მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებას გადაიღებს

ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი მელ გიბსონი სცენარისტ რანდალ უოლასთან და პროდიუსერ დევიდ ვუდთან ერთად 2004 წლის გახმაურებული ბიბლიური დრამის, „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელება-ფილმის გადაღებას აპირებს.

„ყოველთვის მინდოდა აღდგომის კინოისტორიის მოყოლა. „ქრისტეს ვნებანი“ დასაწყისი იყო და მასში ყველაფერი არ იყო ნაჩვენები . ევანგელისტური საზოგადოება „ქრისტეს ვნებანს“ ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად თვლის და როგორც გვითხრეს, გაგრძელება კიდევ უფრო დიდებული უნდა იყოს.“ – ამბობს რანდალ უოლასი, რომლის პირველი თანამშრომლობა მელ გიბსონთან „მამაც გულში“ შედგა.

პროდიუსერ დევიდ ვუდის განცხადებით, ფილმი, სახელწოდებით “აღდგომა” ბიბლიაში აღწერილი ქრისტეს აღდგომისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

“ქრისტიანობის ნამდვილი ძალა – ეს აღმდგარი ქრისტეა, ვინაიდან სწორედ მისი აღდგომის რეალური ძალა გვაქცევს ჩვენ ქრისტიანებად, მელ გიბსონმა კარგად იმუშავა, როდესაც თავისი ფილმით ეკლესიები გააერთიანა. ეს ეკლესიაზე გლობალური ზემოქმედების კიდევ ერთი ხერხია. დღეს ეკლესია მძინარე გოლიათს ჰგავს, რომელსაც გამოღვიძება სჭირდება”, – განაცხადა პროდუსერმა.

ვუდის შეფასებით, ფილმის წარმოების ხარჯები 40 მლნ დოლარს შეადგენს. ვუდი იმედოვნებს, რომ გადაღებებს ქრისტიანული საზოგადოება დააფინანსებს, ან ჰოლივუდის სტანდარტული სქემით ინვესტორებს მოიძიებს.
მას ასევე იმედი აქვს, რომ ბევრი ქრისტიანი მოინდომებს ფილმის “სულიერი პროდუსერი” გახდეს. ამისთვის მათ სულ მცირე 25 დოლარი უნდა გაიღონ, პროექტის წარმატებისთვის ილოცონ და სოციალური ქსელების მეშვეობით რეკლამა გაუწიონ.

“სულიერ პროდუსერებს” შესაძლებლობა ექნებათ ფილმის შექმნის პროცესში ჩაერთონ და მის შემქმნელებს სცენარის იდეები მიაწოდონ. ვუდის თქმით, ფილმის გაქირავებაც ორიგინალური იქნება: პრემიერის კვირაში მას არა მხოლოდ კინოთეატრებში, არამედ ეკლესიებსა და სკოლებში აჩვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე გახმაურებული ბიბლიური კინომოვლენის, „ქრისტეს ვნებანის“ მსოფლიო პრემიერა 2004 წლის თებერვალში გაიმართა. მის გამოსვლას უამრავ ქვეყანაში, კინო თუ საზოგადო წრეებში უამრავი დისკუსია, დებატი და კრიტიკა მოჰყვა. 30 მილიონიანი ბიუჯეტით მსოფლიო კინოგაქირავებაში მან 600 მილიონი გამოიმუშავა, რითაც ყველაზე შემოსავლიანი დამოუკიდებელი ფილმი გახდა, ოსკარის დაჯილდოვებაზე კი სამი ნომინაცია მოიპოვა – მუსიკის, საოპერატორო ნამუშევრისა და გრიმის კატეგორიაში.

ჩატვირთვა...