სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

60 დაღუპული, 700-ზე მეტი კი დაკავებული. ეს არის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგი. ვითარება ამ დროისთვის ქვეყანაში კვლავ დაძაბულია, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს. გავრცელებული ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი. მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ახლა აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს. საქართველოში პირველი რეისი არეულობის შემდეგ დილის 5 საათსა და 30 წუთზე ჩამოფრინდა. ამჟამად კვლავ შეზღუდული რჩება გადაადგილება თურქეთის მიმართულებით.

ტელეკომპანია NTV-ის ეთერით თურქეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის, ნუჰ ილმაზის განცხადება გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. მისივე თქმით, დილამდე ყველა მოვლენა დასრულებული იქნება. ილმაზმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მძევლად არის აყვანილი.

“გადატრიალების არც ერთი მცდელობა არ იქნება წარმატებული,მწუხარებას გამოვთქვამ, რომ საფრთხე შეექმნა დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. ” – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ერდოღანის განცხადებით, ამბოხებულები და ის ადამიანები, ვინც ამბოხებულებთან კავშირში არიან, შესაბამისად დაისჯებიან.

ამ დრომდე უცნობია, ვინ დგას თურქეთში მომხდარი არეულობის უკან. ფეტულა გულენი, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაადანაშაულა, მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.შეგახსენებთ, რომ ერდოღანის ვარაუდით მომხდართან კავშირი გულენის ტერორისტულ დაჯგუფებას უნდა ჰქონოდა. ამ წუთებში თურქეთის დედაქალაქის ცენტრში 10 ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სამხედრო ამბოხს აპროტესტებენ.

წუხელვე საომარი მზადყოფნა გამოაცხადეს ირანმა და საბერძნეთმა, მსოფლიო ლიდერები მხარდაჭერას უცხადებდნენ თურქეთს. თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც დაუყოვნებლივ მოიწვია უშიშროების სხდომა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ არეულობა იყო ანკარასა და სტამბოლში. აჯანყებულებმა გადაკეტეს ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდი, დაიკავეს ათათურქის აეროპორტი და თურქეთის CNN–ის ოფისი. დაბომბეს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რეზიდენცია, ვეტმფრენიდან ესროდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, რათა წინ აღდგომოდნენ აჯანყებას. ქალაქში გადაადგილდებოდა ტანკები და ქვეითი ჯარი. ასევე მობილიზებული იყო საჰაერო გამანადგურებლები. ხოლო ანკარის თავზე F-16-ის გამანადგურებლები და სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავდენ. თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საათით შეიზღუდა Facebook-ით და Youtube-ით სარგებლობა. მას შემდეგ, რაც თურქეთის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გამოცხადდა მოსახლეობის ნაწილი პანიკამ მოიცვა, ხალხის გრძელი რიგები დადგა ბენზინგასამართ სადგურებთან და ბანკომატებთან. სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე თურქეთის ეროვნული ვალუტა – ლირა 3.5%-ით გაუფასურდა.

http://www.bbc.com/news/live/world-europe-36811357

http://edition.cnn.com/2016/07/15/world/live-blog-turkey/

ჩატვირთვა...