მკვლევრები აღთქმის კიდობანს ეძებენ

0 263

აღთქმის კიდობნის ძიებაში მკვლევრები კვალმა ეთიოპიის ეკლესიამდე მიიყვანა. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ბიბლიური არტეფაქტი ეთიოპიის ეკლესიაშია დაცული, თუმცა ისტორიკოსები მკაცრად უარყოფენ ამ ფაქტის ავთენტურობას.

არქეოლოგები საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ კიდობნის ადგილმდებარეობის შესახებ მიმთითებელ მინიშნებებს, რომელშიც უნდა ყოფილიყო უფლის მიერ მოსესთვის ბოძებული ქვის ფილები ზედ ამოტვიფრული 10 მცნებით.

სპეციალურმა ინსტიტუტმა ეთიოპიაში, ეგვიპტეში, ისრაელსა და რომში გაგზავნა მკვლევართა ჯგუფი. მათ სჯერათ, რომ მტკიცებულებანი ეთიოპიაზე მიუთითებს, თუმცა კიდობანი ჯერ არ არის ნაპოვნი.

„უცნაურად ჟღერს, მაგრამ სპეციალურმა ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ კიდობანი მოძრაობდა მდინარე ნილოსის ზედაპირზე და მიემართებოდა უძველეს ქუშში, რომელიც თანამედროვე ეთიოპიის ტერიტორიაა.” – ამბობენ მკვლევრები.

ზოგი ამტკიცებს, რომ არტეფაქტი უშუალოდ მარიამ სიონელის ეკლესიაშია, ქალაქ აქსუმში, თუმცა იქაური ბერები არ აძლევენ უფლებას არქეოლოგებს, რომ ტერიტორია გამოიკვლიონ. ეკლესია დაკეტილია გარეშე პირთათვის. 

ეს ვერსია დასაბამს იღებს ჩანაწერიდან, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ მეცნიერ-ისტორიკოსს ედუარდ ალენდორფს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კიდობანი მარიამ სიონელის ეკლესიაში ნახა, თუმცა ეს ჩანაწერი სპეკულაციადაა მიჩნეული.

Live Science-ში გასულ კვირას ითქვა, რომ ტიუდორ პარფიტმა, რომელიც გახლავთ რელიგიის პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განმარტა, რომ ალენდორფის ბრიტანულ ჯარში მსახურების დროს, 1941 წელს, მის მიერ ნანახი კიდობანი არ იყო ორიგინალი, არამედ – მისი ასლი. და მეტიც, მან დაამატა, რომ ალენდორფს თავადაც არასდროს სჯეროდა, რომ ეს ნამდვილი კიდობანი იყო.

„ის წავიდა სიონის ეკლესიაში რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად.“ – თქვა პარფიტმა, –  „მაგრამ ალენდორფს დაცვამ აუკრძალა შესვლა, მათ განუცხადეს, რომ ეკლესია წმინდა იყო. ალენდორფმა მაინც მოახერხა თავის ჯარისკაცებთან ერთად ეკლესიაში შესვლა და მისი შეჩერება ვერ შეძლეს. ის, რაც მან ნახა, დღეს ეთიოპიის ყველა ტაძარში შეიძლება ვნახოთ. ალენდორფმა  იხილა აღთქმის კიდობნის ასლი, მოდელი.“ – აღნიშნა პროფესორმა.

ალენდორფმა მოგვიანებით, 1992 წელს თვითონვე განაცხადა, რომ მის მიერ ნანახი არტეფაქტი არაფრით განსხვავდებოდა სხვა კიდობნის ასლებისგან, რომლებიც აქამდე ჰქონდა ნანახი ეთიოპიაში და რომ მის მიერ ნანახი არ წარმოადგენდა ბიბლიურ კიდობანს.

არსებობს აზრი, რომ რადგანაც ალენდორფმა ეთიოპიაში მუშაობა ომის შემდეგაც განაგრძო და ეთიოპიის იმპერატორთან, ჰაილე სელასიესთან, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, მას არ სურდა მისი და ხალხის გრძნობებზე უარყოფითად ემოქმედა და ამიტომ განაცხადა, რომ კიდობანი, რომელიც მარიამ სიონელის ეკლესიაშია, ნამდვილი იყო.

მკვლევართა ჯგუფი მუშაობს ასევე ისრაელში, კერძოდ შილოში, დასავლეთ სანაპიროსთან (west bank), სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად იპოვეს პირველი ტაძრის თიხის 10 თასი, რომლებიც, მათი თქმით, უნდა მიუთითებდნენ აღთქმის კიდობნის მდებარეობაზე.

როგორც ბიბლია აღწერს დავითის ფსალმუნებსა და იერემია წინასწარმეტყველის წიგნში, შილო განადგურდა, როდესაც ისრაელი ფილისტიმელებმა დაამარცხეს და მათვე მოიტაცეს აღთქმის კიდობანი.

წყარო

თარგმანი: თიკა სხირტლაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...