პირველად – ათასობით ებრაელს მიეცა ტაძრის მთაზე ლოცვის უფლება

იუნესკოს უკანასკნელ ორი რეზოლუციის საპასუხოდ, რომლებიც უარყოფს კავშირს ებრაელებსა და იერუსალიმს შორის, რეკორდულად დიდი რაოდენობის ებრაელი ავიდა სალოცავად ტაძრის მთაზე ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ეს პერიოდი სამ დღესასწაულს მოიცავს: როშ-ჰაშანას, იომ კიპურსა და სუქოთს.

მაშინ, როცა არამუსლიმან მნახველთა ასვლა ტაძრის მთაზე, ჩვეულებისამებ, შეზღუდულია, შედარებით მშვიდი სადღესასწაულო სეზონის წყალობით რეკორდულად დიდი რაოდენობის ებრაელი ავიდა მთაზე სალოცავად, რაც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. სამი ათასზე მეტი ებრაელი, რომელთაგან უმრავლესობა მართლმორწმუნე იუდეველია, დღესასწაულთა აღნიშვნის პერიოდში ეწვია ტაძრის მთას, რომელიც წმიდათა წმიდად მიიჩნევა იუდაიზმში.

ტაძრის მთა, რომელსაც იორდანიის ვაკფი (მაჰმადიანურ ქვეყნებში უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მაჰმადიან სასულიერო პირთა ხელში) აკონტროლებს, სადაო ტერიტორიაა და აქ ხშირად ხდება არეულობა და ძალადობა. ეს, ძირითადად, გამოწვეულია არამუსლიმანთა ყოფნით წმინდა მთაზე, რადგან არაბები კრძალავენ აქ ისლამის გარდა სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მიერ თაყვანისცემის მიზნით ასვლას. შედეგად, არამუსლიმთათვის ვიზიტის საათები შეზღუდულია. შეზღუდულია ვიზიტორთა რაოდენობაც ერთი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მათ პოლიციის საკონტროლო პუნქტი უნდა გაიარონ შესვლამდე.

ტაძრის მთაზე ასვლა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს სუქოთის დღესასწაულისას, რომელიც, ბიბლიური ტრადიციის მიხედვით, ერთ-ერთია იმ სამი დღესასწაულს შორის, როცა მომლოცველმა იუდეველებმა მსხვერპლი უნდა შესწირონ ღმერთს ტაძრის მთაზე. წლევანდელი სუქოთის, ანუ კარვობის დღესასწაულზე ზოგიერთ ებრაელს ნება მიეცა აეტანა ლულავი (ოთხი მცენარის ტოტებისგან შეკრული კონა. ეს მცენარეები თორაშია მოხსენიებული) და ყოველდღე რიტუალურად შეერხიათ იგი ერთკვირიანი დღესასწაულის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიერ აკრძალულია არამუსლიმანური საგნების შეტანა შიგნით.

ეს ცვლილება, სავარაუდოდ, დროებითი და არაოფიციალურია, მაგრამ მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იმ დროს ხდება, როცა მსოფლიო ეჭვქვეშ აყენებს ებრაელთა კავშირს ტაძრის მთასთან იუნესკოს უკანასკნელი ორი რეზოლუციის შუქზე, რომლებიც უგულებელყოფს ტაძრის მთის მჭიდრო და შინაგან კავშირს ებრაელებთან და მას არაბული სახელით იხსენიებს − „მუსლიმთა თაყვანისცემის წმინდა ადგილი“, ჰარამ ეშ-შარიფი.

წყარო: http://www.breakingisraelnews.com/

ჩატვირთვა...