ტედ კრუზი მერიემ იბრაჰიმის შესახებ

გასულ კვირის ოთხშაბათს, ტეხასში, ადამიანის უფლებათა და რელიგიური თავისუფლების დამცველთა წინაშე გამოსვლისას, ტედ კრუზმა(2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი) ისაუბრა სუდანელ ქრისტიან ქალთან, ორი შვილის დედასთან შეხვედრის შესახებ, რომელიც დაპატიმრებული და სიკვდილმისჯილი გახლდათ ქრისტეს რწმენის გამო.

კრუზი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციის (International Christian Concern) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელზეც ყურადღება გამახვილებული იყო ჩრდილოეთ კორეაში ადამიანთა უფლებათა დარღვევებსა და რელიგიური თავისუფლების ხელყოფაზე.

კრუზმა ძირითადად ჩრდილოეთ კორეის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მისი წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ ადამიანებს შეხვდნენ, რომლებმაც უამბეს, როგორ ურეცხავენ ტვინს ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ ადამიანებს და ჩააგონებენ, რომ ამერიკა საშინელი ადგილია, ხოლო მათი ქვეყნის მმართველის კიმის ოჯახი კი ღვთაებრივი წარმოშობისაა.

ტედ კრუზმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ, მსმენელს საკუთარი ოჯახის დევნის ისტორია გაუზიარა. მამამისი კუბიდან გაიქცა აშშ-ში  1957 წელს, რადგან მას აწამებდნენ და სცემდნენ კუბის რევოლუციის დროს.

ამის შემდეგ კრუზმა ისაუბრა რწმენისათვის დაპატიმრებულ კიდევ ერთ ადამიანზე, მერიემ იბრაჰიმზე, რომლის ამბავმაც საერთაშორისო გამოძახილი ჰპოვა, როცა ის ქრისტიანული რწმენის იყო დაპატიმრებული და სიკვდილმისჯილი სუდანში, 2014 წლის მაისში.

მერიემი მუსლიმი კაცის ქალიშვილია. მამამ ის და დედამისი მაშინ მიატოვა, როცა მერიემი ჯერ კიდევ პატარა იყო. ის ქრისტიანულად აღზარდეს და ქრისტიან კაცს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ მერიემ იბრაჰიმი ყოველთვის ქრისტიანად მიიჩნევდა თავს, ხელისუფლება მას მუსლიმად თვლიდა და ამიტომ, რვა თვის ფეხმძიმე მერიემი განდგომილების ბრალდებით დააპატიმრა.

მერიემს სიკვდილი მიუსაჯეს და მიუხედავად მისი გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნისა 2014 წლის ივნისში, მერიემი მანამ არ გაათავისუფლეს, სანამ ფეხებშებორკილმა მეორე შვილი არ გააჩინა ციხეში და სანამ მილიონობით ადამიანმა, მთელი მოფლიოს მასშტაბით მისი გათავისუფლება არ მოითხოვა.

„როგორ მოიქცეოდით მაშინ, როცა ტალახსა და სიბინძურეში ამოსვრილნი საკუთარ მტანჯველთა წინაშე იდგებოდით, რომლებიც სიკვდილით დაგემუქრებოდნენ თქვენც და თქვენს შვილებსაც იმ შემთხვევაში, თუ არ უარყოფდით რწმენას? როგორ გაუმკლავდებოდით მსგავს სიტუაციებს? მერიემი გაბედულად და შეურყევლად იდგა ამ დროს და ამბობდა, რომ ვერ უარყოფდა ქრისტეს რწმენას“, თქვა კრუზმა.

„მე მქონდა მერიემთან შეხვედრის ბედნიერება,“ ამბობს კრუზი. „საოცარი ისაა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და ორი შვილის ჰყავს. ვკითხე, როგორ მოახერხა რწმენის შენარჩუნება, როგორ მოახერხა, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცა. ამ კითხვაზე მერიემმა მიპასუხა: „უფალი იესო იყო ჩემთან“.

 

წყარო

თარგმანი: ნინი ჯანგველაძე

რედაქტორი: ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...