კოპტურმა ეკლესიამ შექმნა დახმარების ცენტრი ეგვიპტელი რეპატრიანტებისათვის

kopturi eklesiaკოპტური ეკლესიის სინოდის კურთხევით შეიქმნა დახმარების კრიზისული ცენტრი ეგვიპტელი რეპატრიანტებისათვის. ცენტრის ამოცანაა იმ ეგვიპტელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც ტერორით მოცულ მეზობელ ქვეყანაში, ლიბიაში, იმყოფებიან.

ამგვარად, ამ ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ დააჩქარებენ ეგვიპტელ მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებას და იხსნიან მათ ISIS-ის ხელში მოხვედრისგან.

ცენტრს სათავეში ჩაუდგა კოპტური ეკლესიის სინოდის მდივანი ანბა რაფაელი. უპირველეს ყოვლისა, ახალი საეკლესიო ორგანოს თანამშრომლები აგროვებენ ინფორმაციას ლიბიაში სამუშაოდ წასულ ერთმორწმუნეთა შესახებ. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ეგვიპტელ სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელ პირებთან.

ცენტრმა თხოვნით მიმართა ლიბიაში მყოფ შრომით მიგრანტთა ნათესავებს, 28 თებერვლამდე მიეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია ამგვარ პიროვნებათა შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, იგეგმება იმ ეგვიპტელთა რეპატრიაცია, რომლებიც აღმოჩნდნენ ლიბიის ისეთ რეგიონებში, სადაც ტერორი მძვინვარებს ან, სადაც საომარი მოქმედებანი მიმდინარეობს.

ჩატვირთვა...