ისრაელის „ყველაზე პატივდებული პოლიტიკური მოღვაწე“ შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისრაელმა დაკარგა ყველაზე პატივდებული სახელმწიფო მოღვაწე. შიმონ პერესი, ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ნობელის პრემიის მფლობელი, 28 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ინსულტი გადაიტანა.

მსოფლიო ლიდერები გეგმავენ პერესის დაკრძალვაზე დასწრებას, რომელიც იერუსალიმის მთა ჰერცელზე შედგება ხვალ, 30 სექტემბერს. მათ შორის იქნებიან ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

პრეზიდენტი ობამას შეფასებით პერესი იყო ერთ-ერთი ადამიანი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, რომლებმაც შეცვალეს „კაცობრიობის ისტორიის კურსი და ეს მოახერხეს არა მხოლოდ მსოფლიო მოვლენებში შეტანილი საკუთარი წვლილით, არამედ იმითაც, რომ მათ გააფართოვეს ჩვენი მორალური წარმოდგენა და გვიბიძგეს იმისკენ, რომ საკუთარი თავისაგან მეტს მოველოდეთ“.

განვლილი გზა

ისრაელის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, პერესის ცხოვრებამ, თანამედროვე ისრაელის ისტორიის მანძილზე განვლო. ის 1923 წელს დაიბადა პოლონეთში და ისრაელში საცხოვრებლად 11 წლის ასაკში გაემგზავრა. შიმონ პერესის უშუალო მონაწილეობით მოხდა 1948 წელს ისრაელის აღორძინება.

„აბსოლუტურად ყველა აღიარებს, რომ შემდგომი სამოცდაათი წლის განმავლობაში მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქვეყნის ხელმძღვანელობაში“, – განაცხადა CBN-თან საუბრისას ისრაელის ისტორიის მცოდნემ და მწერალმა მაიკლ ვიდლანსკიმ (Michael Widlanski).

შიმონ პერესის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია მთელი ისრაელის ისტორიაში. პოლიტიკაში მან სამოცდაათი წელიწადი გაატარა. მისი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მოსეს მიერ გატარებული ორმოცი წელი უდაბნოში“, – განაცხადა ვიდლანსკიმ.

ოსლოს შეთანხმება

პერესი ცნობილია როგორც ოსლოს შეთანხმების საიდუმლო შემოქმედი ადრეულ 1990-იან წლებში, რამაც უზრუნველყო „მშვიდობის პროცესი“ ისრაელსა და პალესტინას შორის. ნობელის პრემია მან იასირ არაფატთან ერთად მიიღო.

შიმონ პერესი გახლდათ სოციალისტი, მემარცხენე ლეიბორისტული პარტიის წევრი, რომელიც ისრაელს ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა.
წლების განმავლობაში პერესი გახლდათ თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სამჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ბოლოს, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის პოსტიც დაიკავა.

ვიდლანსკის თქმით, პერესის ყველაზე დიდი წარუმატებლობა ოსლოს შეთანხმებაში პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციასთან კავშირის დამყარება იყო (PLO), რადგან პერესს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ეს ისრაელს მშვიდობას მოუტანდა, თუმცა, ნაცვლად ამისა, ქვეყანამ მანამდე არნახული ზიანი და ტერორი გამოსცადა საკუთარ თავზე.

ასეა თუ ისე, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პერესის გარდაცვალებით ეპოქა დასრულდა ისრაელის ისტორიაში.

წყარო: http://www.breakingchristiannews.com/

ჩატვირთვა...