კუნძულ სენტინელზე აბორიგენებმა ამერიკელი მისიონერი მოკლეს

0 267

ინდოეთის ოკეანეში კუნძულ სენტინელის აბორიგენებმა 26 წლის ამერიკელი ჯონ ჩაუ მოკლეს, რომელიც კუნძულზე ქრისტიანობის საქადაგებლად ჩავიდა. ჩაუს სიკვდილის შესახებ 21 ნოემბერს განაცხადეს.

კუნძულზე მცხოვრები სენტინელები წარმოადგენენ პატარა, იზოლირებულ ტომს, რომელთა ცხოვრების წესი ქვის ხანას შეესაბამება. 2006 წელს კუნძულზე ორი მეთევზე მოკლეს, რომელთა ნავი შემთხვევით მიუახლოვდა კუნძულის ნაპირს. ცხედრების წამოსაღებად მისულ ვერტმფრენს აბორიგენებმა ისრები დაუშინეს.

პოლიციის ცნობით, ჯონ ჩაუ ანდამანის კუნძულებზე ოქტომბერში ჩავიდა. 14 ნოემბერს ადგილობრივების დახმარებით, რომელსაც 25 ათასი რუპი გადაუხადა, ის სენტინელის კუნძულზე ჩავიდა. ნაპოვნია ჩაუს დღიური, რომლის ჩანაწერების მიხედვით, პირველი კონტაქტის დროს მას ზოგიერთი აბორიგენი მეგობრულად შეხვდა, თუმცა იყვნენ აგრესიულად განწყობილებიც. ჩაუ წერდა, რომ მას ისარი ესროლეს, რომელიც ბიბლიას მოხვდა.

16 ნოემბერს ჯონ ჩაუ კუნძულზე კვლავ დაბრუნდა და რამდენიმე საათში მეთევზეებმა, რომლებიც მას გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, დაინახეს, რომ აბორიგენები ცხედარს მიათრევდნენ, რომელიც ამერიკელს ჰგავდა. სავარაუდოდ, ჯონ ჩაუ ისრებით მოკლეს, თუმცა მისი ცხედრის პოვნა პოლიციამ ვერ მოახერხა და ამ ეტაპზე მისი გარდაცვალების ფაქტი ვერ დასტურდება.

ინდოეთის ხელისუფლებამ ამერიკელი მისიონერის ცხედრის საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მათი თქმით, ისინი აღარ შეაწუხებენ კუნძულ სენტინელზე მცხოვრებ აბორიგენებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ინდოეთის პოლიციამ დააკავა 7 კაცი, რომლებმაც ჯონ ჩაუ კუნძულზე ჩაიყვანეს, თუმცა იცოდნენ, რომ ეს აკრძალული იყო.

ჯონ ჩაუს ახლობლებმა მისი დაღუპვის შესახებ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნეს და ინდოეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლება სთხოვეს. „მას ღმერთი უყვარდა, უყვარდა ცხოვრება და ეხმარებოდა გაჭირვებულს. ის არ განიცდიდა სენტინელების მიმართ არაფერს, გარდა სიყვარულისა. ჩვენ ვპატიობთ იმათ, ვისაც საზოგადოება დამნაშავედ მიიჩნევს.“ – წერია დაღუპულის ოჯახის პოსტში.

წყარო

ჩატვირთვა...