ქრისტიანობა დამანგრეველია და დამოკიდებულებას იწვევს – ასწავლიან ხალხს ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეაში არსებული იატაკქვეშა ეკლესიის ხუცესის თქმით, დესპოტური რეჟიმის ქვეშ მცხოვრებ ჩრდილო კორეელებს ასწავლიან, რომ რელიგიის ყოველგვარი სახე მომაკვდინებელია, ხოლო ქრისტიანები ხალხს ხოცავენ და შემდეგ სისხლს სწოვენ.

National Catholic Register-ის ანგარიშის თანახმად, ხუცესი ჰაე ვუ სასჯელის სახით რამდენიმე წელს სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილ ციხეში გაატარა. ამის მიზეზი რეპრესირებული სამშობლოდან გაქცევის მცდელობაა.

ციხეში ყოფნის დროს ვუმ სახარების ქადაგება დაიწყო და რამდენიმე ადამიანი ქრისტესთან მიიყვანა. შედეგად ჩამოყალიბდა პატარა, საიდუმლო ეკლესია.

„კვირა დღეს და რელიგიურ დღესასწაულებზე, რამდენიმე ერთგული ადამიანი იკრიბებოდა თაყვანისცემისთვის საპირფარეშოში ან სხვა რომელიმე კუთხეში, რომელსაც თვალყურს არ ადევნებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში ჰაე ვუს საქმიანობის შესახებ.

ხუცესის განმარტებით, ციხეში ყოფნის დროს, მიუხედავად წარმოუდგენლად დიდი რისკისა, ღმერთმა მისცა მას სიცოცხლის ძალა და წყურვილი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, ვინაიდან ქრისტიანობა ჩრდილოეთ კორეაში არალეგალურია.

მოქცევამდე, ვუს ქრისტიანობის სიძულვილს უნერგავდნენ: „ყოველგვარი რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანობა, ოპიუმს წააგავს, შედეგად დამოკიდებულებას და განადგურებას იწვევს. მსმენია ისტორიები ქრისტიანებზე, რომლებიც საავადმყოფოებში დადიოდნენ, ადამიანებს სარდაფებში იტყუებდნენ, ხოცავდნენ და სისხლს სწოვდნენ გასაყიდად. ამაზე ფიქრიც კი შემზარავი იყო.“

საბოლოოდ, მან სამხრეთ კორეაში გადასვლა მოახერხა, სადაც თავისუფლად ემსახურება ღმერთს.

თავისუფლებისა და რელიგიურ შეხედულებათა უფლებების დამცველი ორგანიზაციის Christian Solidarity Worldwide-ის ანგარიშში, რომელიც გასულ თვეს გამოიცა, ნათქვამია, რომ ათასობით ქრისტიანი იტანჯება სასტიკი წამებით შრომა-გასწორების ბანაკებში. ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში ქრისტიანებს ცეცხლმოკიდებულ ჯვრებზე ჰკიდებენ, ზოგს კი სატკეპნი ორთქლის მანქანით უვლიან ზედ.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა არ წყვეტს ზრდას. დევნილ ქრისტიანებზე მზრუნველი ორგანიზაცია „ღია კარის“ (Open Doors) ცნობით, ჩრდილოეთ კორეის 26-მილიონიანი მოსახლეობიდან 300 000 ფარული ქრისტიანია.

წყარო: http://www.gospelherald.com/

ჩატვირთვა...