პაკისტანის ხელისუფლება ისლამისტებს დაჰპირდა, რომ ასია ბიბის განაჩენს გადასინჯავენ

0 206

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ 31 ოქტომბერს გააუქმა ქრისტიანი ქალისთვის, ასია ბიბისთვის გამოტანილი განაჩენი. 3 ნოემბერს კი მთავრობა შეუთანხმდა ისლამისტების პარტია თეჰრიკ-ე-ლაბაიკს, რომ პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ, მთავრობა არ მისცემს ბიბის პაკისტანიდან გამგზავრების უფლებას, რათა უზენაესმა სასამართლომ „გადასინჯოს“ გადაწყვეტილება მისი გამართლების შესახებ.

მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატმა, საიფულ მულოკმა 5 ნოემბერს ჰააგაში გამოაცხადა, რომ ძალით ჩასვეს თვითმფრინავში მიუხედავად იმისა, რომ უარს ამბობდა პაკისტანიდან გამგზავრებაზე, რათა ეზრუნა ციხიდან თავისი კლიენტის გამოყვანაზე. ინფორმაციას www.radiotavisupleba.ge  ავრცელებს.

მისი თქმით, ის აიძულეს, პაკისტანი დაეტოვებინა და ჰოლანდიაში ჩასულიყო. მისი კლიენტი, ასია ბიბი, პაკისტანის სასამართლომ გაამართლა და მას მერე მისი ადგილსამყოფელი, მისივე უსაფრთხოების მიზნით, უცნობია.

ადვოკატ აიფულ მულუკის თანახმად, გაერომ და ევროკავშირმა უზრუნველყო მისი წასვლა პაკისტანიდან საკუთარი სურვილის საპირისპიროდ, სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო.

გაერო უარყოფს, რომ პაკისტანიდან გამგზავრება აიძულა ადვოკატს, რომელმაც წარმატებით დაიცვა მკრეხელობისათვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის, ასია ბიბის ინტერესები.

54 წლის ქრისტიანი ქალი ხუთი შვილის დედაა. მან რვა წელი დაჰყო ციხეში, სიკვდილით დასჯის მოლოდინში. სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს გამოუტანეს წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელის შეურაცხყოფის ბრალდებით. 2009 წლის ივნისში ის კენკრას კრეფდა სხვა ქალებთან ერთად პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორში. მან იმავე თასიდან დალია წყალი, საიდანაც მუსლიმანი ქალები სვამდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მუსლიმანი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ ამ სიტყვების გამო ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

p.s. გთხოვთ ილოცოთ ასია ბიბისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, ქრისტიანებისთვის პაკისტანში და მშვიდობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო

ჩატვირთვა...