პაკისტანელი ქრისტიანი დედის ასია ბიბის გასათავისუფლებლად 540 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა

პაკისტანელი ქრისტიანი ქალის, ასია ბიბის გასათავისუფლებლად 540 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

კანონისა და სამართლის ამერიკული ცენტრის თანახმად, ქრისტიანი ქალის, ხუთი შვილის დედის, ასია ბიბის მხარდამჭერი გლობალური პეტიცია 540 000 ხელმომწერს ითვლის. ჯგუფი მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ განაგრძონ პაკისტანელი ქალბატონის მხარდაჭერა, რომლის ერთადერთი დანაშაული იესო ქრისტეს რწმენა იყო.

შეგახსენებთ, რომ საქმის განხილვის მოლოდინში, ასია ბიბი უკვე შვიდი წელია ციხეში იმყოფება. ხუთი შვილის დედა სიკვდილმისჯილთათვის განკუთვნილ საკანში 2010 წელს მოათავსეს, მას შემდეგ, რაც საკუთარმა თანამშრომლებმა დაადანაშაულეს იგი წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში. ბიბი უარყოფს ბრალდებას.

საბოლოო მოსმენა, ოქტომბერში, პაკისტანის უზენაეს სასამართლოში უნდა გამართულიყო, რომელზეც საბოლოო განაჩენს გამოუტანდნენ მსჯავრდებულს, თუმცა მოსამართლე, რომელსაც მოსმენის პროცესი უნდა წარემართა, მოულოდნელად გადადგა და საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კონსერვატიულმა სამართლებრივმა ჯგუფმა შეტყობინებები გაუგზავნა პაკისტანელ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში. წერილებში ჯგუფი გამოხატავს შეშფოთებას ასია ბიბის მიმართ სამართლიანობის აღუსრულებლობის გამო.

ბრიტანულ-პაკისტანური ქრისტიანული ასოციაციის თავმჯდომარემ და ადვოკატმა უილსონ ჩოუდრიმ ასევე დიდი შეშფოთება გამოხატა ბიბის საქმესთან დაკავშირებით: „ყოველ ჩავლილ დღესთან ერთად უფრო მეშინია, რომ მას ან საკანში მოკლავენ და ეს ბუნებრივი სიკვდილით შეინიღბება, ან წააგებს საქმეს უზენაეს სასამართლოში, რაც სიძულვილით აღსავსე ქვეყნისათვის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება გახდება.“

უზენაეს სასამართლოს ბიბის მოსმენა ჯერ არ დაუგეგმავს და ქრისტიანი ქალის ბედი კვლავ გაურკვეველია.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...