ფრანკლინ გრემი: აი, რატომ არ უნდა გვეშინოდეს მსოფლიოს აღსასრულის შესახებ სტივენ ჰოკინგის წინასწარმეტყველების

სტივენ ჰოკინგი, რომელიც ცნობილი ფიზიკოსი-თეორეტიკოსია, ამბობს, რომ ადამიანები ამ „მყიფე“ დედამიწაზე კიდევ ერთ ათასწლეულს ვეღარ გაძლებენ, რადგან პლანეტას რომელიმე კატასტროფა გაანადგურებს: ან ატომური ომი, ან გენეტიკურად შექმნილი ვირუსი, ან კიდევ ხელოვნური ინტელექტის მზარდი საფრთხე.

თავის მხრივ, მახარებელმა ფრანკლინ გრემმა განაცხადა იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ეშინოდეთ ქრისტიანებს ამგვარი წინასწარმეტყველების.

ჰოკინგი, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ათეისტია და „ღმერთი არ არსებობს“, ეს ავბედითი წინასწარმეტყველება წარმოთქვა გასულ კვირას, Oxford Union-ში ყოფნისას.

„მიუხედავად იმისა, რომ წელს პლანეტა დედამიწაზე კატასტროფის შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია, ის თანდათან იზრდება და მომდევნო ათასი ან ათი ათასი წლის განმავლობაში მოსალოდნელ რეალობად იქცევა. ამ დროისათვის ჩვენ კოსმოსში უნდა ვიყოთ უკვე მიმოფანტულნი, ვარსკვლავებზე, რათა დედამიწაზე მომხდარი კატასტროფა არ იყოს კაცობრიობის დასასრულის ნიშანი“.

მან დასძინა, რომ, თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, უნდა დატოვონ დედამიწა და დააარსონ კოლონიები სხვა პლანეტებზე.

მიუხედავად ამ ავისმომასწავებელი წინასწარმეტყველებისა, ჰოკინგმა სიტყვა დადებით ნოტაზე დაასრულა:

„გახსოვდეთ, რომ თქვენი მზერა ყოველთვის ზემოთ, ვარსკვლავებისკენ იყოს მიმართული და არა ქვემოთ, საკუთარი ფეხებისკენ. შეეცადეთ, აზრი გამოიტანოთ იქიდან, რასაც ხედავთ, დაფიქრდით იმაზე, რა აძლევს სამყაროს საარსებო ძალას. იყავით ცნობისმოყვარე და რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს, იფიქრეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება და წარმატების მიღწევა. მნიშვნელოვანია, არ დანებდეთ“.

ფრანკლინ გრემმა, თავისი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ყოფნის დრო შეზღუდული გვაქვს, მაგრამ, ამადროულად, ქრისტიანებს შეახსენა, ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მას, ვინც თავისი რწმენა იესო ქრისტეზე დაამყარა, შეუძლია მშვიდად იყოს შემოქმედის ხელებში.

„უფალმა შექმნა გასაოცრად რთული სამყარო, სადაც ვცხოვრობთ“, დაწერა მან.

ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ქრისტიანებს, დასძლიონ შიში და მზერა ზეცას მიაპყრონ. „არ არის საჭირო, ფიზიკოსი იყო იმისათვის, რომ ხელოვანი შემოქმედის ძალა დაინახო ურიცხვი ვარსკვლავისა და მრავალფეროვან ქმნილებათა ხილვისას“, – ამბობს იგი.

ფრანკლინ გრემმა თავისი სიტყვების განსამტკიცებლად ციტატა მოიხმო ძველი აღთქმიდან: „შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენი ცანი, ცანი ცათანი და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი“ (ნეემია 9:6).

მახარებელმა თებერვალში თავისი აზრი გამოთქვა სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებით და თქვა, რომ კაცობრიობა განიცდის „პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ეპიდემიას“, რაც ქრისტეს მეორედ მოსვლის მანიშნებელი უნდა იყოს.

გრემმა სხვა ციტატაც მოიხმო ბიბლიიდან: „რადგან, აჰა, მე შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. და არ გაიხსენებენ უწინდელს, ფიქრადაც არავის მოუვა.“ (ესაია 65:17).

მიუხედავად ამისა, ფრანკლინ გრემმა გამამხნევებელი ნოტით დაასრულა თავისი სიტყვა, რომელიც უფლის მორწმუნეებისადმი იყო მიმართული: „მარადიული მომავალი გველოდება უფალთან. იესო ქრისტემ იმედის მომცემი სიტყვები დაგვიტოვა, როდესაც გვითხრა: ‘ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ. და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ’“. (იოანე 14:1-3).

წყარო: http://www.gospelherald.com/

ჩატვირთვა...