სირიაში III-IV საუკუნით დათარიღებული მიწისქვეშა ტაძარი აღმოაჩინეს

0 375

ქალაქი მანბიჯი, 10 მაისი. საიდუმლო მიწისქვეშა ქრისტიანული ტაძარი სირიაში, რომელიც მე-3-მე-4 საუკუნეებით თარიღდება, სასწაულებრივად გადაურჩა ისლამურ სახელმწიფოს: არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა სამსხვერპლოები, საიდუმლო გასასვლელები, სამლოცველო დარბაზები, სამარხები და ქვაზე ამოტვიფრული ბერძნული ხელნაწერები.

არქეოლოგებმა შეძლეს ადრეული საუკუნეების მიწისქვეშა ტაძრის აღმოჩენა მანბიჯში, სირიის ჩრდილოეთით მუჰაფაზის რეგიონში. ეს ტერიტორია ორი წლის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მიერ იყო ოკუპირებული. მიწისქვეშა გალერეის ეს უძველესი სისტემა გახლდათ საიდუმლო თავშესაფარი რომის იმპერიის მიერ დევნილი ქრისტიანებისთვის.

გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი კარიბჭე, რომელიც სამლოცველო დარბაზში გადის, მისი კედლები მორთულია ამოტვიფრული ჯვრებით და წარწერებით, ასევე აქ ნახავთ პრიმიტიულ სამსხვერპლოებს. შენობაში ასევე  გათვალისწინებული გახლავთ საიდულო გვირაბები, რომლებიც მრევლს საშუალებას აძლევდა, ტაძრის დარბევის შემთხვევაში გაქცეულიყვნენ და დამალულიყვნენ. ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბს მივყავართ მრგვალ გალერეაში, სადაც იპოვეს ქვის მოჩუქურთმებული სამარხები, რომლებზეც იმ დროის წმინდანები იყვნენ გამოსახულნი.

„ეს არის განსაკუთრებული ადგილი მთელ მიწისქვეშა შენობაში,“ – ამბობს აბდულვაჰაბ შეკო, სპეციალური სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. – სავარაუდოდ, ამ კარიბჭის შესასვლელს იცავდა დარაჯი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში ნიშანს აძლევდა ტაძარში მლოცველებს, რათა გაქცეულიყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებიდან.“

პირველი გათხრები 2014 წელს ჩატარდა აღნიშნულ კატაკომბებში, თუმცა პროცესი გასაიდუმლოებული იყო, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. ამ ტერიტორიის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ განახლდა არქეოლოგიური გათხრები.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...