სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში

0 218

შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. დღეიდან დაიწყო ასევე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში 21 აპრილს რვა აფეთქება მოხდა, რასაც 310 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 500-ზე მეტი.

პირველი აფეთქება წმინდა ანტონიოს ეკლესიაში მოხდა, მეორე – წმინდა სებასტიანის ტაძარში, ხოლო მესამე – ქალაქ ბატიკალოაში, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აფეთქებების დროს ეკლესიებში სააღდგომო მსახურება მიმდინარეობდა.

აფეთქებები ასევე მოხდა დედაქალაქში მდებარე სასტუმროებში – Shangri-La, Cinnamon Grand, Kingsbury. მეშვიდე აფეთქება მოგვიანებით, დედაქალაქის ზოოპარკის რაიონში მოხდა, მერვე კი – დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში, დემატაგოდაში.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „Nations Thawahid Jaman (NTJ)”-მა აიღო. ადგილობრივი ტელეკომპანიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება ახალი ჩამოყალიბებულია, ამიტომ მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. მომხდარის გამო დაკავებულია 24 ადამიანი.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრ რანილო ვიკრემესინგჰესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყანას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“დილით შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მას და მის ქვეყანას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს,” – წერს ტრამპი.

პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენის განცხადებით, ტერორისტულ აქტთან საერთაშორისო კავშირების გამოსააშკარავებლად შრი-ლანკა საგარეო დახმარებას მიმართავს.

„დაზვერვის ინფორმაციით, ადგილობრივ თავდამსხმელებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. პრეზიდენტი უცხო ქვეყნების დახმარებას მოითხოვს,“ – ნათქვამია შრი-ლანკის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

P.S. „ქრისტიანული არხის” ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს შრი-ლანკაში მომხდარი ტრაგედიის გამო. დაე, უფალმა ანუგეშოს გარდაცვლილთა ოჯახები. გთხოვთ, ილოცოთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებისთვის.

ჩატვირთვა...