია და ამიტომაც, ისინი იძულებულნი იყვნენ ხელით გადაეწერათ იგი. ახლა, კომპანია თითო ბიბლიას ათ იუანად ყიდის, რაც 1.45 აშშ დოლარის ეკვივალენტია. ეს კი მისაღები ფასია ყველა მომხმარებლისთვის.

ოფიციალური სამპიროვანი პატრიოტული მოძრაობის ეკლესიები (The official Three-Self Patriotic Movement churches) გახლავთ ჩინეთში სანქცირებული ეკლესიები და მხოლოდ მათ შეუძლიათ ბიბლიების შეკვეთა და გაყიდვა. ამბობენ, რომ ჩინეთში, დაახლოებით, 68-100

მლნ ქრისტიანია. ასევე ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის ჩინეთში 250 მლნ მორწმუნე იქნება.

„ღია კარების“ (Open Doors) მიხედვით, ჩინეთი ყველაზე რთული ქვეყანაა მსოფლიო მონიტორინგის სიაში, თავისი მრავალმხრივობისა და საოცარი მრავალფეროვნების გამო.  მორწმუნეთა რიცხვის ზრდა და ბიბლიების ასეთი დიდი რაოდენობით გამოცემა არ მიუთითებს ჩინეთში რელიგიის თავისუფლების საზღვრების გაფართოებაზე. ქვეყანაში  ღვთისმსახურებები კვლავინდებურად იზღუდება და იკრძალება.

წყარო: http://www.gospelherald.com/

ჩატვირთვა...