„რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლება − ჩვენი დროის განმსაზღვრელი საკითხი“

„შევიწროებული უფლება: რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლების დაცვა და ხელშეწყობა“ − ამ სათაურის მქონე სემინარი გაიმართა ბერლინში, სადაც ასზე მეტი პარლამენტარი შეიკრიბა მსოფლიოს სამოცი ქვეყნიდან.

მსგავსი მასშტაბის კონფერენცია გასული წელს გაიმართა ნიუ-იორკში, რომელიც ორგანიზებული გახლდათ რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლებისათვის მებრძოლ პარლამენტართა საერთაშორისო პანელის (IPPFoRB) მიერ, მასპინძელი გახლდათ კონრად ადენაუერის ფონდი (Konrad Adenauer Foundation).

IPPFoRB არის პარლამენტართა და კანონმდებელთა არაფორმალური ქსელი, რომლის მიზანია რელიგიური დევნის წინააღმდეგ ბრძოლა და სარწმუნოებრივი თავისუფლების მხარდაჭერა.

ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-18 მუხლში განმარტებულია: ,,ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა სწავლებით, წესებით, აღმსარებლობითა და რიტუალების აღსრულებით.“

კონფერენციის ბოლო დღეს (14 სექტემბერს) გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რაიხსტაგში გამართული საჯარო სიმპოზიუმი, დაახლოებით, სამას მონაწილესთან ერთად გახსნა. მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკლესიის და მედიის წარმომადგენლები. მრავალმა ადამიანმა გამოხატა მადლიერება ანგელა მერკელისადმი გერმანიის მიერ წარმოებული პოლიტიკისათვის, რომელიც დევნილ ქრისტიანთა შეფარებას გულისხმობს (მაგალითად, სირიიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან, ირანიდან და ა.შ.).

მერკელმა გამოთქვა სურვილი, რომ გერმანიის სკოლებში ფილოსოფიასა ეთიკის სწავლებასთან ერთად რელიგიის სწავლებაც სავალდებულო გახდეს, თუმცა დასძინა, რომ ამ იდეის განხორციელება მისი პრეროგატივა არ არის. „უკეთესი განათლება არის ურთიერთგაგებისკენ მიმავალი გზა და უზრუნველყოფს ნაყოფიერ დიალოგს კულტურებსა და რელიგიებს შორის“, განცახადა მან.

მერკელის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ვოლკერ კაუდერმა, ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ მებრძოლმა, შეაჯამა გლობალური ვითარება: „დევნა და ადამიანის უფლებათა დარღვევა არასოდეს ყოფილა ისე გამწვავებული, როგორც ახლა, თქვა მან“. გასულ წლებში დევნაზე პასუხისმგებელი მთავრობები იყვნენ, ახლა კი ამას არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ, მაგალითად როგორიცაა ისლამური სახელმწიფო, ბოკო ჰარამი და სხვები, ასევე ის ქვეყნები, რომელთა მთავრობანიც უფუნქციოა ან რომელთა მმართველებიც თვალს ხუჭავენ.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის იოჰანეს ზინგამერის თანახმად, ამჟამად ეგვიპტეში მცხოვრები კოპტი ქრისტიანებისათვის უკეთესი ვითარებაა რელიგიური თავისუფლების მხრივ. იგი შეძრწუნებულია იმით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ანადგურებს ქრისტიანული მემკვიდრეობის ათასწლოვან შენობებს. დევნილ ქრისტიანთა მხარდაჭერისთვის შექმნილი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების თანახმად კი დევნის პროცენტული მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით, გაიზარდა და კვლავაც განაგრძობს ზრდას.

ჩატვირთვა...