სისხლიანი ბასტილიის დღე საფრანგეთში

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი, მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.სატვირთო ავტომობილი ხალხში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე ლიკვიდირება მოახდინა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. დაშავებულთა შორის არიან, ბრიტანეთის, დანიის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც.

“ქუჩაში საზეიმოდ გამოსული საზოგადოება ბასტილიის დღეს აღნიშნავდა, როდესაც სატვირთო მანქანა ხალხის ჯგუფში შევარდა და ცეცხლი გახსნა.მანქანამ ხალხში 2 კილომეტრის გავლა მოასწრო , სანამ პოლიცია მძღოლის ლიკვიდაციას მოახდენდა. სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ტუნისში დაბადებული 31 წლის ფრანგია, თავისი კრიმინალური წარსულის გამო პოლიციისთვის ცნობილი იყო.”- ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო როიტერი ავრცელებს. ნიცაში მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. სისხლიანი თავდასხმა პარიზის ტერაქტებიდან 8 თვის შემდეგ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში, ნოემბერში ტერორისტების მიერ მოწყობილ თავდასხმას 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდიმ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. მან სამუშაო ვიზიტი შეწყვიტა, პარიზში დაბრუნდა და უშიშროების საბჭოს და თავდაცვის სხდომა მოიწვია. სხდომაზე ნიცის ტერაქტის შედეგებსა და მოსალოდნელ საფრთხეზე იმსჯელებენ. სამართალდამცავები ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ახორციელებენ. ამის შესახებ გაზეთი “La figaro” იტყობინება.

ამჟამად, პოლიციისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა სატვირთო ავტომობილის მძღოლს. საფრანგეთის პოლიციამ დაზარალებულთა დასახმარებლად ცხელი ხაზი აამოქმედა. სოციალურ ქსელში ნიცაში ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის საპატივცემულოდ აქცია დაიწყო .

“ჩვენი ყველაზე დიდი დღესასწაული გლოვის დღედ იქცა. ეს ენით აღუწერელი ტკივილია.” – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა.

http://www.bbc.com/news/live/world-europe-36799172

ჩატვირთვა...