BBC: სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალი, ასია ბიბი, უდანაშაულოდ ცნეს

0 633

ასია ბიბი – პაკისტანელი ქრისტიანი ქალი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის ბრალდებით სიკვდილმისჯილთა საკანში, სასამართლოში დავის განხილვას წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდა, დღეს უდანაშაულოდ ცნეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„მე უბრალოდ არ ვიცი, რა ვთქვა, ვერ ვიჯერებ, რომ თავისუფალი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ.” – ამბობს ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას.

ასია ბიბის − 54 წლის პაკისტანელ ქალს, 5 შვილის დედას, სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს გამოუტანეს წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელის შეურაცხყოფის ბრალდებით. 2009 წლის ივნისში ის კენკრას კრეფდა სხვა ქალებთან ერთად პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორში. მან იმავე თასიდან დალია წყალი, საიდანაც მუსლიმანი ქალები სვამდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მუსლიმანი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ ამ სიტყვების გამო, ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

„ჩემმა ცოლმა მრავალი წელი გაატარა ციხეში, ვიმედოვნებ, რომ მალე ერთად ვიქნებით უსაფრთხო ადგილზე.” – ამბობს ასია ბიბის მეუღლე.

„მსოფლიო უყურებდა მის ტანჯვას, მაგრამ დღეს, ღვთის მადლით, მისი სიხარულით მსოფლიო ხარობს. მის თავისუფლებას ძნელად ვუწოდებდით სამართლიანობას, რადგან არაფერი აანაზღაურებს დაკარგულ წლებს.” – განაცხადა უილსონ ჩოდრიმ, ორგანიზაცია British Pakistani Christian Association-ის პრეზიდენტმა.

ასია ბიბის მხარდასაჭერად და განაჩენის გასაუქმებლად 8 წლის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში ჩატარდა აქციები. მის გადასარჩენად პეტიციაც კი შექმნეს. მაშინდელმა პაპმა, ბენედიქტე XVI-მ ითხოვა ასია ბიბის შეწყალება, ხოლო 2012 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა ასია ბიბის და მის ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმანი რადიკალები  და ექსტრემისტული დაჯგუფებები გასულ კვირას იმუქრებოდნენ, რომ მისი გამართლების შემთხვევაში მას ცოცხალს არ დატოვებდნენ. ისინი ასევე იმუქრებოდნენ არეულობით ქვეყანაში და ამ გზით ცდილობდნენ ზეწოლას სასამართლოზე, მიუხედავად ამისა, ასია ბიბი უდანაშაულოდ ცნეს და 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ ის თავის ოჯახს დაუბრუნდება.

 

ჩატვირთვა...