ტრამპმა ერდოღანს დაკავებული ხუცესის გათავისუფლება მოსთხოვა

16 მაისს ვაშინგტონში აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპი გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დაპატიმრებული პროტესტანტი ხუცესის საკითხს შეეხო. ტრამპმა ერდოღანს ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული ფეტულაჰ გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით დაპატიმრებული ამერიკელი მისიონერის გათავისუფლება მოსთხოვა, იტყობინება CNN.

წყაროში აღნიშნულია, რომ ტრამპმა, ბრანსონის ამერიკისთვის გადაცემა თურქეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ იანვარში სთხოვა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს თურქეთის პოლიციამ პროტესტანტი ცოლ-ქმარი დააკავა და ცამეტდღიანი იზოლაციის შემდეგ, 19 ოქტომბერს, ღამით ცოლი გაათავისუფლა, თუმცა ქმარი იზმირის თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებაში დატოვა.

ენდრიუ ბრანსონი, რომელიც 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში და ქალაქ იზმირის აღდგომის ეკლესიას უძღვებოდა, 2016 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დაკავებულია. თურქეთის ხელისუფლება მას ფეტულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. თურქეთმა გიულენი ტერორისტთა რიცხვს მიაკუთვნა, აშშ კი უარს ამბობს თურქეთისათვის მის გადაცემაზე და უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში პენსილვანიაში ცხოვრების ნებას აძლევს.

ამ ფაქტმა გარკვეულწილად დაძაბა აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა. ბრანსონის მეუღლემ და ქალიშვილმა 2017 წლის მარტში პრეზიდენტ ტრამპს წერილით მიმართეს და სთხოვეს მოეხდინა ზეწოლა თურქეთის ხელისუფლებაზე, რათა გაეთავისუფლებინათ უსაფუძვლოდ დაკავებული მისიონერი.
„მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ლოცულობდა ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრისთვის, გავიგე, რომ ზოგი მარხულობდით კიდეც… ილოცეთ, რომ მშვიდობა გვქონდეს მეც და ენდრიუსაც“, – დაწერა ნორა ბრანსონმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

ჩატვირთვა...