კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოკლულია კათოლიკე მღვდელი

კინშასა, 18 მარტი. დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს ქალაქ გომის ეპარქიის ეპისკოპოსმა თეოფილე კაბოი რუბონეკამ დიდი აღშფოთება გამოხატა კათოლიკე მღვდლის მკვლელობის გამო და ეს საზარელი აქტი შეაფასა, როგორც „ამაზრზენი, შემაძრწუნებელი და ჯოჯოხეთური ქმედება“, იტყობინება sedmitza.ru CWN-ზე (კათოლიკური მსოფლიო ახალი ამბები) დაყრდნობით.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამოციქულო ნუნციისადმი მიწერილ წერილში ეპისკოპოსმა რუბონეკამ მკაცრად გააკრიტიკა ცოტა ხნის ხნის წინ მღვდელ ჟან-პოლ კაკულეს მკვლელობა და ამ აქტს აფრიკის ამ ქვეყანაში ეკლესიისადმი გამოხატული ძალადობის მაგალითი უწოდა.

1992 წლიდან მოყოლებული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ათი მღვდელი მოკლეს, ხოლო ხუთი მონაზონი ქალი კი გაქრა 1996 წელს ისე, რომ მათ კვალს შემდეგშიც ვერ მიაკვლიეს.

გამოძიებამ ვერ დაადგინა ჟან-პოლ კაკულეს მკვლელობა რელიგიური სიძულვილით იყო მოტივირებული თუ სისხლისსამართლებრივი განზრახვის შედეგი გახლდათ.

ეპისკოპოსმა რუბონეკამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ძალადობა რიგით მოქალაქეებს აიძულებს, რომ თავი დაუცველად იგრძნონ. „დანაშაულებრივი დაჯგუფებანი შეიძლება დაუბრკოლებლად ახორციელებდნენ საკუთარ „ბოროტ“ ბიზნესს, რადგან პოლიცია საერთოდ არ ერევა მათ საქმეში“, – ეწერა პაპის ნუნციისადმი პრელატის მიერ გაგზავნილ წერილში.

ჩატვირთვა...