ისრაელის მთავრობა ცეცხლის გაჩენაში პალესტინას ადანაშაულებს − დაკავებულია ათამდე ეჭვმიტანილი

25 ნოემბერს გაჩენილი ცეცხლის გამო ისრაელის, ქალაქი ჰაიფა 80 ათასმა მცხოვრებმა დატოვა. ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. შეგახსენებთ, რომ ჰაიფა ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქია. ცეცხლის გავრცელებას გვალვა და ქარიც უწყობს ხელს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ცეცხლმოკიდებული სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. „ქალაქში სუნთქვა გართულებულია, ქარი კი ფერფლს ქუჩაში ფანტავს“, – ასე აღწერს ჰაიფაში არსებულ სიტუაციას ადგილობრივი სააგენტოს ჟურნალისტი.

არ არის გამორიცხული, რომ ხანძარმა იერუსალიმსაც შეუქმნას პრობლემა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ხანძრის ზოგიერთი კერა ხელოვნურად გამოეწვიათ. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხანძრის ხელოვნურად გაჩენა „ტერორიზმის ტოლფასია“.

BBC-ის ცნობით, არაერთმა ებრაელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ცეცხლი არაბული სახელმწიფოს, კერძოდ, პალესტინის მიერ მიზანმიმართულად იყოს გაჩენილი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის თქმით, ათამდე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც. 130 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით, ძირითადად კვამლით ინტოქსიკაციის გამო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, უკრაინამ, საბერძნეთმა და კვიპროსმა ისრაელში სპეციალური სახანძრო ავიაცია გაგზავნა ხანძრის ჩასაქრობად. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისრაელს დახმარება აღმოუჩინეს ასევე ხორვატიამ, იტალიამ და თურქეთმა.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...