ქრისტიანი ქალი ასია ბიბი, რომელსაც თავის სამშობლოში სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი, პარიზის საპატიო მოქალაქე გახდა

christians-in-pakistan-asia-bibiპაკისტანის მცხოვრები ასია ბიბი, რომელსაც თავის სამშობლოში სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მკრეხელობის გამო, პარიზის საპატიო მოქალაქე გახდა, იტყობინება ტას-ი (ТАСС – რუსეთის საინფორმაციო სააგენტო).

ამ წოდებით იგი საფრანგეთის დედაქალაქის საქალაქო საბჭომ დააჯილდოვა. ქალაქის მერის ანნ იდალგოს ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი მუნიციპალური საბჭოს დეპუტატებმა, წერს ბლაგოვესტი (Благовест – რელიგიური ინფორმაციის სააგენტო).

„უმეცრებასა და ფანატიზმთან ბრძოლაში ასია ბიბის მხარდასაჭერად ანნ იდალგომ გამოთქვა სურვილი, რომ პარიზს ეს ქალბატონი საპატიო მოქალაქის სტატუსით დაეჯილდოვებინა“, – ნათქვამია პარიზის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

ადამიანი, რომელიც ამ საპატიო წოდებითაა დაჯილდოვებული, უნდა „იყოს პარიზის ფასეულობათა გამომხატველი, თავისუფლებისა და შემწყნარებლობის ფასეულობათა მატარებელი“, – აღნიშნა ქალაქის მერმა. „ამ გაბედული ნაბიჯით მინდა დავამოწმო იმის შესახებ, რომ პარიზი სოლიდარობას უცხადებს მთელს მსოფლიოში მცხოვრებ უამრავ, ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელ ქალს, რომლებიც რელიგიური ობსკურანტიზმის და პოლიტიკური ექსტრემიზმის მსხვერპლნი ხდებიან“, – ხაზი გაუსვა ქალაქის თავმა.

მერმა ისიც დასძინა, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ უნდა შეიწყალოს ასია ბიბი, ან ჩაატაროს ახალი სასამართლო პროცესი, რომელიც შეცვლის სასიკვდილო განაჩენს. იდალგოს სიტყვებით, პარიზი სიხარულით მიიღებს პაკისტანელი პატიმარი ქალის ოჯახს, „როგორც კი მას თავისუფლებას დაუბრუნებენ“.

პარიზის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ დემოკრატიულ უფლებათა და თავისუფლებათა გამოჩენილ დამცველთ 2001 წლიდან. დღემდე ამ წოდების მფლობელი 14 ადამიანია, მათ შორის, დალაი-ლამა XIV და ნელსონ მანდელა.

ხუთი შვილის დედა, ქრისტიანი ასია ბიბი 2010 წელს მკრეხელობაში დაადანაშაულეს საკუთარმა თანასოფლელებმა, რაც, პაკისტანის კანონების მიხედვით, სასიკვდილო განაჩენს ითვალსწინებს ჩამოხრჩობის მეშვეობით. საქმემ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, თუმცაღა, 2014 წელს, ქალაქ ლაჰორის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა განაჩენი 45 წლის ქალის მიმართ და ქვეყნის პრეზიდენტს აუკრძალა მისი შეწყალება. ამჟამად, ასია ბიბი პატიმრობაში რჩება, მისი ადვოკატები კი აპელაციას ამზადებენ უზენაეს სასამართლოში შესატანად.

წყარო:  www.invictory.com

ჩატვირთვა...