აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, რაც ქალაქ დუნკანის ერთ-ერთ სკოლაში, მესამე კლასის მასწავლებელმა თავის მოწაფეებს ბიბლიები აჩუქა, სატანისტურმა სექტამ „არიმანას ეკლესიამ“ (Church of Ahriman) მოითხოვა უფლება საკუთარი ლიტერატურის დარიგებისათვის ვუდრო უილსონის სახელობის დაწყებით სკოლაში.
სექტის ლიდერმა ადამ დენიელსმა თქვა, რომ სურს მოწაფეებს აჩუქოს „არიმანის განმანათლებლობა“ (“Ahrimani Enlightenment”), სახელძღვანელო და სამუშაო რვეული, რომლებსაც, ჩვეულებისამებრ, სექტის წევრებს აძლევენ.
ქალაქ დუნკანის სკოლის ოლქის ადმინისტრაციისადმი, რომელიც ოკლაჰომა-სიტის სამხრეთით, დაახლოებით, 80 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, გაგზავნილ წერილში დენიელსმა განაცხადა, რომ თანასწორუფლებიანობის კანონი ნიშნავს იმას, რომ მის სექტას ისევე, როგორც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, აქვს უფლება სკოლებში საკუთარი ლიტერატურის გავრცელებისა.
ამავდროულად, ამერიკული ჰუმანისტური ასოციაცია (Appignani Humanist Legal Center) დუნკანის სკოლის ოლქს სასამართლოში სარჩელის შეტანით დაემუქრა მას შემდეგ, რაც მასწავლებელ ერიკა მაკიმ (Erica Mackey) თავის მოსწავლეებს ბიბლიები აჩუქა. „აპიგნანის ლეგალური ჰუმანისტური ცენტრის“ დირექტორმა (“Centro Legal Humanista Appignani”) დევიდ ნაიოსმა (David Niose) განაცხადა, რომ კანონი თანაბარი მისაწვდომობის შესახებ ნებისმიერი რელიგიური ლიტერატურის გავრცელების ნებას იძლევა შესაბამის გარემოებებში, მაგრამ სკოლის ოლქმა დაარღვია კონსტიტუცია, რადგან მასწავლებლებს არ აქვთ უფლება დაკავდნენ პროზელიტიზმით.
„სკოლა არ უნდა უჭერდეს მხარს რომელიმე კონკრეტულ რელიგიას. მასწავლებლებს არ აქვთ უფლება მეცადინეობათა მიმდინარეობისას რელიგიური ლიტერატურის დარიგებისა“, − განაცხადა ნაიოსმა.
http://www.religionnews.com/