კენიაში ისლამისტები თავს დაესხნენ უნივერსიტეტს. მოკლულია 147 ადამიანი

dda0abd5bcსომალელმა ტერორისტებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს ქალაქ გარისას უნივერსიტეტში. სომალელ ბოევიკთა თავდასხმის შედეგად კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გარისას საუნივერსიტეტო კამპუსში დაიღუპა 147 ადამიანი, იტყობინება „ინტერფაქსი“ The New York Times-ზე დაყრდნობით. 60-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა. უნივერსიტეტში სპეცოპერაცია დასრულებულია, ოთხივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. შენობიდან მოახდინეს 587 ადამიანის ევაკუაცია, წერს «Лента.Ру».

თავდასხმა მოხდა ხუთშაბათს, 2 აპრილს. „აშ-შაბაბის“ დაჯგუფების ისლამისტები შეიჭრნენ ქალაქ გარისაში არსებულ Garissa University College-ის საერთო საცხოვრებელში, რომელიც სომალის საზღვრიდან 150 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. შენობაში იმყოფებოდა, არანაკლებ, 400 სტუდენტი, 70-ზე მეტმა შეძლო თავის დაღწევა. როგორც ცნობილია, ისლამისტებმა მუსულმანები და არამუსულმანები ერთმანეთისგან გააცალკევეს. გადარჩენილთა სიტყვებით, ტერორისტები მძევლებისგან მოითხოვდნენ ყურანიდან ციტატების ზეპირად წარმოთქმას, მათ, ვისაც არ შეეძლო ამის გაკეთება, ხვრეტდნენ. ასევე სტუდენტთაგან გახდა ცნობილი, რომ წინა დღეს მათ აფრთხილებდნენ შესაძლო თავდასხმის შესახებ, მაგრამ ბევრმა ეს სერიოზულად არ აღიქვა.

ზოგიერთ მონაცემთა მიხედვით, ტერაქტი ორგანიზებულია კენიის მოქალაქის, ადგილობრივი სკოლის ყოფილი მასწავლებლისა და დირექტორის მუჰამედ კუნოს მიერ. კუნო ასევე ცნობილია ზედმეტი სახელებით: შეიხ მაჰამადი, დულიადინი და გამადერე. მისი დაკავებისთვის დაწესებულია ჯილდო 55 ათასი დოლარის ოდენობით.

დეკემბრიდან კუნო ემალება სამართალდამცავ ორგანოებს. ფიქრობენ, რომ „აშ-შაბაბში“ კუნო ხელმძღვანელობს კენიის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს, ასევე, იყენებს თავის ნათესავებს ქვეყნის ჩრდილოეთში ტერაქტების მომზადებისათვის.
„აშ-შაბაბს“ უწოდებენ „ისლამის სასამართლოთა კავშირის“ მემკვიდრეს, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს შარიათის კანონების მიხედვით მცხოვრები საზოგადოების შექმნას და ამ მიზნის მიღწევას ჯიჰადის გზით გეგმავს.

ჩატვირთვა...