უკვე მესამოცედ ბილი გრემი მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემ ადამიანთა სიაში შევიდა

საზოგადოებრივი აზრის ამერიკული ინსტიტუტის Gallup-ის (რომელიც დაარსებულია 1935 წელს ჯორჯ გელაპის მიერ) ყოველწლიურ გამოკვლევათა შედეგად ცნობილი მახარებელი, ბილი გრემი უკვე მესამოცედ შევიდა მსოფლიოს გავლენიან და პატივსაცემ ადამიანთა პირველ ათეულში.

1955 წლიდან მოყოლებული ბილი გრემს არ დაუთმია თავისი პოზიციები რეიტინგში. მისი უახლოესი მეტოქე, სიის მიხედვით, გახლდათ ამერიკის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც ამ სიაში ოცდათერთმეტჯერ მოხვდა.

„წელს მესამოცედ მოხვდა ბილი გრემი Gallup-ის ტოპ-ათეულში. 1955 წლიდან მოყოლებული ის ყოველწლიურად შედიოდა ამ სიაში, გარდა 1962 და 1967 წლებისა და ისიც იმიტომ, რომ ამ წლებში გამოკითხვა არ ჩატარებულა“, აღნიშნულია გამოკითხვის შედეგებში.

სიის სათავეშია ბარაკ ობამა, შემდეგ დონალდ ტრამპი, მესამე ადგილი დაიკავა რომის პაპმა, მეოთხე კი სენატორმა ბერნი სანდერსმა. ბილი გრემს მეხუთე ადგილი ერგო წილად.

ხანდაზმულობის მიუხედავად ბილი გრემი არ წყვეტს აქტიურ ღვთისმსახურებას. 2016 წლის 7 ნოემბერს მახარებელმა თავისი 98 წლის იუბილე აღნიშნა.

ბილი გრემმა ყველაზე მეტ ადამიანს უქადაგა მსოფლიოში, ვიდრე სხვა რომელიმე მქადაგებელმა – თითქმის 215 მილიონს 185-ზე მეტს ქვეყანაში. ასობით მილიონ ადამიანს სახარების სიტყვა მისწვდა ტელევიზიის და ვებ-ტრანსლაციის მეშვეობით.

წყარო: http://www.gallup.com

ჩატვირთვა...