„პავლე, ქრისტეს მოციქული“ − ახალი ქრისტიანული ფილმი

კინოკომპანიამ AFFIRM Films გამოუშვა ექსკლუზიური ტრეილერი ეპიკური ბიბლიური ფილმისა „პავლე, ქრისტეს მოციქული“.

ფილმში გაცოცხლებული იქნება ტარსუსელი სავლეს ამაღელვებელი ისტორია, კაცისა, რომელიც ერთ დროს ქრისტიანებს სდევნიდა და რომელიც შემდეგ ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ფიგურად იქცა.

ფილმში „პავლე, ქრისტეს მოციქული“ ლუკას როლს თამაშობს მსახიობი ჯეიმს კევიზელი, ხოლო პავლეს როლს − ჯეიმს ფოლკნერი („სამეფო კარის თამაშები“). ფილმში ასევე მონაწილეობენ ოლივიერ მარტინეზი და ჯონ ლინჩი. ჯეიმს კევიზელს მსოფლიო აღიარება მოუტანა 2004 წელს იესოს ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმში − „ქრისტეს ვნებანი“ − ქრისტეს როლის შესრულებამ.

„პავლეს ცხოვრების თითოეული ასპექტი დაფუძნებულია იმაზე, რაც ბიბლიიდან ვიცით მის შესახებ და ჩვენ მოგითხრობთ ნამდვილ ამბავს, რომელიც ხდებოდა ხიფათით აღსავსე რომში ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში. ესაა ემოციური, შთამბეჭდავი დრამა, რომელიც ბიბლიას აცოცხლებს ეკრანებზე“, განუცხადა ფილმის რეჟისორმა და სცენარის ავტორმა ენდრიუ ჰაიატმა გამოცემას The Christian Post.

ფილმი მოგვითხრობს რომის საპატიმროში მყოფი ტანჯული პავლეს შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯას ელოდება იმპერატორ ნერონის მმართველობისას. მაურიტიუსი, ციხის ამბიციური პრეფექტი, კარგად ვერ ხვდება, რა სახიფათო შეიძლება იყოს ეს გატეხილი, ციხეში მყოფი ეს კაცი. ერთ დროს ის იყო ტარსუსელი სავლე, მაღალ თანამდებობაზე მყოფი და ქრისტიანთა მკვლელი, ახლა კი მისი ქრისტიანული რწმენა აზანზარებს რომს. დიდი რისკის ფასად, ექიმი ლუკა მოინახულებს პავლეს საპყრობილეში, რათა ნუგეში სცეს მას და ასევე ჩაიწეროს მისი წერილები მორწმუნეთა მზარდი თემისათვის გადასაცემად.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა მალტაში. პრემიერა შედგება აშშ-ს თეატრებში აღდგომას, 2018 წლის 28 მარტს.

წყარო

ჩატვირთვა...